მინდა, ერთი მაგალითი გაგახსენოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯერ ირლანდიასთან ითამაშებს, მერე კი ავსტრიასთან მოსინჯავს ძალას. ირლანდიას თბილისში ველით, ავსტრიელებს კი ვენაში ვესტუმრებით. მართალია, საქართველოს ნაკრებს აღარ აქვს ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსი, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ლელო" არჩილ არველაძეს შეეხმიანა - საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ვინც ამჟამად ტყუპისცალ შოთასთან ერთად ტაშკენტის "ფახთაქორში" მუშაობს. მასთან საუბარი სწორედ სანაკრებო თემით დავიწყეთ...

- როგორია თქვენი განწყობა უახლოესი ორი სანაკრებო მატჩის წინ?
- მე ყოველთვის მჯეროდა და
მჯერა საქართველოს ნაკრების, მით უმეტეს, საშინაო მატჩია და აქ ყველასთან შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში. ახლა არ ვიცი, რა ვთქვა. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, მაგრამ ბევრი გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელი, ბევრიც ტრავმირებულია. ტრავმები აქვთ გუნდის წამყვან ფეხბურთელებსაც... მაინც მჯერა, რომ შეგვიძლია, დიდი ბრძოლა გავუმართოთ ირლანდიას.

- რა შეგიძლიათ, თქვათ ირლანდიის თანამედროვე ნაკრების შესახებ?
- წლები გადის, ირლანდია კი ნაკლებად იცვლება. სულ ჰყავთ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი და აქვთ გუნდური სული. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. თამაშობს ცოტა მოძველებულ, ბრიტანულ ფეხბურთს. ფლანგებზე გადიან და იქიდან აწვდიან საჯარიმოში.

- ფაქტია, მომავალ მეტოქესთან საშინელი ბალანსი გვაქვს...
- მე არ მგონია, რომ ზოგადად, ამხელა სხვაობა იყოს ამ ორ ნაკრებს შორის. ირლანდიის ნაკრებთან კარგი თამაშებიც გვქონდა და ცუდიც. ეგაა, სადაც შეგვხვდნენ, ყველგან მოგვიგეს. მიმაჩნია, რომ იყო მატჩები, რომლებშიც აშკარად დაგვაკლდა ყისმათი.

- რა შეიძლება იყოს ამ შეხვედრაში ჩვენი კოზირი?
- რა თქმა უნდა, შინაური კედლები, სადაც ირლანდიაზე ბევრად ძლიერი გუნდებისთვის შეგვიქმნია პრობლემები... რა თქმა უნდა, ეს არის გულშემატკივარიც, რომელიც, იმედია, მრავლად იქნება სტადიონზე...

ცხადია, როცა საქართველოს ნაკრები ეთამაშება ირლანდიას, ჩვენი კოზირი უნდა იყოს ბურთის ფლობა, რადგან ეს ისტორიულად იყო ჩვენი ძლიერი მხარე და ახლაც შეგვიძლია მეტ-ნაკლებად, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები გვაკლია, ცოტა ვფრთხილობ. ოქრიაშვილი და მჭედლიძე არ გვეყოლებიან, გიორგი ჭანტურია არის, მაგრამ ტრავმა ახალმოშუშებული აქვს და საკითხავია, იქნება თუ არა ოპტიმალურ ფორმაში...

- საქართველოს ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, სათამაშო პრაქტიკა რომ აკლია. ხომ არ ჯობდა, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს აქცენტი ისეთ მოთამაშეებზე გაეკეთებინა, რომლებიც ამის დეფიციტს არ განიცდიან?
- კარგად მესმის კითხვის არსი, მე კი ჩემს აზრს გეტყვით. როცა ნაკრებს ეხება საქმე, აქ წინა პლანზე გამოდის გამოცდილება. შენ გაქვს ერთი ან ორი კონკრეტული სათამაშო დღე და არა დროის დიდი მონაკვეთი. ასეთ დროს გამოცდილება ფასდაუდებელია. შეიძლება, გაამართლოს იმ მიდგომამ, თქვენ რომ ამბობთ, მაგრამ დიდი რისკია.

ავიღოთ თუნდაც "ლოკომოტივის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე. ის ძალიან კარგია საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში, მაგრამ სანაკრებო დონეზე გამოუცდელია. შეიძლება, ისე ითამაშოს, რომ დაგლიჯოს ყველაფერი და სწორედ ეს გვინდა ყველას...

ზოგადად, ნაკრები ცოტა სხვანაირი თემაა, შიგნიდან ცოტა სხვანაირად ჩანს გამოცდილების ფასი. უბრალოდ, ძნელია, მწვრთნელი რომ ხარ, აიღო ფეხბურთელი და ეგრევე ძირითადში გააქანო. საქართველოს ნაკრების ისტორიას ახსოვს მაგალითები, რომ ფეხბურთელი თავის გუნდში შესანიშნავად თამაშობდა და ნაკრებში მისი ყოფნა დღეს თითქმის არავის ახსოვს.

მე შემიძლია, საწინააღმდეგო მაგალითიც მოვიყვანო. ლევან ცქიტიშვილი, ერთი ხანობა, უგუნდოდ იყო და, ალბათ, გახსოვთ, როგორი დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა მან საქართველოს ნაკრებში. ასე რომ, ფეხბურთელის თაობაზე მხოლოდ იმით ვერ იმსჯელებ, აქვს თუ არა სათამაშო პრაქტიკა.

- ბოლოს ტაშკენტის "ფახთაქორზეც" გკითხავთ. გუნდმა უკვე ითამაშა ოფიციალური მატჩები. რამდენად კმაყოფილები ხართ შედეგებით?
- არა უშავს, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა. პირველი თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები - პენალტი ვერ გამოვიყენეთ. მთლიანობაში, ნორმალურად მიდის ყველაფერი. ვმუშაობთ გეგმის მიხედვით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მთავარია "პახტაკორი" აღორძინდეს და გაძლიერდეს, თორემ ტუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ, "მთავარია გქონდეთ ფული" რომ არ იყოთ ჩვენისთანა დაჩაგრულიიი (კიჭიჩებო)
g.v.g.
10:05 01-09-2017
0
chamovides, romelime kartul gunds moaxmaros tavisi gamozdileba, fuli magas ar aklia, uzbeketis fexburtis agorzinebistvis, rom ibrzvis)))) kezbaias da zxadazesaz exeba eg, gamoichinon zota patriotizmi.
qomagi
11:57 31-08-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული