კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა - რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის პირველ ტურში მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, 5 მარტს კი მეორე ტური დაიწყო.

თელავის "კავკასიონი არენაზე" "თელავმა", რომელმაც პირველ ტურში ჩემპიონ "იბერია 1999"-თან წააგო, ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. Sportall.ge-მ მატჩი ადგილიდან გააშუქა, სადაც შემოღამებამდე დათოვლილი კავკასიონის მშვენიერი ხედი იყო.

ეს გუნდები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ, კახელებმა უკვე ხუთჯერ მოიგეს, აქედან ნახევარზე მეტი კი საკუთარ მოედანზე მოდის.

ფოთელებს საინტერესო გუნდი ჰყავთ, გიორგი მოისწრაფიშვილსა და გიორგი აბუაშვილს გულშემატკივრები კარგად იცნობენ, 21 წლის ბრაზილიელ გაბრიელ პასზე (მეორე ტაიმი ითამაშა) დაკვირვება კი
გვაინტერესებდა. რაც შეეხებათ თელაველებს, ვატო არველაძისა და ჯადული იობაშვილის სახით აქ ახალი შემტევი ხაზია.

შეხვედრის სტარტზევე კარის აღების შანსი სტუმართა ფორვარდ კლიმოვს მიეცა, მაგრამ მცველებთან ორთაბრძოლაში კარს ცოტათი ააცილა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ფოთელები მაღალ პრესინგს მიმართავდნენ და ბურთის მოპოვებას მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს ახერხებდნენ, რასაც კიდევ ორი სახიფათო მომენტი მოჰყვა. მასპინძლები ბურთის კონტროლს ცდილობდნენ, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ.

მეექვსე წუთზე კლიმოვისა და კპოზოს ორთაბრძოლას კუთხური მოჰყვა, მოისწრაფიშვილის ჩაწოდების შემდეგ კიდევ ერთი კუთხური იყო, რასაც ფოთელებისთვის შედეგი არ მოუტანია. მალე ფირანიშვილმა ფაჩულიას სახიფათოდ გააყოლა.

"ბურთი დაიჭირეთ" - ისმოდა კახელთა თავკაც ვალერიან გაგუას მხრიდან. მალე გიორგი აბუაშვილმა, რომელსაც მაღალი კლასი აშკარად ემჩნეოდა, კარში სახიფათოდ დაარტყა, ვითარება კი მცველებმა ბოლო მომენტში განმუხტეს.

"თელავს" საკუთარი თამაშის პოვნა უჭირდა, "კოლხეთი" უფრო ორგანიზებული და მწვავე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მე-18 წუთზე მასპინძლებმა სახიფათოდ შეუტიეს, რასაც ორი კუთხური მოჰყვა. მალევე, "კოლხეთის" კარისკენ ვატო არველაძემ გაისროლა.

პირველი 45 წუთის ბოლოსკენ თელაველები გააქტიურდნენ, თუმცა თუკი ტაიმის უკანასკნელ წუთს არ ჩავთვლით, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა, გამსაკუთრებული ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ.

50-ე წუთზე თელაველთა კარში ისევ აბუაშვილმა გაისროლა, ბურთს კი მეკარე თანდილაშვილი იოლად დაეუფლა. ამის შემდეგ კურიოზული სიტუაცია ვიხილეთ, მოედანზე ძაღლი შევარდა და ცოტა ხნით შეხვედრა შეაფერხა.

56-ე წუთზე კარის აღება ჯადული იობაშვილმა სცადა, რაც მეკარე კოტლიაროვმა არ დაანება. 58-ე წუთზე მასპინძლებმა მაგარი კომბინაციის შემდეგ გაიტანეს, რომლის ხილვაც ერთ რამედ ღირდა - უბილავამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი სწრაფად და ტექნიკურდ წაიღო, ცეცხლაძემ ჩააწოდა, 23 წლის ტატო ჯივიძემ კი სტუმართა კარი დალაშქრა - 1:0. მალევე, კუთხურიდან ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მასპინძლეთა უპირატესობა აშკარა გახდა, ფოთელთა შეტევები კი უკვე ნაკლებორგანიზებული.

72-ე წუთზე ვატო არველაძემ ანგარიშის გაზრდა საჯარიმო დარტმით სცადა, რაც მეკარის ნადავლი გახდა. მალევე, მან მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ფირუზ მარაქველიძე ვიხილეთ, რაც მოედნის ცენტრის გაძლიერებას ნიშნავდა. კახა ჩხეტიანმა ამას სამმაგი ცვლილებით უპასუხა. საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა.

05.03. თელავი. "კავკასიონი არენა".

თელავი - კოლხეთი 1913 1:0

გოლი: 1:0 (58) ჯივიძე (ცეცხლაძის პასით)

თელავი: თანდილაშვილი - გოგნაძე, კპოზო, ოდიშვილი, უბილავა (ტალახაშვილი, 93) - ცნობილაძე - ჯივიძე (გოგოტიშვილი, 78), დევდარიანი, არველაძე (მარაქველიძე, 74), ცეცხლაძე - იობაშვილი.

კოლხეთი 1913: კოტლიაროვი - ახალაძე (შეყილაძე, 77), ხარშილაძე, გიუნაშვილი, ჯიჯავაძე (ჩიხრაძე, 78)- ფირანიშვილი, მოისწრაფიშვილი - ზურაბიანი, აბუაშვილი (ჩიქოვანი, 77/ხარებავა,87), ფაჩულია (პასი, 46) - კლიმოვი. 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი.

ვილი სანიოლი, ზურაბ ხიზანიშვილი და რამაზ სვანაძე "მიხეილ მესხზე" ლიდერების მატჩს დაესწრნენ.

05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი".

იბერია 1999 - ტორპედო 2:0

1:0(39) სიხარულიძე (სილაგაძის პასით), 2:0 (65) პიმენტელი (ავტ.გ).

ეროვნული ლიგის მეორე ტური 6 მარტს დასრულდება.


ღვთისავარ ანთაძე თელავიდან

altჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
გააგდეს ეგ შოტლანდიელი და მერე რა? არაფერი. რა სოფილის გუნდი იყო ქუთაისი რუსულ-კომუნისტური სახელით ის დარჩა ისევ. ქართულმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა. მოაცილეთ ეს დასახელება ტორპედო და ნუ არცხვენთ საქართველოს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21:05 05-03-2025
13
დაარქვით ტორპედოს - იმერეთი!!! დაივიცყეთ ეს სსსრკ რა!!! დინამო თბ- იბერიად!! დინამო ბთ -აჭარად!! და მიხედეთ ბავშთა ფეხბურთს!! ნუ ყიდით ძაან ახალგაზრდებს, მწვრთნელების დონეს მიხედეთ ან ჩამიყვანეთ!
მერე ცოტა მაინც გვეშველება!! ქეცბაია დაპატიჟეთ, არველაძე.. ცხადაძე… ძაან ამახლდება დონე, სანახაიბრივი გახდება ჩემოიონატი!!
კალაძე-დაანებე რა მაგ პოლიტიკას თავი და ფეხბურთს მიხედე , გაქ გამოცდილება და ცოდნა ამის!!!
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული