"ქართული სპორტის ქომაგები": მოლდოველებმა, ჩვენზე მეტად თქვენ გეკუთვნოდათ მოგებაო...

AutoSharing Option
11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას დაუპირისპირდა. ჩვენს გუნდს მოლდოვაში "ქართული სპორტის ქომაგებმა" უგულშემატკივრეს.

"ნაკრების გასვლით მატჩზე დასწრების იდეა "ქართული სპორტის ქომაგებს" დაარსების დღიდან გვქონდა. ეს, ერთი შეხედვით უტოპიური აზრი (უტოპიური იმიტომ, რომ ფინანსურ პრობლემებთან ერთად, მაშინ სავიზო პრობლემებიც არსებობდა), "ქომაგებს" ოცნებად გვქონდა გადაქცეული.

საგულისხმო და სასიამოვნოა ის, რომ მოლდოვაში წასვლა და ეროვნული გუნდის უცხო მიწაზე ქომაგობა მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. ეგ კი არა, თავდაპირველი იდეა და სურვილიც მათგან მომდინარეობდა.

მოკლედ, გავიგეთ, რომ ფედერაციას ჰქონდა
სურვილი, "ქომაგთა" 30-კაციანი ჯგუფი ჩარტერული ფრენისა და სტადიონის ბილეთებით უზრუნველეყო. ახლა ბურთი უკვე ჩვენს მოედანზე იყო და მოქმედებაც დავიწყეთ.

დავბეჭდეთ სპეციალური გასვლითი მაისურები, ბანერები, სტიკერები, შევარემონტეთ აღჭურვილობა (ბარაბანი, რუპორი და ა.შ.), კვირა დღეს კი, ჩვენი დროით 15 საათზე უკვე თვითმფრინავში ვისხედით და საქართველოს ხედებით ვტკბებოდით.

ფრენას ორ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა და მოლდოვის დროით 17:15-ზე კიშინიოვის აეროპორტში დავეშვით. მასპინძლები საოცრად თბილი ხალხი აღმოჩნდა. ყველგან, სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, გვიღიმოდნენ, გვეხუტებოდნენ და თითო-ოროლა ქართულ სიტყვასაც გვეუბნებოდნენ. ქალაქის დასათვალიერებლად ერთ საათზე ოდნავ მეტი დრო გვქონდა და ბევრის ნახვა ვერ მოვასწარით. სტიკერებით ავაჭრელეთ კიშინიოვის ცენტრალური უბნები, ადგილობრივი ლუდი გავსინჯეთ, სიმღერებითა და შეძახილებით ავახმაურეთ წყნარი ქალაქი და სტადიონისაკენ გავემართეთ.

მატჩი "ზიმბრუს" სტადიონზე გაიმართა. ეს პატარა, კოხტა და ლამაზი არენაა, 10 500-იანი, დახურული ტრიბუნებით და ლამაზი საფეხბურთო გარემოთი. "ზიმბრუ არენა" სწორედ ისეთი სტადიონია, საქართველოს ნებისმიერ ქალაქს რომ დაამშვენებდა. სტადიონზე შესვლის წინ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. არ გვატანდნენ ბარაბანს და რუპორს, თუმცა დიდი კამათისა და მონდომების შემდეგ მაინც ჩვენი გავიტანეთ და "ზიმბრუ არენაზე" სრული ეკიპირებით შევედით.

უშუალოდ თამაშის პერიპეტიები მკითხველს უკვე მოეხსენება, ამიტომ განმეორებით თავს აღარ შეგაწყენთ. სამაგიეროდ, მოგიყვებით იმას, რასაც ეკრანზე ვერ ნახავდით. ჩვენთან მოდიოდნენ ადგილობრივები, იღებდნენ ფოტოებს, გვეხუტებოდნენ, გვეფერებოდნენ, ზოგს ცოლი ჰყავდა ქართველი, ზოგს დედა, ზოგიც კი თავად იყო საქართველოდან ემიგრაციაში წამოსული. მოდიოდნენ და გვთხოვდნენ დროშებს, სტიკერებს. უმეტესობას უნდოდა, სახლში ქართული ეკიპირება წაეღო და ამით ოჯახის წევრები გაეხარებინათ. მეორე გოლის შემდეგ თავად მოლდოველებმა გვითხრეს: მსაჯი შეცდა, გოლი არ უნდა ჩაეთვალაო. მატჩის შემდეგ კი ამბობდნენ, მოგება ჩვენზე მეტად გეკუთვნოდათო.

მატჩის დამთავრებისთანავე, სიმღერებითა და შეძახილებით გავემართეთ ავტობუსისაკენ, რომელმაც აეროპორტში წაგვიყვანა. იქ ფეხბურთელებს დაველოდეთ, სტანდარტული პროცედურები გავიარეთ და ემოციებისაგან დაცლილები, დაღლილები, ხმაჩახლეჩილები და პირველი ვოიაჟით ბედნიერები, ღამის 3 საათზე უკვე თბილისში ვიყავით.

იმ ემოციებსა და გრძნობებს, რომელიც უშუალოდ სტადიონზე გვქონდა, სიტყვებით ვერ აღვწერთ და არც შევეცდებით. ეს თავად უნდა გამოსცადოთ.

ჩვენ "ქართული სპორტის ქომაგები" ვართ და როგორც შეგპირდით, კვირას ჩვენი ხმა გავაგონეთ ევროპას", - წერენ "ქომაგები".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ ისაც დაამატეს თუ სამართალია ჯგუფის ლიდერები თქვენ უნდა ყოფილიყავითო.
მიხო
22:07 13-06-2017
0
ბრავო მიხარია ძალიან
Akakkop
21:55 13-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული