ეროვნული ლიგა 2018. გორის "დილას" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

გორის "დილამ" წინა სეზონში მე-4 წრეში მოახერხა მდევრების ჩამოშორება და მე-7 ადგილზე დაასრულა 2017 წლის სეზონი.

გორელთა შემადგენლობა ბოლო პერიოდში ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც ადრე იყო. ახლა კლუბი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საპრიზო ადგილის მოპოვებაზე.

გორელთა კლუბს სტადიონის პრობლემა არ აქვს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იდეალურ მდგომარეობაშია. გემახსოვრებათ საქართველო-კვიპროსის ამხანაგური მატჩი. მაშინ ვლადიმირ ვაისიც ძალიან კმაყოფილი დარჩა მოედნით და საქებარი სიტყვები არ დაუშურებია.

"დილას" საწვრთნელ შტაბშიც სიახლეა. ქართველი გულშემატკივრისთვის
კარგად ნაცნობი ყოფილი ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი, რომელიც ბოლოს ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ახალი სეზონიდან "დილას" სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მუშაობას, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება.

გორელები პირველ მატჩს 2 მარტს, "ტორპედოსთან" ქუთაისში გამართავენ.

ტრანსფერები

ფაქტია, ბოლო წლებში გორული კლუბი ლეგიონერებით გადის ფონს, ასე თუ ისე "დილაში" საკმაოდ ნორმალური ლეგიონერები ხვდებიან. ამჯერადაც 23 წლის ჰოლანდიელი ალვინ ფორტესი უნდა გამოვყოთ, რომელიც ჩეხეთის ლიგის ბინადარ "ბრნოდან" დაიმატეს. რაც შეეხება სხვა ტრანსფერებს, კლუბმა უფრო სტაბილურობის შენარჩუნებისთვის დაიმატა ფეხბურთელები, ვიდრე გაძლიერებისთვის.

რაც შეეხებათ წამსვლელებს, გორული კლუბი ყველაზე მეტად დაიცალა და ერთი-ორი ფეხბურთელი თუ შემორჩა წინა შემადგენლობიდან.

კლუბიდან წავიდნენ: გივი ქარქუზაშვილი და დავით კირკიტაძე (სამტრედია), ნუბიო ფლავიო (ვილა ნოვა), მალხაზ გაგოშიძე (ბათუმის დინამო), მიხეილ მუჯრიშვილი (ბოლნისის სიონი), გიორგი პაპავა (რუსთავი), თენგიზ წიქარიძე (ტორპედო), ირაკლი ძარია (კუკეში). თავისუფალი აგენტები: პედრინიო, ანდრო სოფრომაძე, გილერმე მორასი, ჯეან დენეტი, გოგიტა გოგატიშვილი, ალიუ აბუბაქარი, ჰეიფორდ ადჟეი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი ფოფხაძე და ოთარ კუსიანი.

კლუბში მოვიდნენ: ანზორ სუხიაშვილი (ბათუმის დინამო), ნოდარ ქავთარაძე (ლოკომოტივი), ჯემალ გოგიაშვილი, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი (სამტრედია), გიორგი კორიფაძე (ჩიხურა), ალვინ ფორტესი (ბრნო), ამოს მონდი (კოლხეთი), მიკოლა კოვტალიუკი და გია ჩადუნელი (თბილისის დინამო)

შეკრება

"დილასაც" თურქული შეკრება ჰქონდა, თუმცა იმის კვალობაზე, რომ გუნდი ახლიდან შეიკრიბა, მეტ-ნაკლებად კარგი შედეგი დააფიქსირეს. თუმცა მეტოქეები ნამდვილად არ ყოფილან მაღალი დონის, აბსოლუტურად ყველა თავის ქვეყანაში მე-2 ლიგის ბინადარი იყო.

გორელები პირველ მატჩში უკრაინის "პერშა ლიგის" მე-5-ადგილოსან "დესნასთან" 0:1 დამარცხდნენ. "პერშა ლიგა" რანგით მე-2 ლიგაა უკრაინაში.

სამაგიეროდ, უნგრეთის მე-2 ლიგის პირველადგილოსანი გუნდი მტკ 5:0 გაანადგურეს.

გამარჯვება არ გასჭირვებიათ უკრაინის მე-2 ლიგაში გასავარდნ ზონაში მყოფ "ვოლინთან",  გორელებმა ეს მატჩი 2:1 მოიგეს.

გორელებმა შეკრება რუსეთის მე-2 ლიგის ბინადარ "ორენბურგთან" განადგურებით დაასრულეს, მატჩი 0:4 დასრულდა.

დასკვნა
"დილას" გიორგი დარასელია მოძღვრავს და მას შეუძლია გუნდს გარკვეული შედეგები მოაპოვებინოს, მაგრამ არსებული კონტინგენტი საკმაოდ მწირია და გაუჭირდება, ცხრილის შუაგულს გასცდნენ. კარგი იქნებოდა, კლუბს ერთი-ორი ლეგიონერი დაემატებინა, როგორიც სჩვევია ხოლმე და ეს საშუალებას მისცემდა, საპრიზო ადგილებისთვისაც ებრძოლა.

შეკრებაზე დაფიქსირებული შედეგები, საერთო ჯამში, კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ "დილას" რა უნდა მოვთხოვოთ, როცა საპრიზო ადგილის მფლობელები უფრო ცუდ შედეგებს დებენ...
მკითხველის კომენტარები / 2 /
სპორტალ.გე-ს გაგახსენდათ დილააც?
DILA
10:11 24-02-2018
0
პედრინიო და დერეტი არ იყო გასაშვები ფეხბურთელები...
განსაკუთრებით პედრინიო :)
giorgi
19:43 23-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული