დილა-ტორპედო - მეორე სართულიდან ჩაუკირკიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის ქომაგი დაჟინებული ამბობდა, რომ მის გუნდს არ უნდა წაეგო, რადგან ამ მატჩში მოპოვებული ქულები მათთვის უაღრესად საჭირო იყო. ამ თამაშის მოგება "ტორპედოს" საჩემპიონო ამბიციას შეუნარჩუნებდა, "დილას" კი - ლიგაში პლეი-ოფის გარეშე დარჩენის იმედს.

ქუთაისელთა განწყობაზე მათი 6-მატჩიანი წაუგებელი სერიაც მოქმედებდა და შეხვედრის დებიუტში მოპოვებული სათამაშო უპირატესობის გათვალისწინებითაც, კახა ჩხეტიანის დამოძღვრილები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ წაგებულები დატოვებდნენ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენას...

"ტორპედოს" ორივე ფლანგი აქტიური იყო
და ამ ფლანგებზე გამორჩევით გრიგოლ დოლიძე (მარჯვნიდან) და გიორგი ქიმაძე (მარცხნიდან) აწუხებდნენ მასპინძლებს პირველივე წუთებიდან. ნათლად ჩანდა, რომ გორული გუნდის დაცვის ხაზს მეტადრე ამ მიმართულებებიდან უჭირდა მოწინააღმდეგის შეკავება. რომ არა "დილას" მცველთა მიერ ამ მონაკვეთში დაშვებული შეცდომების თანდათან შემცირება, "ტორპედო" უგოლოდ მოედანს ნამდვილად არ დატოვებდა.

ოციოდე წუთის მერე მასპინძლებმა კონტრიერიშებზე მოქმედებისას ფხა გამოაჩინეს. გიორგი დარასელიას შეტევაში გიორგი ფანცულაია ჰყავდა გამწესებული, თუმცა ის სტუმარი მცველების მხრიდან მაქსიმალური ყურადღების ქვეშ იყო. მართალია, ერთხელ, ისიც მეორე ტაიმის მიწურულს, ფანცულაიას რეალური საგოლე მომენტი შეექმნა, როცა მეტოქე მცველის უხეში შეცდომით შეეძლო ესარგებლა, მაგრამ იქ უკვე როინ კვასხვაძემ არ მისცა გატანის უფლება.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ გუნდები უკვე ნაკლებად აწუხებდნენ მეკარეებს და საჯარიმოს მისადგომებსაც, გარკვეულწილად, უილაჯოდ აწყდებოდნენ, თუ არ ჩავთვლით 44-ე წუთზე ქუთაისელი ვაჟა ტაბატაძის მწვავე სოლო-რეიდს. ამ მომენტშიც და, საერთოდაც, გორელთა მთავარი გოლკიპერის, მიხეილ მუჯრიშვილის არყოფნაში, გიორგი ბეგაშვილი საიმედოდ მოქმედებდა.

ჩვეულად შემართული და დაუღალავი იყო დავით კირკიტაძე, რომელმაც იმდენი "უკირკიტა" თავისი ყოფილი გუნდის კარს, სანამ არ გაუტანა. ამ მატჩისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ტანმორჩილი ფეხბურთელი "მეორე სართულზეც" სახიფათოა.

განვლილ საშინაო დაპირისპირებაში "დინამოსთან" მარცხი ქომაგმა გატანილი გოლის მერე დაცვაზე გადამეტებულ ყურადღებას დააბრალა. ამჯერად, დარასელიას იმავე ტაქტიკისთვის აღარ მიუმართავს, პირიქით, მისი გუნდი ცდილობდა, "ზემოთ აწეულიყო" და ანგარიშით ძალიან უკმაყოფილო სტუმრების დაწოლა მოედნის ცენტრის გადმოლახვისთანავე შეეჩერებინა. "ტორპედომ" კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეუტია და უკანა ხაზში სივრცეებიც გამოუჩნდა, მაგრამ "დილამ" ამით ვეღარ ისარგებლა.

