"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს

AutoSharing Option
გორის "დილას" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ "პირველ არხს" დოკუმენტი წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ მიკოლა კოვტალიუკი თანახმაა გორულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე და მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

უკრაინელი მოთამაშე სამხრეთკორეული "ანიანის" ფეხბურთელი გახდა, თუმცა, მისი თქმით, "დილა" მას გათავისუფლების ფურცელს არ აძლევს, ამის გამო კი ის ახალ კლუბს განაცხადში ვერ შეჰყავს.

"გარდა ფინანსური პრეტენზიებისა, არის სხვა საკითხები, რომლებსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ის ითხოვს იმ პერიოდის თანხას, როდესაც გუნდთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა. მისი ტრანსფერი გუნდს ეკუთვნოდა და ამის
თაობაზე გავაფრთხილეთ, რომ დაჯარიმდებოდა. მან კი ეს გაფრთხილება არად ჩააგდო და ოფიციალურად გაგზავნილი ჯარიმის გადახდაზეც უარი განაცხადა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "დილა“ ფეხბურთელს ჯიბრში არ ჩაუდგა და მის ტრანსფერს ყველანაირად ხელი შეუწყო. თქვენ წარმოიდგინეთ, კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხა, 100 ათასი დოლარიც კი გავანახევრეთ“.

"დილას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, უკრაინელმა ლეგიონერმა კლუბს საკადრო პრობლემა შეუქმნა – "კოვტალიუკი კორეულ გუნდს შეკრებაზე ახლდა, როდესაც დაინტერესდა, "დილაში“ ლეგიონერის კვოტა დარჩენილი ხომ არ გვქონდა. მომწერა, რომ არ მოსწონდა და ჩამოსვლის სურვილი გამოხატა. თებერვალში ჩამოვიდა და მის გამო ბრაზილიელ ლეგიონერზე უარი ვთქვით. მაგრამ ვიღაც ელაპარაკა და ბოლო მომენტში ისევ წავიდა. "დილას“ ვერც ის დაეხმარება და მის შემცვლელად შეგულებულ თავდამსხმელზეც უარი ვთქვით. საერთოდ, ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს, ასე იოლად რომ იცვლის აზრს და პოზიციას". - ამბობს "პირველ არხთან" საუბრისას გიორგი ჯოხაძე.

ნიკოლა კოვტალიუკი გორის "დილას" ღირსებას 2018 წლის სეზონში იცავდა. მან ეროვნულ ლიგაში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გიორგი გაბედავას და ბუდუ ზივზივაძეს ჩამორჩა.

alt უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს

წყარო: 1tv.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული