ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.
"მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც "ტორპედოს" თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა!
როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.
შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, "ტორპედო" დაახლოებით
8 თვეა კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დააღწევდა კლუბი კრიზისს თავს. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის "აინტრახტისთვის".
თუმცა, ყველა მოლაპარაკება რაღაც ეტაპზე წყდებოდა და "ტორპედოს" ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადაიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს, რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, გუნდი გაცილებით დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.
და აი, დადგა ეს დღეც, დღე, როცა "ტორპედოსთვის" ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" Sportery.Ge-ს ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით.