კახა ჩხეტიანი: გვპირდება ხელმძღვანელობა, რომ გამოიძებნება მაგის თანხები

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე დაიცავს საქართველოს ღირსებას.

კლუბმა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ ამავდროულად, კლუბი დატოვა რამდენიმე ფეხბურთელმა და ნამატი თითქმის არ არის.

ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისელთა მწვრთნელს დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- სატრანსფერო ფანჯარა ორი კვირაა რაც გახსნილია. "ტორპედოდან" უმეტესად ფეხბურთელები წავიდნენ, ვიდრე მოვიდნენ. იგეგმება თუ არა მატება უახლოეს მომავალში?

- რომ მოვიყვანოთ ფეხბურთელები, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. გვპირდება ხელმძღვანელობა, რომ გამოიძებნება მაგის თანხები, რითიც შეგვეძლება კიდევ ორი-სამი ფეხბურთელით გუნდის გაძლიერება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება და უახლოეს დღეებში გაირკვევა ყველაფერი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ იმ ფეხბურთელების დამატებას, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ.

- კლუბი დატოვა გუგა ფალავანდიშვილმა. რატომ ვერ მოხერხდა მისი შენარჩუნება?

- გუგა ფალავანდიშვილის სურვილი იყო, წასულიყო და საზღვარგარეთ მოესინჯა ძალები. მას აქვს რაღაც წინადადებები და შესაბამისად, აქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი.

თავიდანვე, რომ მოვიდა, ასეთი იყო შეთანხმება - დამთავრდებოდა სეზონი და წავიდოდა. ყველამ ვნახეთ, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ძალიან დაგვაკლდება. მე მას წარმატებას ვუსურვებ და ეთამაშოს იმ გუნდში, სადაც მას მოესურვება.

- ქუთაისის "ტორპედო" ქვეყნის ჩემპიონია, ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზებს. როგორ ხედავთ, რა პოზიციებზეა საჭირო გაძლიერება, რათა ამ ტურნირზე კლუბმა შეძლოს ღირსეულად გამოსვლა?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული და ისეთი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც ევროპის საშუალო გუნდებში თამაშობენ, რთულია.

ჯერჯერობით არ ჩანს პერსპექტივა, რომ დავიმატებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ევროტურნირებისა და საკვალიფიკაციოზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ, რადგან ამის თანხები ნამდვილად არ გვაქვს.

- მოლაპარაკებები ახსენეთ. შესაძლებელია, რომ მომავალ სეზონში ლეგიონერები ვიხილოთ?

- შესაძლებელია, მაგრამ ესეც თანხებთანაა დაკავშირებული. ისეთი ლეგიონერის დამატებას ნამდვილად არ ვაპირებ, რომელიც ჩვენს გუნდში მყოფ ფეხბურთელს ვერ ჯობნის. მირჩევნია, ქართველი ახალგაზრდა იყოს და ვისაც ჩამოიყვან, ის ქართველზე მინიმუმ ორი თავით მაღლა უნდა იდგეს.

მით უმეტეს, ჩვენ გვყავს გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შარშანდელი გამოცდილება აქვთ და მე მათი დიდი იმედი მაქვს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთი ლეგიონერები, რომლებსაც მაღალ დონეზე აქვთ ნათამაშები, ნამდვილად გამოადგებოდა გუნდს და სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთელების დამატებას ვერ შევძლებთ.

- უკვე ერთი სრული ჩემპიონატი ჩატარდა. სუპერთასის ფინალი ზამთარში არის. მოგწონთ ეს ფორმატი?
- ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი გამოდგა, რადგან მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დაძაბულობა იგრძნობოდა და კონკურენცია იყო ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ხარისხი აუცილებლად მოიმატებს. აქამდე სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ადრე იწყებოდა სხვა ქვეყნებში ჩემპიონატები და ისინი უფრო მომზადებულები გვხვდებოდნენ, ახლა კი ჩვენ ვართ მომზადებულები როგორც სათამაშო თვალსაზრისით, ასევე ტაქტიკურად. ფიზიკურადაც გუნდი უკეთეს კონდიციებშია.

წინ უნდა წავიდეთ, მომავლის იმედი უნდა გვქონდეს და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსთვის. ყველანი ვალდებულები ვართ, რა შესაძლებლობაც გვაქვს, 100%-ით კი არა, 200%-ით გავაკეთოთ და ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ მოედანზე, დროთა განმავლობაში კი ყველაფერი გამოგვივა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
სიმართლეს თუ იტყვი უმუშევარი დარჩები.
პატრიოტი იმერელი
14:54 18-01-2018
0
ტორპედო იძირება
პატრიოტი იმერელი
14:18 18-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული