ხუთთვენახევარი, 18 ტური!.. იბერიელებმა "დილას" წაუგებელი სერია შეწყვიტეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა, აქედან ორი ფრედ დასრულდა, კიდევ, "დილას" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა - შინ დამარცხდნენ "იბერია 1999"-თან. ვნახეთ დუბლი, ავტოგოლიც.

დილა 1:3 იბერია 1999

იბერიელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. "დილამ" კი მეოთხე ტურის მერე პირველად წააგო. ბოლოს ქუთაისში დამარცხდნენ "ტორპედოსთან" (0:1), ეს მოხდა 16 მარტს, მას შემდეგ კი ხუთთვენახევარი გავიდა.

თბილისელები 30-ე წუთზე უკვე დიდი ანგარიშით იგებდნენ. იური ტაბატაძის მიერ მარჯვნიდან გაკეთებულ პასებს მოჰყვა ჯერ გიორგი კოხრეიძის, მერე კი გიზო მამაგეიშვილის გოლი. მესამე
ბურთი კი ისევ კოხრეიძემ მიითვალა შორიდან ძლიერი დარტყმით - 0:3. ეს კოხრეიძის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და მესამე ადგილზეა ბომბარდირთა დავაში.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში თბილისელები ათი კაცით დარჩნენ, რადგან ოთარ მამაგეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. "დილამ" ბოლოს მოახერხა ერთი გოლის გატანა, კერძოდ, 18 წლის განელმა დომინიკ ამპონსამ ახლოდან შესძლო დარტყმა და 1:3.

კოლხეთი 1913 0:0 თელავი

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა. გოლი არ გავიდა. ფოთელები მეხუთე ადგილზე არიან, თელაველები კი - მერვეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა. ისე, კახეთის გუნდმა მესამე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, ხოლო "კოლხეთი 1913" ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ისე, "თელავს" 10 გუნდს შორის ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი (17), მაგრამ ბევრსაც არ უშვებს (23).

დინამო თბ 1:1 სამტრედია

"დინამო თბილისმა" შინ 1:1 ითამაშა აუტსაიდერ "სამტრედიასთან". ორივე გოლი ბრაზილიელმა ლეო ასუნსეუმ გაიტანა, თუმცა პირველ ტაიმში მეტოქის კარში, მეორე ნახევარში კი - საკუთარ კარში.

მე-17 წუთი იყო, როცა ლეომ რატი არდაზიშვილის ჩაწოდებულ ბურთს თავური მიაყოლა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი მიითვალა. "სამტრედია" დიდხანს იგებდა, 71-ე წუთამდე... დინამოელთა გარემარბმა საბა სამუშიამ ითამაშა კარგად, დრიბლინგის მერე მწვავე პასი გააკეთა და ლეო ასუნსეუმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 1:1.

"დინამო თბილისი" მეშვიდე ადგილზეა. სხვათა შორის, ამ სეზონში "სამტრედიასთან" სამივე თამაში ფრედ დაასრულეს...

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხედავთ როგორ თამაშობს ქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული იბერია? ამიტომ აუცილებელი მიიღოს ფედერაციამ გადაწყვეტილება, რომ მომავალი სეზონიდან სამ მოწვეულ ფეხბურთელზე მეტმა ერთ მატჩში ერთი გუნდის შემადგენლობაში არ უნდა ითამაშოს.
ჟორა გაბრიჭიძე
10:54 01-09-2024
2
ერთადერთი პოზიტივი ამ საქმეში ის არის რომ ხალხი დასაქმებულია.ამათ ისე რომ მოექცეს სახელმწიფო,როგორ მოქცევასაც იმსახურებენ,უმუშევრობის სტატისტიკა გაიზრდებოდა,ახლა კი ითვლებიან დასაქმებულებად,იღებენ ხელფასებს _ზოგი მოთამაშისას,ზოგიც მწვრნელისას და ასე
ჯუდო
11:30 01-09-2024
0

სიახლეები პოპულარული