ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლურ ნაკრებს.

სოსო ქარდავა - ნუკრი რევიშვილის გაძევების შემდეგ "რუსთავს" მხსნელად მოევლინა. რამდენჯერმე კარგად გაისარჯა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია.

ლუკა ლაკვეხელიანი
- ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრაში მარცხენა ფლანგს აკონტროლებდა. ამავდროულად, ორივე გოლი მისი დიდი მონდომებისა და მოქმედების შედეგად გავიდა.

მამუკა კობახიძე - მას შემდეგ, რაც "რუსთავი" 10 კაცით დარჩა, მცველებს საქმე გაურთულდათ. კობახიძე დამაჯერებელი იყო დაცვაში და "დილას" შემტევებს მაქსიმალურად უკეტავდა ზონებს.

გიორგი რეხვიაშვილი - "საბურთალოს" მცველმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, საკმაოდ სტაბილური იყო
"ტორპედოსთან" შეხვედრაში და კარგად ასრულებდა იმ დავალებებს, რაც მასზე იყო დაკისრებული.

ლევან ხარაბაძე - აკაკი შულაიას არყოფნის დროს, ის შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინა და ამ პოზიციასაც თავი საკმაოდ კარგად გაართვა. ამავდროულად, თანაგუნდელებს დაცვაში ეხმარებოდა და ერთი გოლიც მის ანგარიშზეა.

მათე ცინცაძე - "რუსთავი"-"დილას" დაპირისპირების დროს ის საუკეთესო იყო მოედანზე. ახალგაზრდა ნახევარმცველი ნელ-ნელა უბრუნდება იმ ფორმას, რითიც ის წინა სეზონებში ეროვნულ ლიგაში გვამახსოვრებდა თავს. მის ანგარიშზე დუბლია, რამაც კაცნაკლულ გუნდს ქულა მოუტანა.

ნოდარ ქავთარაძე - იმის მიუხედავად, რომ "დილამ" ვერ მოიგო, გორელთა ნახევარმცველმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან გუნდი წაგებისგან იხსნა და შეხვედრის მიწურულს შესანიშნავი გოლით გამოირჩა.

ოთარ კობახიძე - "ლოკომოტივის" შემტევი თავისი დუბლით გუნდს "კოლხეთთან" გამარჯვებაში დაეხმარა და მორიგი სამი ქულა მოაპოვებინა.

ირაკლი ბუღრიძე - იმერული დერბი არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა, სამტრედიელები თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი, საჩხერელებს კი შეტევები ნაკლებად გამოსდიოდათ. გამოსარჩევი იყო ბუღრიძე, რომელმაც პენალტი მოიპოვა, გიორგი გაბედავამ კი 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

გიორგი დიასამიძე
- "ტორპედოს" ძლევაში "საბურთალოს" ნახევარმცველს დიდი წვლილი მიუძღვის. ის ორივე გოლის მომენტში მონაწილეობდა: პირველ შემთხვევაში ვაგნერ გონსალვეშმა დიასამიძის დარტყმულზე დამატებით გაიტანა გოლი, მეორე შემთხვევაში კი ლაკვეხელიანს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ზაზა ციცქიშვილი
- რუსთაველთა შემტევი გორელთა კართან მუდმივად ამწვავებდა სიტუაციას და ქმნიდა სახიფათო მომენტებს. ერთ ასეთ შემთხვევაში კი საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა, როდესაც მათე ცინცაძემ წონასწორობა აღადგინა.

ტურის მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი - "საბურთალო" რომ საჩემპიონო სვლას განაგრძობს, ეს, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. ჭიაბრიშვილმა ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც არა ერთი-ორი ფეხბურთელით არის გამორჩეული, არამედ შეკრული და ერთიანი კოლექტივია. ნიშანდობლივია, რომ ამ ტურში "საბურთალომ" მოქმედ ჩემპიონს სძლია, რომელმაც წინა წელს გუნდური ერთიანობით მოიპოვა ჩემპიონობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული