ჯერარდთან და ტორესთან ერთად ვვარჯიშობდი - ვინ არის "სამტრედიის" ჰოლანდიელი ლეგიონერი?

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "სამტედიამ" კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. ივან ფატიჩის შემდეგ კლუბი ჰოლანდიელი ნახევარმცველით, 27 წლის ვინსენტ ლუკას ვეილით გაძლიერდა.


ვინ არის ვეილი? - მივყვეთ თანმიმდევრობით. ის ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში დაიბადა, ფეხბურთის თამაში კი "ალკმაარში" დაიწყო.

აი, რას ამბობს ის ამ პერიოდზე - მასალა ჰოლანდიურ საიტზე, elfvoetbal.nl-ზეა გამოქვეყნებული.

"ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მე "აიაქსისა" და "ალკმაარის" ახალგაზრდულ გუნდებშიც ვირიცხებოდი. ასევე მითამაშია ახალგაზრდულ ნაკრებებში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც - ჯეფრი ბრუმა, დენი ბლინდი,
ლეროი ფერი, პატრიკ ვან ანჰოლტი, ჯორჯინიო ვინალდუმი და კევინ სტროოტმანი არიან".

2008 წელს ვეილი "ლივერპულის" 23-წლამდელთა გუნდში გადაბარგდა. ამ დროს ის 17 წლის იყო. თუმცა, მას "მერსისაიდელთა" ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი არ მისცემია.

"2008 წელს "ლივერპულში" თამაშის შესაძლებლობა მომეცა. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ასეთი შანსი გეძლევა, ამაზე არც კი დაფიქრდები. მეორე გუნდში ჩავირიცხე, თუმცა პირველი და მეორე გუნდი ერთად ხშირად ვარჯიშობდა. ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი, როგორებიც - სტივენ ჯერარდი, ფერნანდო ტორესი და ჩაბი ალონსო არიან. მწვრთნელი კი რაფაელ ბენიტესი იყო".

ფეხბურთელს რეზერვისტთა რიგებში ასპარეზობა აღარ სურდა და ამიტომ 2010 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ჰოლანდიის მე-2 დივიზიონის კლუბ "ჰელმონდში", იჯარის წესით ჩაირიცხა. თუმცა ვეილი ამ გუნდში დიდი ხანი არ გაჩერებულა და 9 ჩატარებულ შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 1 გატანილი გოლიც ჩაიწერა.

2010 წლის 27 აგვისტოს, ლუკასი ესპანური "ეიბარის" სრულუფლებიანი წევრი ხდება და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. ამ დროს "ეიბარი" სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა. ესპანური კლუბის მაისური მან 15 მატჩში მოირგო და აქაც თავი ერთი გატანილი ბურთით გამოიჩინა.

"ეიბარში ასპარეზობისას ჩემს თავს ვეკითხებოდი - რა გინდა აქ? მე ენაც კი არ ვიცოდი. ჩემს თანაგუნდელებს მეგობარი გოგონები ჰყავდათ და ჩინებულ დროსაც ატარებდნენ, მაგრამ მე ჩემი თავი ვერ ვიპოვე. ასევე, საკმარისი სათამაშო დრო არ მეძლეოდა. ამიტომ კლუბი მალევე დავტოვე".

2012 წლის იანვარში ის კვლავ სამშობლოში ბრუნდება და ისევ მე-2 ლიგის გუნდში ირიცხება. ამჯერად მისი ნავსაყუდელი "კამბური" ხდება. ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრი ვერც ამ კლუბში გახდა და ჰოლანდიური კლუბის ფორმა მხოლოდ 8 შეხვედრაში მოირგო, თუმცა თავი გატანილი გოლით აღარ გამოუჩენია.

"კამბურში თავდაპირველად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვითვლებოდი, თუმცა შემდეგ მწვრთნელი გამოიცვალა და ჩემი საქმეები ცუდად წავიდა. თითქმის ერთი წელი უგუნდოდ დავრჩი. მინდოდა ამერიკაში წავსულიყავი, რადგან ჩემი CV-სთვის იქაურ ჩემპიონატში ასპარეზობა მომგებიანი იქნებოდა.

თავდაპირველად, ეს გავაკეთე კიდეც, თუმცა, ვიზის პრობლემა შემექმნა და ამის გამო ამერიკის დატოვება მომიწია".

ამის შემდეგ ფეხბურთელი "ჰონგ-კონგში" ჩაირიცხა. მას ამ გუნდში თამაში მხოლოდ 9 მატჩის განმავლობაში მოუწია, რა დროშიც საკუთარ ანგარიშზე 2 გატანილი ბურთი ჩაიწერა. ჰონგ-კონგის პირველ დივიზიონში მან სადებიუტო გოლი 2013 წლის 18 იანვარს გაიტანა და კლუბს "კიტიზენის" დამარცხებაში - 4:1 დაეხმარა.

