ქართული საკლუბო ფეხბურთი კავკასიაშიც ყველაზე დაბალი დონისაა...

AutoSharing Option
ფოტო: თბილისის "დინამოს" "ფეისბუქ" გვერდი

გუშინ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის "პლეი-ოფის" პირველ შეხვედრაში ერევნის "ალაშკერტი" გლაზგოში, "რეინჯერსთან" 0:1 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხური კლუბის ფეხბურთელები 43-ე წუთიდან რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ, კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს (კარში არცერთხელ) და შოტლანიდიელებმაც გოლი უმცირესობაში ყოფნისას გაიტანეს. იმის თქმა გვინდა, რომ სომხებს განსაკთრებული ფეხბურთი არ უჩვენებიათ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარუჩნეს და ეგეც რომ არა, ქართული კლუბებისთვის ამდენი წლის აუხდენელ ოცნებას მიაღწიეს და ევროპულ ტურნირზე მაინც ითამაშებენ - კონფერენს ლიგის
ჯგუფური ეტაპი "ალაშკერტს" განაღდებული აქვს.

სანაკრებო ფეხბურთის დონეზე კავკასიის ქვეყნებს შორის მინი შეჯიბრის შუაში ვარ - FIFA-ს რეიტინგში სომხეთი გვისწრებს, ხოლო აზერბაიჯანი ჩამოგვრჩება. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანი რომ გვჯობს, ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. არაფერს ვამბობთ "ყარაბაღის" ცოტახნისწინანდელ მიღწევებზე და იმაზე, რომ დიდი შანსია იმისა, რომ აზერბაიჯანელები 2021/22 წლების სეზონის ევროტურნირებზე წარმოდგენილი ორი გუნდით იყვნენ. ახლა კი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სომხური გუნდიც გავიდა.

რასაკვირველია, ეკონომიკური და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დასავლურევროპულ კლუბებს ვერც შევედრებით, ახლა კი რომც შევეჯიბროთ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებიც გვისწრებენ. საკლუბო ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში უკან და უკან მიდის, ან სხვები იმდენად სწრაფად მიდიან წინ, რომ ჩვენი ტემპები არასკმარისია. ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად შენი სისწრაფე წინ მყოფზე უფრო მაღალი უნდა იყოს...

იმავე ტურნირზე ითამაშებს გიბრალტარის ან ლატვიის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ერთმანეთს ხვდებიან), ირლანდიის ან ესტონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ესენიც ერთმანეთის ეთამაშებიან), ფინეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი, შანსებს ინარჩუნებს ლიეტუვური "ჟალგირისი", ყაზახურ კლუბებზე აღარაფერს ვამბობთ...

ქართული კლუბების "მესვეურები" კი აგრესიას გამოხატავენ ქართველი მსაჯების მიმართ, წარუმატებლობას აბრალებენ ნეპტუნის იუპიტერის ზონაში თავხედურად შესვლას, წყლის ქიმიურ ფორმულის ცვლილების შედეგად "გია ჯაჯანიძის შოუს" ასიმპტომურ დეჰიდრადაციას.

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც ვითარდება - ბათუმის "დინამო" გახლავთ. განვითარებაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ევროტურნირებიდან "ღირსეულად" გამოვარდნას, არამედ პირველ რიგში იმას, რომ ამ კლუბმა სტადიონზე გულშემატკივრის მიყვანა შეძლო. ეს ქართული რეალობით დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი საზომია...

თბილისის "დინამოს" ბოლო წლების პროცესი უჩა ჩაჩხიანის სიმღერის მცირედშეცვლილი სათაურით შეგვიძლია დავახასიათოთ - "ტრიუმფალური სვლა ფსკერისკენ"... რატომ აღვნიშნავთ თბილისის "დინამოს"? ქართული საკლუბო ფეხბურთის სიმბოლო სწორედ ეს გუნდია, თან ჩემპიონი თავისი 1:6-ით.... 1:5-ით.... კლუბის პრეზიდენტმა რეორგანიზაცია ახლა გამოაცხადა, რამდენიმე დღის წინ, ალბათ ფარერებზე ნაჭამი სირცხვილი საკმარისი არ იყო....

ვიცით, რომ ბევრი ფული არ გვაქვს, კონკურენცია დაბალია... მოლდოვის ჩემპიონატის თამაშები გინახავთ ვინმეს? თუ კი, საწინააღმდეგო არ გექნებათ რომ ვთქვათ, ეროვნული ლიგის თამაშები გაცილებით კარგი შესახედი და უფრო სანახაობრივია, მაგრამ ტირასპოლის "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა და ზაგრების "დინამოს" პირველ მატჩში 3:0 მოუგო, იმ "დინამოს", რომელთანაც "საბურთალო" 2 მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა, ის "საბურთალო", რომლის მფლობელი და პრეზიდენტი ქართველ მსაჯებს საჯაროდ აგინებს და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს იმ მსაჯს, რომელიც უეფამ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარ არბიტრად დანიშნა... არაპროფესიონალიზმში მსჯებს იმ კლუბის პრეზიდენტი ადანაშაულებს, რომლის გუნდის თამაშებზეც 27 ადამიანი არ დადის...

და კიდევ "ტორპედო", თავისი მიმდინარე ისტორიით...

მოკლედ, რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ხმამაღლა ვთქვათ, თუ ყელს რა მასაც მოადგა და ასე ყოფნა აღარ შეიძლება?

საჭირო რევოლუციური ნაბიჯებია და არა რევოლუციური რეფორმები. რეფორმები რევოლუციას არ იწვევს, პირიქით არსებულის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არსებული კი რაცაა, კარგად ვიცით. ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კლუბების საქმეა, მაგრამ მსგავსი მოლოდინის ქონა ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება...

ამიტომ, რადიკალური, ერთგვარად ავანტიურისტული სვლები ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადადგას და მაგალითად, პროფესიონალურ გუნდებს დაფინსება სრულად შეუწყვიტოს, თუ კლუბი გარკვეული ოდენობის კერძო ფულს არ მოიზიდავს (მაგალითად, 1 მილიონ ლარს, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბის შემთხვევაში). გამოთავისუფლებული თანხები კი, ალბათ, ჯობს ინფრასტრუქტურასა და სფფ-ის აკადემიათა ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას მოხმარდეს, რაც საუკეთესო პროექტია, რაც 21-ე საუკუნის ქართულ ფეხბურთში გაკეთებულა...

ცხადია, ზედა აბზაცში აღნიშნული ვარიანტი ერთი რიგითი მოსაზრებაა და არა ხილული ჭეშმარიტება, მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს, რაღაც უნდა მოხდეს და ისეთი რაღაც, რაც წარუმატებლობის კედლებს დაანგრევს....
მკითხველის კომენტარები / 37 /
არ ვეთანხმები ავტორს, ქართული ფეხბურთი არათუ კავკასიის არამედ მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს დონეზეა, აი მაგლითიც:

2000 წლიდან მოყოლებული დაითვალეთ რამდენი პარლამენტარი, ქალაქების და რეგიონის მმართველები გამოუზარდა ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ქართულმა ფეხბურთმა!!!!!
წინ საქართველოვ!

ინტრიგანი უნდა იყო, ტაბლოზე ქართული გუნდების ანგარიში გაინტერესებდეს ამის შემდეგ!

ვაი ჩვენს ბედს...

პატივისცემით
დიდგორელი
17:40 20-08-2021
6
არაა ეს ხალხის სადარდებელი. საერთოდ ბიუჯეტიდან უნდა ჩაიხსნას სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი
დათო
20:18 20-08-2021
2

სიახლეები პოპულარული