ეროვნული ლიგა. IX ტურის წინ: პირველი წრე სრულდება, ვინ გახდება ჩემპიონი?

AutoSharing Option
ფოტო: Fcsaburtalo.ge

20-21 აპრილს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის მეცხრე ტური გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი წრე სრულდება.

გათამაშებას "საბურთალო" 18 ქულით ლიდერობს, რომელსაც ერთბაშად სამი მეტოქე თანაბარი ქულებით მისდევს: თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" 16 ქულით, შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს ინაწილებენ.

სიონი-საბურთალო
სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ბოლნისელებმა პირველი სამი ქულა მოიპოვეს. მათ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხეს.

კარგ ფორმაშია ჯაბა უგულავა, რომელმაც ბოლო სამ თამაშში 4 გოლი გაიტანა, მთელ სეზონში კი უკვე
6 გოლი აქვს და მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია. სწორედ მისი დუბლის წყალობით მოახერხა "სიონმა" "ლოკოს" დამარცხება.

ამ მომენტისთვის ბოლნისელები 11 ქულით გათამაშების ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებენ.

"საბურთალომ" კი გასულ ტურში მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო, ამჯერად საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურასთან" დათმო (2:3) და მეტოქეებს მეცხრე ტურის წინ 2 ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები პირველი წრის ჩემპიონები გახდებიან.

თბილისელები გეგმაზომიერად ემზადებიან მოახლოებული მატჩისთვის და გუნდში საბრძოლო განწყობაა.

"სიონი" და "საბურთალო" მეცხრედ ხვდებიან ერთმანეთს. რვა გამართული შეხვედრიდან 5-ში "საბურთალომ" მოიგო, 2 მატჩი ფრედ დაფიქსირდა, ხოლო ერთხელ "სიონმა" გაიმარჯვა.
"სიონის" და "საბურთალოს" მატჩში 20 აპრილს, 16:00 საათზე ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დილა-რუსთავი
პირველი წრის ორი აუტსაიდერი ერთმანეთს გორში დაუპირისპირდება. გორის "დილა", რომელმაც გასულ ტურში თბილისის "დინამოსთან" 0:1 დათმო, ამჯერად საკუთარ მოედანზე "რუსთავს" მიიღებს.

გორელებს 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ (2 ფრე, 5 მარცხი) და გათამაშების ცხრილის ბოლოსწინა, მეცხრე ადგილს იკავებენ.

"დინამოსთან" მატჩისგან განსხვავებით, "დილას" კაბოვერდელი ლეგიონერი ალვინ ფორტესი ეყოლება, რომელმაც თბილისელებთან შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

"რუსთავი" კი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე სუსტი გუნდია. პირველი წრის 8 ტურში მათ ანგარიშზე მხოლოდ 3 ფრე და 5 მარცხია.

"რუსთავი" გასულ ტურში ბათუმის "დინამოსთან" დამარცხდა და პირველი გამარჯვების მოპოვებას სტუმრად, გორში ეცდება.

გორის "დილას" და "რუსთავის" მატჩი 20 აპრილს, 19:00 საათზე გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(ბთ)-ლოკომოტივი
მიუხედავად იმისა, რომ გია გეგუჩაძემ ახალი სეზონისთვის ძალიან კარგი შემადგენლობა შეკრიბა, ალბათ, მაინც რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ პირველი წრის ბოლოსთვის ბათუმის "დინამო" ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა.

პირველ ორ ტურში ორ ლიდერთან მარცხის ("საბურთალოსთან" 0:1, "ტორპედოსთან" 0:2) შემდეგ ბათუმელებმა 5 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

გასულ ტურში კი "რუსთავი" დაამარცხეს. ამ მომენტისთვის 16 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ და ლიდერ "საბურთალოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

გარდა ამისა, ბათუმის "დინამო" შესანიშნავად თამაშობს დაცვაში და ბოლო 6 მატჩში საკუთარ კარში მხოლოდ 2 გოლი მიიღო.

რასაც ვერ ვიტყვით მის მომავალ მეტოქეზე - "ლოკომოტივს" აქტივში მხოლოდ 2 მოგება აქვს, ისიც საწყის 3 ტურში და მას შემდეგ კლუბმა ზედიზედ 5 მატჩი წააგო, თან ისე, რომ ამ შეხვედრებში ჯამში 11 გოლი გაუშვა.

თბილისელებს ვერც მთავარი მწვრთნელის შეცვლამ უშველა. "ჩიხურასთან" მარცხის შემდეგ ლაშა ჭაღიაშვილი ლევან კორღალიძემ შეცვალა, თუმცა "ლოკომოტივმა" ისევ წააგო, ამჯერად "სიონთან" (1:2).

"რკინიგზელები" გასავარდნ ზონაში არიან.

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩი 20 აპრილს, 21:00 საათზე, ანგისას ბაზაზე გაიმართება.

ჩიხურა-ტორპედო
იმერული დერბი თბილისში გაიმართება, სადაც "ჩიხურა" "ტორპედოს" უმასპინძლებს.

საჩხერელები ძალიან კარგ ფორმაში არიან. მათ ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, რაც გათამაშების ცხრილზეც აისახა და "ჩიხურა", დღეის მდგომარეობით, მე-5 პოზიციას იკავებს.

გასულ ტურში მათ ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი "საბურთალო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს (3:2). სოსო ფრუიძის შეგირდებმა თბილისელებს სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს, მეორე ტაიმში კი საკუთარი კარი კარგად დაიცვეს და საბოლოოდ სამი ქულის მოპოვება მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურა" ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს წაგებული (3 მოგება, 4 ფრე), ისიც პირველ ტურში თბილისის "დინამოსთან" (0:2).

კარგ ხასიათზეა ქუთაისის "ტორპედოც", რომელმაც მომავალი მეტოქის მსგავსად, უკანასკნელ 4 შეხვედრაში 10 ქულა მოიპოვა.

მათ გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიას" სძლიეს (2:1). გოლების გატანა დაიწყო ბრაზილიელმა რიჩარდ ლუკამ, რომელმაც ორი ტურის წინ "დილასთან" დუბლი შეასრულა, შემდეგ კი იგივე საქართველოს თასზე "ბორჯომთანაც" გაიმეორა (4:1).

"ტორპედოს" 16 ქულა აქვს და პირველი წრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ლიდერ "საბურთალოს" 2 ქულით ჩამორჩება.

საჩხერის "ჩიხურას" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება 21 აპრილს, 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აიღებს სტარტს.

ვიტ ჯორჯია-დინამო(თბ)
ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩი თბილისში "ვიტ ჯორჯიასა" და თბილისის "დინამოს" შორის გაიმართება.

"ვეტერინარები" გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდნენ (1:2) და კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ ჩავარდნა აქვთ. მათ ანგარიშზე ბოლო 5 მატჩში 1 მოგება და 4 მარცხია და 8 ქულით გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.

"ვიტ ჯორჯიას" მთავარი პრობლემა გოლის გატანაა. მათ ანგარიშზე საწყის 8 ტურში მხოლოდ 4 გატანილი გოლია.

თბილისის "დინამო" კი სეზონის სტარტზე მცირე ჩავარდნის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია. ფელის ვისენტეს შეგირდებმა ბოლო 5 მატჩში 4 გამარჯვება და 1 ფრე დააგროვეს, თან ისე, რომ 12 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 3 მიიღეს.

"დინამოელთა" შემტევი ლევან შენგელია გოლი+პასი სისტემით ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეა. მან ჯამში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 3 პასი).

"ვიტ ჯორჯიას" და თბილისის "დინამოს" მატჩი 21 აპრილს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული