"თელავის" პრეს-სამსახური "ფეისბუქზე" ინფორმაციას ვარცელებს, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრობს და განმარტავს სად გამართავს გუნდი მატჩებს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში.
გთავაზობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, ეს გახლავთ გივი ჩოხელის სახელობის ახალი, თანამედროვე სტადიონის პროექტი, რომელიც დამტკიცებულ-შეთანხმებულია და სკ "თელავის" ხელმძღვანელობაც აქტიურად თანამშრომლობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან რომ, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს სტადიონის მშენებლობა
ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გაიმართება და საფეხბურთო კლუბ "თელავის" სპორტული დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის თქმით, 2020 წელს თელავის მთავარი პრიორიტეტი
სწორედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.
სოსო გრიშიკაშვილი: "წესით, მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს, პროექტი კი ძალიან სერიოზულია. ლაპარაკია 8 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე. სქემა ისეთივეა, როგორც ბოლოხანს, საქართველოში აშენებული სტადიონების შემთხვევაში - ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს".
ახალ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების თანამედროვე სისტემა და ისეთი კომფორტი, უეფას მაქსიმალური კატეგორია რომ მიიღოს.
ამასთანავე, აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები, რომ გუნდი დაბინავდეს და კარგ პირობებში მოემმზადოს.
გეტყვით იმასაც, რომ პროექტი ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ უკვე ნახა და ძალიანაც მოიწონა.
ახლა კი მთავარი კითხვა, ახალი სეზონიდან სად გამართავს სკ "თელავი" საშინაო მატჩებს ეროვნულ ლიგაში?
კლუბის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი სურვილია, რომ გუნდმა თელავში ითამაშოს და ამის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რაკი თელავში არსებობს არაჩვეულებრივი სარაგბო კომპლექსი "კავკასიონი რაგბი არენა", სადაც ბუნებრივი ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია.
კომპლექსის მფლობელი საქართველოს რაგბის კავშირია და მათთან საბოლოო შეთანხმების და ფეხბურთის ფედერაციის დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატში, ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს სწორედ "კავკასიონი რაგბი არენაზე" გავმართავთ.
ბოლოს კი გეტყვით, რომ "რუსთავთან" პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის, სკ "თელავი" რამდენიმე დღის მანძილზე სწორედ სარაგბო კომპლექსში ვარჯიშობდა და კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით რაგბის კავშირს და კომპლექსის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის...
სკ "თელავის" პრესსამსახური".