ბევრი ახალწვეული და ახალი კაპიტანი - "საბურთალომ" სეზონისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
"საბურთალომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა თავის საიტზე გაავრცელა:

"ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, დედაქალაქური "საბურთალო" დღეს მოედანზე პირველად შეიკრიბა და დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში დაახლოებით საათნახევრიანი ვარჯიში გამართა. მანამდე კი გუნდმა კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაიტარა, გუშინ კი სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ახალი გუნდის შენება გადაწყვიტა. იცით, რომ კლუბის გადაწყვეტილებით "საბურთალო" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა შევსებაც მიიღო. მომავალში თბილისელთა ღირსებას აღარ დაიცავენ: ბექა ქავთარაძე, ანრი ჭიჭინაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ჟარდელ ნაზარე, ოლივიე ბუმალი, დავით
კუპატაძე. 2021 წელს ჩვენს კლუბში ითამაშებენ - გიორგი ჯგერენაია, რომან ჩაჩუა, გიორგი ლაცაბიძე, თორნიკე ძებნიაური, გიორგი ერისთავი, თომა ტაბატაძე და რაფიქ ამინუ. გუნდს ასევე დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები – გიორგი ჯინჯოლავა და მეკარე ოთო გოშაძე.

კლუბში სიახლეა ის, რომ "საბურთალოს" ახალი კაპიტანი ეყოლება - ეს, ჩვენი აკადემიის აღზრდილი, 22 წლის გიორგი კოხრეიძე იქნება, რომელიც ჯერჯერობით ტრავმირებულია. თუმცა, რეაბილიტაციის დასკვნით ფაზაშია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სეზონის დასაწყისში სრულფასოვან ვარჯიშს შეძლებს. გეცოდინებათ, რომ ბოლოს "საბურთალოს" გაგი მარგველაშვილი კაპიტნობდა, მაგრამ დიდი ალბათობით ამპლუით მცველი კარიერას ევროპაში გააგრძელებს. რაც შეეხება ვიცე-კაპიტანს, ის გამოცდილი, 30 წლის ლევან კაკუბავა იქნება.

"საბურთალო" თბილისში 4 თებერვლის ჩათვლით მოემზადება და პარალელურად ამხანაგურ მატჩებს გამართავს, ხოლო 5 თებერვლიდან გეზს თურქეთისკენ აიღებს და 18 რიცხვის ჩათვლით ქალაქ სიდეში მოემზადება".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული