მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საგარეო შეხვედრაში მოლდოვას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში ქულები გაუყო. თუმცა ჩვენს გუნდს სხვა მიზანი ჰქონდა - ამ საკვალიფიკაციოში პირველი სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა...

მატჩამდე
ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდა. იმთავითვე ვიცოდით, რომ ვერ ითამაშებდნენ ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და გიორგი ლორია, თამაშამდე ორიოდ დღით ადრე კი ჯანო ანანიძე და ვაკო გვილიაც დაგვაკლდნენ.

უკეთეს სიტუაციაში იყო მოლდოვის ნაკრები, თუმცა
დანაკლისს ვერც იგორ დობროვოლსკის სამწყსო ასცდა - მასპინძლებს გუნდის კაპიტანი და ლიდერი ალეკსანდრუ გაცკანი არ ჰყავდათ.

კიშინიოვში მზიანი დარი იდგა. ჩვენს ნაკრებს საქართველოდან წამოსული ფანებიც ამხნევებდნენ. "ზიმბრუს" სტადიონის მინდვრის საფარს რაც შეეხება, ის მართლაც იდეალურ მდგომარეობაში იყო...

ვაისმა შესაბამისი დასკვნები გააკეთა სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ნათამაშები ამხანაგური მატჩის შემდეგ. შეიცვალა შემადგენლობა და ტაქტიკური სქემა. მთავარი სიურპრიზი კი სასტარტო თერთმეტეულში გიორგი არაბიძის გამწესება იყო...

ერთი რამ ცხადად დავინახეთ: ვაისმა სასტარტოში დააყენა ის ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ 7 ივნისის თბილისურ სპარინგში. ცოტა მოულოდნელი გვეჩვენა გიორგი მერებაშვილის სათადარიგოთა შორის გამწესება. კითხვები დაბადა ორი ჩამშლელის, ბუბა დაუშვილისა და ჯაბა კანკავას ერთად დაყენებამ. რაც შეეხება სამი ცენტრალური მცველით თამაშს, ეტყობა, ვაისმა რაოდენობის ხარჯზე სცადა ამ სათამაშო რგოლში არსებული ხარვეზების გამოსწორება.

საერთო ჯამში, 5 ნომინალური მცველი გვყავდა, მაგრამ ფლანგელ უკანახაზელებს - უჩა ლობჟანიძესა და გიორგი ნავალოვსკის - შეტევაში აქტიური ჩართვა დაევალათ.

მატჩის დაწყებამდე მოლდოვის ნაკრებიდან გააცილეს ვიქტორ გოლოვატენკო. 33 წლის მცველმა ეროვნული გუნდის მაისურით 63 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს თამაშობდა "შერიფში", "ტირასპოლში", "ხიმკიში", "ყუბანსა" და "სიბირში". სადღეისოდ კი ბელცის "ზარიას" ღირსებას იცავს...

მატჩი
თამაში მცირეხნიანი დაზვერვით დაიწყო. პირველი ნახევარმომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა. გიორგი არაბიძის საჯარიმოს მეკარე ნამაშკო ადგილზე დაუხვდა. ამას მოლდოველთა არჩათვლილი გოლი მოჰყვა. ბურთი გაუმართლებლად დავკარგეთ. მასპინძლებმა შეტევა განავითარეს, რომელიც რადუ გინსარმა ზუსტი დარტყმით დაასრულა, მაგრამ შვედმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და მასპინძლებს სიხარული არ აცალა...

თუმცა მალე გოლი მაინც გავუშვით - კოციუკის ჩაწოდების შემდეგ გინსარი ქართველ უკანახაზელებს დაუსხლტა და ანგარიში გახსნა. ცენტრალურ მცველებს იმ ეპიზოდში, რბილად რომ ვთქვათ, უკეთ თამაში მართებდათ...

მე-20 წუთზე საქართველოს ნაკრებს ძალიან რეალური მომენტი შეექმნა - ლადო დვალიშვილის თავური ზედ კარის ხაზზე გააქვავა მეკარე ნამაშკომ. იმ ეპიზოდში კარგად ჩააწოდა არაბიძემ...

ამას დვალიშვილისა და ნიკა კაჭარავას მცდელობები მოჰყვა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. 34-ე წუთზე დვალიშვილმა კაჭარავას ჩაუწოდა და მანაც ვარდნაში დაარტყა - მოლდოველები მცველის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა.

36-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისს იძულებითი შეცვლის (უჩა ლობჟანიძე დაშავდა) გაკეთება მოუწია, მოლდოველებმა მეორე გოლიც გაგვიტანეს. ანტონიუკმა ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგზე  გაილაღა. ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ მას აშკარად გაექცა ბურთი (ჩვენი ვარაუდი ეპიზოდის გამეორებამ დაადასტურა) მინდვრის ფარგლებს გარეთ, მაგრამ... შვედმა არბიტრმა სხვანაირად შეაფასა ეპიზოდი და გოლი ჩათვალა...

რა თქმა უნდა, ეს იყო მსაჯების უხეში შეცდომა, მაგრამ პირდაპირ უნდა დავწეროთ - დაცვაში ასე თამაში არ შეიძლება!

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ვაისმა კიდევ ერთი შეცვლა გამოიყენა - დაუშვილის ნაცვლად მინდორზე ვაკო ყაზაიშვილი შეუშვა, გუნდი კი 4-2-3-1-ზე გადააწყო.

ჩვენი გუნდი აშკარად გააქტიურდა. 53-ე წუთზე შეტევაში ჩართული გურამ კაშიას თავური მოლდოველმა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. ისე ჩანდა, რომ იქამდე მასპინძელთა საჯარიმოში კაჭარავას ხელით იჭერდნენ...

59-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ ორჯერ არ გაატანინა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გინსარს. იქვე, ნიკა კვეკვესკირს შორეული დარტყმა გაუცუდდა. 62-ე წუთზე კი არაბიძე ერთ მცველს გასცდა და შორეულ კუთხეში ოდნავ არაზუსტად დაარტყა...

ქართველთა მორიგი მომენტი: კარგი კომბინაციის შემდეგ კაჭარავას მშვენიერი მომენტი ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

66-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენა შევამცირეთ. მინდორზე სულ რაღაც ერთი წუთის შესულმა გიორგი მერებაშვილმა ეშმაკური დარტყმით აიღო ნამაშკოს კარი. იმ ეპიზოდში კაჭარავამ მაგრად იბრძოლა, მერებაშვილმა კი, როგორც იტყვიან, "შეასრულა".

70-ე წუთზე ანგარიში უკვე თანაბარია და რჩება საკმარისი დრო გამარჯვებისთვისაც! ყაზაიშვილის შესანიშნავ დარტყმას მოლდოველთა მეკარემ ვერაფერი დაუპირისპირა. მალევე, არაბიძის დარტყმული ზემოდან სცდება მასპინძელთა კარს...

მე-80 წუთზე კი ჩვენც გადავრჩით. კვეკვესკირმა ცარიელი კარიდან თავგანწირული ნახტომით გამოიტანა ბურთი, არადა, გოლი გარდაუვალი ჩანდა.

ზედიზედ ორი მომენტი ჩვენ გვქონდა. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა კაჭარავამ ვერ შეაგდო, მერე კი არაბიძემ გაარტყა ხარიხას. ამ ეპიზოდებში საფეხბურთო ფორტუნამ მოლდოველებსაც უშველა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დასკვნის მაგიერ...
ვაისის ფორმაციის ნაკრებს ზნედ დასჩემდა ორი ტაიმის სხვადასხვა დონეზე ჩატარება. ამჯერადაც ასე იყო. მეორე ტაიმი, რომელშიც მეტოქე აშკარად დავჩაგრეთ, გაცილებით უკეთესი იყო ჩვენი გუნდისთვის. პირველიც რომ ამ დონეზე ჩაგვეტარებინა, უთუოდ მოვიგებდით.

იმ პირველში იყო აშკარა შეცდომები, რომლებიც სასწრაფოდ გამოსწორებას მოითხოვს. მეორე საკითხია შვედი არბიტრის ძალიან ცუდი მსაჯობა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ, ჩემი აზრით, მან თამაშის შედეგზე გავლენა იქონია.

"ქამბექი" შედგა, ორბურთიანი დეფიციტი გავაბათილეთ, მაგრამ... მაინც გული დაგვწყდა. მოგება შეგვეძლო, მაგრამ სხვა ფაქტორებთან ერთად სტაბილურობამაც დაგვაღალატა.

ვლადიმირ ვაისი:
- "ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. VI ტური
11.06. კიშინიოვი. ზიმბრუ
მოლდოვა-საქართველო 2:2
გოლები: 1:0 გინსარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (66), 2:2 ყაზაიშვილი (70)
მოლდოვა (4-2-3-1): ნამაშკო - ციგირლაში (78. რაკუ), პოსმაკი, ეპურეანუ, ბორდიანი - ჩებოტარუ, კარპი (73. კოჟოკარი) - ანტონიუკი, კოციუკი (73. ბუგაევი), დედოვი - გინსარი.
სათადარიგოები: კოშელევი, პაშჩენკო, გრაური, პლატიცა, ანტონი, ბოლოჰანი, ანდრონიკი, მიჰაილოვი, პოტიმიჩე
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
საქართველო (5-2-2-1): მაკარიძე - ლობჟანიძე (35. კვეკვესკირი), კვირკველია, კაშია, ტაბიძე, ნავალოვსკი - დაუშვილი (46. ყაზაიშვილი), კანკავა - არაბიძე, დვალიშვილი (65. მერებაშვილი) - კაჭარავა.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, კვასხვაძე, არაბული, ს. ლობჟანიძე, გვილია, შერგელაშვილი, ლობჯანიძე, ჯიღაური, კაკაბაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: არაბიძე (79), ბორდიანი (88), კანკავა (89)
არბიტრი: ა. ეკბერგი (შვედეთი).

ჯგუფის სხვა მატჩები
ირლანდია-ავსტრია 1:1
გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (31), 1:1 უოლტერსი (85)

სერბეთი-უელსი 1:1
გოლები: 0:1 რემზი (35-პენ), 1:1 მიტროვიჩი (74)

- მ/ჩ 2018. VI ტური. D ჯგუფი: ერთნაირი სცენარით... [VIDEO]

მომდევნო ტური
2 სექტემბერი
საქართველო-ირლანდია
სერბეთი-მოლდოვა
უელსი-ავსტრია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარები / 25 /
მართალია შემოვტრიალდით-უფრო ღრმა უფსკრულისაკენ
გია
21:19 12-06-2017
0
მე ესე მგონია რომ ვაისა არ იძახებს ფეხბურთელებს , დვალიშვილს და ლობჟანიძეს ნაკრებში რომ იძახებენ ხალხს უკვე აგრესია აქვთ და ნიუჯელი ამდენი ხნის მანძილზე მაინც იძახებს ამ ორ მოთამაშეს? სხვა თავები მარხია აქ ჩვენი ფეხბურთი ცინ კი არა უკან უკან მიდის ერთი ოფიციალური მატთს რომ ვერ მოიგებ ადამიანი რაც არ უნდა გენდონ და გიხანგძლივონ კონტრაქტი , სინდისი ნამუსი ხო უნდა გქონდეს რომ ადგე და ცახვიდეე, ესპანეთან მოგებული თამაში კიდევ იყო როგორი მომენტი იცი , ისინი ჩვენ ნაკრებზე ნელა დადიოდნენ კი არ დარბოდნენ უბრალოდ აგორავებდნენ ბურტს და სენსაცია დააფიქსირესს რაა , ვისაც ზღაპრების გჯერავთ რომ ესპანეთს მოუგეთ ბრძოლით დაიჯერეთ , 5 კაცი გვინდა ოქრიაშვილის ნაირი ჯილკიანი ბიჭი რა, გუნდში არ თამაშOბს ისე ჯილკით როგორც ნაკრებში ვენაცვალე მასეთ ფეხბურთელბსსს
CHumad
19:56 12-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული