დაძაბული მატჩი თელავში; "დილას" მოგება "შუქურასთან"

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ორი მატჩი. ჯამში 10 გოლი გავიდა. "თელავმა" შინ 2:2 ითამაშა "დინამო თბილისთან", გორის "დილამ" კი 5:1 სძლია ქობულეთის "შუქურას".

თელავი 2:2 დინამო თბ

დაძაბული თამაში გამოდგა. "თელავს" ამ ტურამდე ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა, დინამოელებს კი - ორი.

მე-20 წუთზე თელაველთა ჰაიტელმა შემტევმა ჟონელ დეზირემ ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს ჰაიტელის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ცხრა წუთში კი "დინამომ" გიორგი ხარაიშვილის პენალტით გაათანაბრა - 1:1.

მეორე ნახევარში ლამაზი გოლები ვნახეთ. ორივე ინდივიდუალური, სოლო-შესრულებით. ჯერ
"თელავის" შემტევმა ირაკლი რუხაძემ გაიტანა, 82-ე წუთზე კი "დინამოს" კოტდივუარელმა მუსა-ბაბა სანგარემ გაათანაბრა - 2:2. სანგარესთვისაც სადებიუტო გოლია საქართველოში, ისევე როგორც დეზირესთვის.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი "თელავმა" პენალტი ვერ გაიტანა: ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული დავით კერესელიძემ მოიგერია...

არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ამ მატჩში ორივე პენალტი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა.

დილა 5:1 შუქურა

გორის "დილამ" ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას". "დილამ" ირაკლი მოდებაძის ხელმძღვანელობით ითამაშა: მოდებაძე ანდრი დემჩენკოს თანაშემწე გახლდათ, დემჩენკო კი როგორც იცით, "დინამო ბათუმს" გაწვრთნის.

გორელები მე-9 წუთზე უკვე ფორით იგებდნენ. გიორგი გაფრინდაშვილმა ჯერ თავად გაიტანა მაღალ კუთხეში დარტყმით, მერე კი ჟან ვიქტორს გაუკეთა საგოლე პასი. პირველ ტაიმში "დილამ" 3:0 გახადა ანგარიში, როცა მიშიკო სარდალიშვილის დარტყმული ბურთი "შუქურას" ფეხბურთელ ლაშა კვარაცხელიას მოხვდა და ავტოგოლი გავიდა.

მეორე ნახევარში "დილადან" ორივე გოლი მიკოლა კოვტალიუკმა მიითვალა, ხოლო "შუქურადან" გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა თავურით. საბოლოოდ 5:1.

"შუქურაზე" დავწერეთ, "დილა" კი ცხრილში მეოთხეა, თუმცა ერთი თამაში მარაგში აქვს და პოტენციურად (დაკარგული ქულები რომ ავიღოთ) მეორე საფეხურზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
დილას ერთი კი არა ორი თამაში აქვს გადადებული სათამაშო დინამოებთან საკუთარ მოედანზე.
ბაბა
04:45 26-08-2023
0

სიახლეები პოპულარული