ბოლოსკენ, შემტევი პედრინიოს მცველით (გიორგი ფოფხაძე) ჩანაცვლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, "დილამ" აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანა. უკანასკნელ 10 წუთში ქუთაისელებს შანსები მოემატათ და შეხვედრის დასასრულ ერთგვარი შტურმიც მოაწყვეს ბეგაშვილის კართან. მიუხედავად ამისა, ყველაფერმა მასპინძლებისთვის სასიკეთოდ ჩაიარა და დავით ხარიტონაშვილის საფინალო სასტვენისას ტაბლოზე ისევ 1:0 ენთო...


მატჩის სტენოგრამა
5" - საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ტორპედოელმა გრიგოლ დოლიძემ ახლო კუთხეში სცადა გატანა, მაგრამ გიორგი ბეგაშვილმა არ დაანება.
6" - დავით კირკიტაძის ფლანგური ჩაწოდება მეტად სახიფათო იყო, მაგრამ ვაჟა ტაბატაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
20" - გიორგი კუხიანიძის სახიფათო დარტყმა და "დილა" გადარჩა.
25" - ამჯერად უკვე "ტორპედო" გადაურჩა გოლს, როცა პედრინიოს ჩაწოდებული ბურთი გიორგი ფანცულაიამ კინაღამ კარში გადაგზავნა.
44" - ტაბატაძე დაემუქრა გორელების კარს, თუმცა ბეგაშვილი ისევ უშეცდომო იყო.
53" - "სტანდარტული" სახიფათოდ შეასრულეს გორელებმა. გადმოვარდნილი ბურთი მორასმა შორიდან ისევ კარისკენ გაგზავნა, თუმცა კვასხვაძემ ამჯერად თავისიანები იხსნა.
57" - გოლი! პედრინიოს ჩაწოდებულზე კირკიტაძე ყველაზე მაღლა ახტა და თავურით გახსნა ანგარიში - 1:0.
58" - ფალავანდიშვილის დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა.
61" - გიგაურმა შორიდან სცადა ბედი, მაგრამ სიზუსტე მის დარტყმულსაც დააკლდა.
75" - დავით ხურცილავამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა თავის საჯარიმოში - ბურთი ნონიკაშვილს ჩააბარა, ამან ფანცულაია მოძებნა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ მყოფმა გორელთა შემტევმა კვასხვაძეს ვერაფერი მოუხერხა.
90" - კუხიანიძემ შორი მანძილიდან ძლიერად, თუმცა მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.

ეროვნული ლიგა. XXXII ტური

28.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ტორპედო 1:0
1:0 კირკიტაძე (57. პედრინიოს პასით)
დილა (4-5-1): ბეგაშვილი - აბუბაქარი, კვახაძე, მაჩაიძე, მორასი - კირკიტაძე, პედრინიო (78. ფოფხაძე), პაპავა, ძარია, ნონიკაშვილი (89. ჰეიფორდი) - ფანცულაია (80. გოგატიშვილი).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, კუსიანი, აშორტია, მოდებაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე - დოლიძე, ფალავანდიშვილი (70. ბერიაშვილი), კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (67. კვირკვია), კორობკა (59. გიგაური) - კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, ჭიჭინაძე, მამასახლისი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: აბუბაქარი (64), ფოფხაძე (79)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12
გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11

XXXIII ტური
4 ნოემბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ლოკომოტივი-შუქურა

5 ნოემბერი, კვირა
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საბურთალო-ჩიხურა
ტორპედო-სამტრედია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადმინ
რამდენი დალიე?
მარტო სამტრედიას აქვს 31 ტური ნათამაშები და სხვებს 32?
Jango
17:33 30-10-2017
0
იმედია ტორპედო დინამოს გააგდებს თასებიდან.
იმედია მომდევნო ტურის მატჩს ტორპედო წააგებს სამტრედიასთან.
იმედია რომ ბათუმის დინამო თბილისში არ დამარცხდება.
იმედია რომ ჩიხურა გახდება თასის მფლობელი.
Dinamofuns
15:52 30-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული