გეგმები, თავდამსხმელი სერია A-დან, ჩემპიონთა ლიგა - ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან

AutoSharing Option
"საბურთალო" არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა, ამაში უდიდესი წვლილი თბილისელთა ახალგაზრდა დამრიგებელ გია ჭიაბრიშვილს მიუძღვის.

ჩვენ ეროვნული ლიგის გამარჯვებულის მთავარ მწვრთნელს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ:

- "საბურთალომ" ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა, როგორი შეგრძნება გაქვთ ამ წარმატების შემდეგ?

- თუ კი რამე საუკეთესო შეგრძნება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ამ წარმატებისთვის, ძალიან პატარები ვართ, როგორც კლუბი. უმაღლეს ლიგაში გამოსვლის გამოცდილება არ გვქონდა, ვფიქრობ, ეს შედეგი ნაადრევად მივიღეთ, თუმცა ამისკენ დიდი ხანია მივდივართ. ჭაბუკთა
ლიგა, მეორე ლიგა, უმაღლესი ლიგა - ეს პერიოდი მთელმა კლუბმა ერთად გავიარეთ. ორმაგად კარგია ეს გამარჯვება, როდესაც ყველა ერთად შრომობდა.

- სიმბოლურია, რომ ჩემპიონობა უშუალო კონკურენტთან და თანაქალაქელ "დინამოსთან" გამარჯვებით გაიფორმეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სეზონის ასეთ მაჟორულ ნოტაზე დასრულება მომავალი წარმატებებისთვის?
- როდესაც ეთამაშები ლიდერს, რომელიც მთელი წელი მოგყვება და გადამწყვეტ მატჩში დაამარცხებ, სტიმულსაც და თავდაჯერებასაც გმატებს, მაგრამ მე ასე არ ვუყურებ. ადრეც ვთქვი, რომ ერთადერთი კონკურენტი ვინც გვყავდა - საკუთარი თავი იყო, ისევ ჩვენ თუ ვერ მოვახერხებდით რაღაცას. ცხადია, "დინამოც" იყო და მასზე არანაკლები კლუბებიც - "ტორპედო" ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდა, არც "ჩიხურა" იყო გამონაკლისი. თანაბარი ჩემპიონატი იყო, თუმცა კონკურენტად მაინც "დინამო" ითვლებოდა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე.

- სეზონის წინ კლუბი ლიდერმა გიორგი ხარაიშვილმა დატოვა, თუმცა წელი მაინც წარმატებული გამოვიდა. "საბურთალოს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია, რის ხარჯზე მოახერხა გუნდმა ჩემპიონობის მოპოვება?
- ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე ვიტყვი: ამის მიზეზი ნებისმიერ სხვა გუნდთან შედარებით ახლაც და აქამდეც გუნდურობა იყო, რომელიც არამარტო მინდორზე, არამედ მოედანს გარეთაც არსებობს. 6 წლის ბავშვებიდან დაწყებული, დარაჯიდან დაწყებული - პრეზიდენტით დამთავრებული, ყველა სულით და გულით ჩართულია. ეს გუნდურობა მოედანზეც გადადის და ამის შედეგია მიღწეული წარმატებაც. სხვა არაფრით გამოვირჩევით, გეთანხმებით, კონკრეტულ ერთი ფეხბურთელზე აწყობილები არ ვყოფილვართ.

- მომავალ სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, რამდენად მზად ხართ ამ ტურნირისთვის და რამდენად რეალურად გესახებათ, რომ წარმატებული შედეგი დადოთ?
- პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ აქ მარტო ჩვენს თავს და თბილისს არ წარმოვადგენთ, მთელ საქართველოს წარმოვადგენთ და მე ვიცი გულშემატკივარიც როგორ ელოდება ჩვენს თამაშს. აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, დაწყებული გვაქვს გაძლიერებაზე და შეკრებებზე მუშაობა, რომ გამოცდილება დაგვიგვროვდეს. ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს - გამოუცდელობაა, რადგან პირველად გვიწევს ამ დონის ტურნირში თამაში. ვფრთხილობ, რადგან კლუბს მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია. ვეცდებით ეს გუნდურობით და კარგი თამაშით დავძლიოთ. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ მონაწილეობა, ეს მხოლოდ ერთწლიანი გეგმა არ იქნება, აუცილებლად შემდეგ წელსაც უნდა მოვხვდეთ, 2-3 წელი დაგვჭირდება რომ დავლაგდეთ, გავძლიერდეთ და საბოლოოდ 3-4 წელში ჯგუფშიც მოვხვდეთ.

- გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, გუნდის გაძლიერება თუ იგეგმება და არის თუ არა კონკრეტული მოლაპარაკებები?
- არის რამდენიმე უცხოელ მოთამაშესთან მოლაპარაკება, რომელიც თითქმის დავასრულეთ და თქვენ ნახავთ, როცა გუნდი ვარჯიშს დაიწყებს ეს ფეხბურთელებიც ადგილზე იქნებიან. არ მინდა ბევრი ლეგიონერი, მირჩევნია იყოს ნაკლები და ხარისხიანი, რადგან ჩემი გუნდის - საქართველოს ჩემპიონატშიც და ევროტურნირებშიც მჯერა. მირჩევნია ისეთი ჩამოვიყვანოთ, ვისაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები და კონკურენტუნარიანები არიან.

- ვისზეა კონკრეტულად საუბარი და რომელ ჩემპიონატებში თამაშობენ ისინი?
- ერთს, რომელიც დაცვაში დაგვემატება, სერია A-ში თამაშის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ისევე როგორც ერთ თავდამსხმელს, მასაც სერია A-ში აქვს ნათამაშები, ერთი კი ისრაელის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. ჩვენგან რაც იყო საჭირო, გავაკეთეთ, ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. ბევრ მოთამაშეზე იყო საუბარი, თუმცა მე ამ სამ ფეხბურთელზე შევჩერდი და დანარჩენი ვნახოთ.

- ინფორმაცია გავრცელდა, რომ გუნდს ლაზარე კუპატაძე ტოვებს, ამის დადასტურება შეგიძლიათ?
- შესაძლებელია დატოვოს, რადგან მასთან ახლა კონტრაქტი არ გვაქვს. მოლაპარაკება არ დასრულებულა და არც ჩემთვის უთქვამს, რომ სადმე მიდის. ისედაც, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე დავიმატეთ ომარ მიგინეიშვილის სახით, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის თამაშობდა. თუ ლაზარემ წასვლა გადაწყვიტა, ამ მხრივ პრობლემის წინაშე არ დავდგებით.

- განახლებულ ეროვნულ ლიგაზე, 10-გუნდიან ჩემპიონატზე და ფორმატზე რას იტყვით?
- მე მომწონს ეს ფორმატი, რადგან მაქვს საშუალება ახალი სეზონისთვის მოვემზადო და ევროტურნირებისთვის ახალი ფეხბურთელები მოვიყვანო. ყველაზე დიდი სირთულე მწვრთნელისთვის დრო არის ხოლმე. 10-გუნდიანი ჩემპიონატი ძალიან კარგია. წინა წელს ქვეყნის ჩემპიონი პლეი-ოფამდე მივიდა, "ჩიხურასაც" კარგი შედეგი ჰქონდა. მთელი სეზონი 10 კარგ გუნდს ერთმანეთში რომ არ ეთამაშა, ასეთი შედეგი არ დადგებოდა. ინფრასტრუქტურის პრობლემაც არის, რთულია ასეთ პირობებში ზამთარში თამაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით კარგი ფორმატია და მომავალში თუ ისეთ დონეზე ვიქნებით, რომ ევროტურნირებისთვის წინასწარ მომზადება არ დაგვჭირდება, ისევ დავუბრუნდებით იმ ფორმატს, როგორც მთელი ევროპა თამაშობს.

- ჩვენი საუბრის ბოლოს, როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების გამოსვლას ერთა ლიგაზე და მომავალ შანსებს?
- ძალიან დიდი და კარგი სამუშაო გასწია ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელმა. უსამართლოა, როდესაც ვამბობთ რომ სუსტ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშებით, რადგან ასეთ მეტოქეებთანაც კი გვიჭირდა თამაში. ახლა კი მივიღეთ მაღალი დონის ფეხბურთი, მეტი გატანილი და ნაკლები გაშვებული გოლი, წაუგებელ მატჩთა სერია... ეს ძალიან მახარებს. რწმენა დაგვიბრუნდა, რომ შეგვიძლია თამაში. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს, ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, მაგრამ ძალიან რთული მოწინააღმდეგეები გვყავს. მჯერა, რომ მოხსნილი წნეხით ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ ჯგუფურ ეტაპს. მთავარია, რომ გუნდის ძირითად ბირთვს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ჯანმრთელად იყვნენ.

altთბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიფიამ გამხადა საბურთალოს ფანი ))))) მომწონს ეს გუნდი, მიზანდასახულები არიან და იციან როგორ გაძიერდნენ :) ორი ლეგიონერი ყავთ და ორივე ამართლებს, დარწმუნებული ვარ ვისაც მოიყვანენ, ისინიც გაამართლებენ.
Tbiliseli
16:21 25-12-2018
3
ის, რომ 3-4 წელში იგეგმება ჯგუფში მოხვედრა, უნდა გაგვიხარდეს თუ გვეწყინოს? :D :D :D :D
გიორგი
15:49 25-12-2018
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული