უთამაშებლები, ახალწვეულები... ვლადიმირ ვაისის 33 რჩეული

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები სექტემბრის დასაწყისში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს გამართავს: ვლადიმირ ვაისის გუნდი 2 სექტემბერს "დინამო არენაზე" ირლანდიას შეხვდება, ხოლო 5 სექტემბერს ვენაში ავსტრიას დაუპირისპირდება.

"ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა...

უთამაშებლები...
სამწუხაროდ, ამ სიაში ბევრი ისეთი მოთამაშეა, სათამაშო პრაქტიკა რომ აკლია. ყველაზე მნიშვნელოვანი - ეროვნული გუნდის ორი წამყვანი საყრდენი ნახევარმცველის უთამაშებლობაა - ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა (დისკვალიფიკაციის გამო ირლანდიასთან თამაშს ტოვებს) "რეიმსიდან" წამოვიდა, თავისუფალი აგენტია და ჯერ არც ერთ გუნდში არ ვარჯიშობს.

ვაკო გვილია კი,
მართალია, ბორისოვის ბატე-შია, მაგრამ ტრავმამოშუშებული ჯერ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. 23 წლის ფეხბურთელი 6 აგვისტოს "მინსკთან", ხოლო 11 აგვისტოს ბრესტის "დინამოსთან" განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ბოლოს ის მოედანზე 2 აგვისტოს გამოჩნდა (76-ე წუთზე), როცა ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელორუსებმა პრაღის "სლავიას" მოუგეს (2:1).

ასეთივე მდგომარეობაშია დავით ხოჭოლავა, რომელსაც დონეცკის "შახტარში" თამაში არ ეღირსა და ბოლოს მცირე ტრავმაც მიიღო.

ბუბა დაუშვილი
უნგრეთის "დიოშდიორში" მხოლოდ ვარჯიშობდა და კლუბის გადაწყვეტილებას ელოდა შემდგომი თანამშრომლობისა თუ ურთიერთობის თაობაზე.

ჯანო ანანიძემ წლეულს მოსკოვის "სპარტაკში" ორიოდე მატჩი ჩაატარა. რატომღაც, იტალიელი სპეციალისტი მასიმო კარერა მას ნაკლებად ენდობა.

მაკედონიურ "ვარდარში" დიდი პრაქტიკა არც ჯაბა ჯიღაურს აქვს. 2 აგვისტოს მან "კოპენჰაგენთან" 82-ე წუთიდან ითამაშა. 12 აგვისტოს, ჯაბა მაკედონიის ჩემპიონატში "შკენდიასთანაც" შეცვლაზე (28 წუთით) შევიდა. გუშინ კი, ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩში, თურქულ "ფენერბაჰჩესთან" 67-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

ახლა მომჯობინდნენ...
ასეთი ნაკრებში ორი ფეხბურთელია - გიორგი ქვილითაია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტრამის შემდეგ ვენის "რაპიდის" შემადგენლობას 13 აგვისტოს დაუბრუნდა (74-ე წუთიდან ითამაშა).

ტრავმის შემდეგ ყაზახურ "ატირაუში" გამოჩნდა მცველი უჩა ლობჟანიძე, მაგრამ ჯერ არ თამაშობს. ის 11 აგვისტოს, მოლდოვასთან საგარეო მატჩის 35-ე წუთზე დაშავდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

7 ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან და ახალწვეულები
გაფართოებულ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ლიგის 7 ფეხბურთელია: ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლევან გეგეჭკორი, ბაქარ ქარდავა, თემურ შონია, ირაკლი სიხარულიძე.

4 ფეხბურთელია თბილისის "დინამოდან", ხოლო თითო - ქუთაისის "ტორპედოდან", ბათუმის "დინამოდან" და თბილისის "ლოკომოტივიდან". ისიც საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგიდან მიწვეული ორივე მეკარე ქუთაისშია გაზრდილი...

რევიშვილს ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაუტარებია. გამოცდილ მეკარეს ვაისმა მას შემდეგ უხმო, რაც თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა.

რაც შეეხება ახალწვეულებს - გეგეჭკორი, ქარდავა, ჩაკვეტაძე, სიხარულიძე ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად მიიწვიეს. განსაკუთრებით, ჩაკვეტაძის მიწვევაა აღსანიშნავი - ამ 17 წლის ბიჭის პროგრესზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი იყო - ეროვნულ ლიგასა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მან ნათლად აჩვენა დიდი პოტენციალი.

ძალიან კარგ სეზონს ატარებს ქარდავა. თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს და, როგორც ჩანს, ვაისი დააკვირდება, შეძლებს თუ არა სანაკრებო დონეზე თამაშს.

ყველა ასაკობრივი ნაკრები რომ მოიარა, აგერ, გეგეჭკორი ეროვნულ გუნდშიც მოხვდა. მას მარჯვენა ფლანგზე დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც. სავარაუდოდ, ვაისი მას უთამაშებელი ლობჟანიძის ალტერნატივად განიხილავს და დააკვირდება, გაუწევს თუ არა კონკურენციას იმავე ლობჟანიძესა და ოთარ კაკაბაძეს.

თემურ შონიასა და სიხარულიძეს კი შანსი ეძლევათ, დაამტკიცონ, რომ ეროვნული ლიგის მოთამაშეებს სანაკრებო დონეზე თამაში შეუძლიათ. სიხარულიძემ წლეულს "ლოკომოტივის" ფორმით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, სულ კი 8 დუბლი შეასრულა. 27 წლის თავდამსხმელი თავის შანსს ელოდა და მიიღო კიდეც, ახლა კი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

საბოლოოდ, რა შემადგენლობით მოემზადება ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები 28 აგვისტოდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ჟიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო თბ), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო თბ), თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
სასრაფოდ გამოაქვეყნეთ ქართველი ფეხბურთელების შედეგები 30 და 100 მეტრზე სირბილში გვინდა ვიცოდეთ ვინაა დოლიძეზე სწრაფი
თემური რეხვიაშვილი
12:30 18-08-2017
0
შერგელაშვილი, დვალიშვილი და დაუშვილი ძირითადში :))) ვაი თქვენს პატრონს... რამდენი ხანი უნდა აწყოს ვაისმა შემადგენლობა ამ სხვისი კარნახით
ვაი
13:36 18-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული