ლაზარე კუპატაძე - "საბურთალოს" მეკარემ "ჩიხურასთან" საკმაოდ სტაბილურად იასპარეზა, ყველა სახიფათო მომენტს შესაბამისად უპასუხა და კარი მშრალად შეინახა. აღსანიშნავია, რომ ლაზარემ 16 ჩატარებული შეხვედრიდან 9-ში კარი მშრალად შეინახა.
გიორგი ქიმაძე - ქუთაისელთა მარცხენა მცველი ამ სეზონში ისე ვეღარ თამაშობს, როგორც წინა სეზონებში, თუმცა "სიონთან" შეხვედრაში კარგად გაისარჯა და გოლიც გაიტანა.
ლაშა თოთაძე - წინა წლის "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც საკმაოდ უფერულ სეზონს ატარებს, მაგრამ "კოლხეთთან" შეხვედრაში ის თითქოს თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა,
გიორგი რეხვიაშვილი - "ჩიხურასთან" შეხვედრაში რეხვიაშვილმა თითქმის უშეცდომოდ იასპარეზა, მეტოქეთა შემტევებს გასაქანი არ მისცა და თავისი საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინა.
მიხეილ ერგემლიძე - 18 წლის შემტევმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და "დინამოს" გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მან ამ პერიოდში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ოთარ კიტეიშვილი - დუბლი და ერთი საგოლე გადაცემა, ჯამში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა, ეს არის თბილისელთა კაპიტნის მონაგარი. ის ტრადიციულად ლიდერობდა საკუთარ გუნდს და მოედანზე მთავარი შემოქმედი ფიგურა იყო.
ბექა ტუღუში - "ტორპედომ" რომ "სიონთან" შეხვედრა შემოატრიალა, ეს ტუღუშის დამსახურებაა. ის მეორე ტაიმში შემოვიდა მოედანზე და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც გადამწყვეტი გამოდგა სამი ქულის მოპოვებისთვის.
დავით ვოლკოვი - "ჩიხურასთან" გამარჯვების გოლი ვოლკოვის ანგარიშზეა, რომელმაც გიორგი კოხრეიძის პასს ზუსტად უპასუხა.
ოთარ მარცვალაძე - მარცვალაძემ "სამტრედიასთან" დუბლი შეასრულა და "რუსთავმა" მეტოქეს 2:1 სძლია. ამ შეხვედრაში საუკეთესო მარცვალაძე გახლდათ, რომელიც მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა იყო.
მიკოლა კოვტალიუკი - უკრაინელ ლეგიონერს კარგი სეზონი აქვს. კოვტალიუკი ბომბარდირთა დავაში 10 გოლით გიორგი გაბედავას გაუთანაბრდა. მან "ლოკომოტივის" კარში დუბლი შეასრულა, რაც გადამწყვეტი გამოდგა "დილას" გამარჯვებისთვის.
მამია გავაშელიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ "ლოკომოტივმა" წააგო, ძნელია, გავაშელიშვილს შრომა არ დაუფასო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა "რკინიგზელებს" მოეგოთ. მის ანგარიშზე ამ შეხვედრაში დუბლია.
ტურის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი - "საბურთალო" ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის ჩემპიონია, რადგან მას 5 ქულა აშორებს უახლოეს მდევარ "დინამოსთან". "საბურთალოს" წარმატების მთავარი საიდუმლო კი ჭიაბრიშვილის მიერ სწორი ტაქტიკური მიდგომაა, რომელიც მან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოაყალიბა. ამჯერად მათ დაძაბულ ბრძოლაში "ჩიხურას" 1:0 სძლიეს.