2015 წელს ვეილი ჰონგ-კონგში მოგზაურობას ამთავრებს და სათამაშოდ ესპანეთში მიდის, სადაც "ფუენლაბრადაში" ირიცხება. ამ კლუბში მას საქმეები კარგად არ წაუვიდა და მოედანზე მხოლოდ 6 შეხვედრაში გამოჩნდა და საკუთარ ანგარიშზე არცერთი გოლი არ ჩაუწერია.

"ჰონგ-კონგი დიდებული ქალაქია. მას აზიის ნიუ-იორკი შემიძლია ვუწოდო. ამ ქვეყანაში ორ სხვადასხვა კლუბში ვთამაშობდი და საქმეები შესანიშნავად მიდიოდა, თუმცა ერთ დღესაც ზარი შემოვიდა... ფერნანრდო მორიენტესს ჩემი დამატება სურდა, რომელიც ამ დროს "ფუენლაბრადას" მწვრთნელი იყო. "ფუენლაბრადა" მადრიდის ერთ-ერთი გარეუბანია და ამ ქალაქში ცხოვრება დიდებული იყო".

2016 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იგი დანიის პირველი დივიზიონის ბინადარ "ფრედერიკას" შემადგენლობაში ირიცხება, სადაც 18 შეხვედრაში 2 გოლის ავტორი ხდება.

"დანიაში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. იქ ჰოლანდიის მსგავსი ჩემპიონატი აქვთ. მე იქ დიდხანს დარჩენას ვაპირებდი, თუმცა ამ დროს მალაიზიიდან დამირეკეს".

ბოლო კლუბი, სადაც ვეილი ასპარეზობდა, მალაიზიის პრემიერლიგის ბინადარი PKNP იყო, რომელიც თავის ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი გუნდია. ფეხბურთელი აქაც ერთი სეზონი გაჩერდა და 20 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"მალაიზიის შესახებ ბევრი არაფერი მსმენოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა იყო. მე ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას ვუყურე, ვნახე, თუ რა ჩინებული ბუნება იყო ამ ქვეყანაში, ასევე, თუ რა სილამაზე იყო მის ქალაქებში...

მალაიზიაში კლუბმა ჩინებული სახლი მომცა, საკუთარი მანქანა დამიქირავა და შესანიშნავი გასამრჯელოც დამინიშნა".

კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებდა, რომელიც აღარ გახანგრძლივდა და წამოვედი".

ამის შემდეგ ვეილი თავისუფალი აგენტი გახდა და "სამტრედიაში" ჩაირიცხა. მას ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 20-წლამდელთა გუნდის ფორმა კი მხოლოდ 1 მატჩში მოირგო.

(ინტერვიუ "სამტრედიაში" გადასვლამდეა ჩაწერილი). "მალაიზიის კულტურა ძალიან შემიყვარდა. მე და ჩემი მეუღლე ამ ქვეყნის აღმოჩენაში ვართ და მუდამ რაღაც ახლისკენ ვისწრაფვით. მას არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერდეს. ჩვენ გვსურს, მალე ფილიპინებში წავიდეთ, დავათვალიეროთ ამერიკის ქალაქები, ანდაც აზიის ქვეყნებში ვიმოგზაუროთ. საღამოობით, ჩვენ კინოთეატრში დავდივართ და რომანტიკულ საღამოებს ვიწყობთ", - აღნიშნა ვეილიმ.

ვეილის 6 ქვეყნის სხვადასხვა კლუბში აქვს ნათამაშები. "სამტრედია" კი მისთვის მე-7 ქვეყანაა. მას ახალ კლუბში კიდევ ერთი ლეგიონერი, ივან ფატიჩი დახვდება, რომლისთვისაც მოგზაურობა ასევე არცთუ ისე უცნაური ამბავია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
"ეიბარში ასპარეზობისას ჩემს თავს ვეკითხებოდი - რა გინდა აქ? მე ენაც კი არ ვიცოდი. ჩემს თანაგუნდელებს მეგობარი გოგონები ჰყავდათ და ჩინებულ დროსაც ატარებდნენ, მაგრამ მე ჩემი თავი ვერ ვიპოვე. აი აქ ჩანს ამის ფეხბურთელობა
rodemdeeeee
15:32 23-01-2018
1
meti aseti transperi ero)))))) erti sakmea rogor tamashobs magram ugandis meore ligidan gamokceulis chamokvanas es sjobs !
!!!!
13:58 23-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული