ზურაბ ხიზანიშვილი: ვაისი რომ გავუშვათ, უკეთესს მოვიყვანთ?

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილი გულახდილად ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული დღეს ავსტრიასთან გასამართავი შეხვედრის შედეგი.

- ავსტრია VS საქართველო - ვენაში ვალსი არ იქნება

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და კაპიტანი სამედიცინო ჯგუფის მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს...

- ირლანდიასთან შეხვედრით დავიწყოთ. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენი ნაკრების თამაშზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე...
- ჩვენმა ნაკრებმა ზუსტად ის ხასიათი აჩვენა, რაც ქართული გუნდისგან გვსურდა, რომ გვეხილა. ბურთის კონტროლით ჩვენი 75 პროცენტი ირლანდიელთა 25-ის წინააღმდეგ ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ამაში
გამოჩნდა ჩვენი ხასიათი და გაშიშვლდა ირლანდიის სისუსტეები. ასეთი რამ ამ ნაკრებთან არასოდეს მომხდარა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა ჩვენს აქტივში უნდა ჩავწეროთ.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს კარში ბურთი წესის აშკარა დარღვევით გავიდა - მეკარეზე თავდასხმა ყოველთვის ისჯება და არ ვიცი, არბიტრმა ირლანდიელის უხეშობა რატომ არ თუ ვერ შენიშნა.

პირადად მე ამ შეხვედრით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და დიდი სურვილი მაქვს, ავსტრიაშიც იგივე ვიხილო.

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

- რას ელით ავსტრიასთან მატჩისგან?
- ურთულესი თამაში გველის. ჩვენებმა ირლანდიასთან ისე კარგად ითამაშეს, ლოგიკიდან გამომდინარე, იმედიანად ვარ განწყობილი. აქ მთავარი იქნება, როგორ მოახერხებენ ბიჭები ძალების აღდგენას.

- წლების წინ, თემურ ქეცბაიას გუნდმა ხორვატიას 1:0 რომ მოუგო, სამ დღეში ისრაელმა იოლად მოგვიგო. ქეცბაიამ სწორედ მაშინ ახსენა, რომ ნაკრებს აღდგენები და ვიტამინიზაცია არასაკმარისად ჰქონდა...
- სწორედ ამას ვგულისხმობდი. ხორვატიასთან უმაგრესი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ისრაელში თამაშის დაწყებიდან 15 წუთში სირბილი აღარ შეგვეძლო, რადგან სათანადო აღდგენები და ვიტამინები არ იყო. ირლანდიასთან ძალიან დიდი ენერგია წავიდა. ასეთივე მდგომარეობაშია ავსტრია, რომელიც უელსს შეხვდა. ამიტომ ორივე ნაკრების წევრებს ძალების აღდგენა სჭირდებათ და შედეგი იმას ექნება, ვინც ამას უკეთ მოახერხებს.

- ვლადიმირ ვაისის შტაბში ამ საკითხზე გამოცდილი სლოვაკი სპეციალისტები მუშაობენ და მდგომარეობა არ გაუმჯობესდა?
- წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება, საქმე იმდენად წინ წავიდა. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვარ და ვიცი, ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხს რამხელა ყურადღებას აქცევს. ამას ეროვნული ნაკრების ბიჭებიც ამბობენ.

მაგრამ ევროპელებს ბევრად უკეთესი პირობები რომ აქვთ, ესეც ყველამ ვიცით. ამ კუთხით ირლანდიასა და ავსტრიას იდეალური მომსახურება აქვთ. სამ დღეში ორი ურთულესი შეხვედრის უკეთ ჩატარებას ის ნაკრები მოახერხებს, ვინც ამ საკითხს მოაგვარებს...

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ინგლისში გადასვლისას მეც მიჭირდა იმის წარმოდგენა, ყოველ სამ დღეში როგორ ვითამაშებდი, მაგრამ ისეთი სამედიცინო მომსამხურება გვქონდა, 48 საათში ახალდაბადებულს ვგავდი.

- ეს ყველაფერი დოპინგის ზღვარს ხომ არ უახლოვდება?
- დოპინგი არ არის, მაგრამ ახლოსაა, იმდენად სასწაულმოქმედი პრეპარატებია. ერთხელ "ბლექბერნში" ურთულესი შეხვედრა მქონდა და იმდენი ენერგია დავხარჯე, ვეღარ ვლაპარაკობდი. სამ დღეში კიდევ უფრო რთულ მეტოქეს ვხვდებოდით. მაგრამ ასეთი მომსახურებით შეუძლებელს შეძლებ - მოედანზე ენერგიით სავსე გავედი და ჩემს ძმასაც კი არ სჯეროდა, რომ ეს დოპინგის გარეშე მოვახერხე.

ეს საკითხი ევროპასა და კონკრეტულად ინგლისში ისეთ დონეზეა დაყენებული, დოპინგი არავის სჭირდება. პირადად მე ისეთ ვიტამინებს და კომპრესორს მაძლევდნენ, რომელიც თვითმფრინავსა თუ ავტობუსში მეხმარებოდა, რომ აეროპორტში დაშვებამდე ძალები აღმედგინა. კომპრესორი რეალურად კუნთების მასაჟორია, ზიხარ და ცივი და ცხელი წყლით კუნთები დაკარგულ ენერგიებს აღიდგენს, სახლში მისვლამდე დროს იგებ და სამ დღეში კი არა, მეორე დღესაც ენერგიით ხარ სავსე. ეს ყველა ქართულ გუნდს რომ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, უკეთეს დონეზე ვიქნებოდით.

- ვაისის საქმიანობას როგორ შეაფასებდით?
- მისი მუშაობა ისედაც მომწონდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავაფასე, რადგან მან ქართველების ხასიათი უცხოელებიდან ყველაზე კარგად გაიგო - ყველა მოთამაშეს იმ ფეხბურთს ათამაშებს, რაც მათ იციან, ეხერხებათ და უყვართ. ზუსტი პოზიციებიც მოუძებნა - კანკავას არყოფნაში, გამოკვეთილი საყრდენი ნახევარმცველი არ გვყოლია, მაგრამ კვეკვესკირი და ანანიძე როგორ ათამაშა? ეს თითქოს მარტივია, მაგრამ ბევრს არ შეუძლია.

სხვათა შორის, ირლანდიის 9 ნომერი შეინ ლონგი 2 წელი ჩემთან ერთად "რედინგში" იყო და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ეს ურთიერთობა დღემდე შევინარჩუნეთ. თამაშის შემდეგ ირლანდიელები აეროპორტში გაქანდნენ და სამწუხაროდ, ვეღარ ვნახე. მაგრამ დამირეკა და მითხრა, თქვენებისგან ასეთ ფეხბურთს ნაღდად არ ველოდი, თამაშის შემდეგ ვეღარ ვსუნთქავდიო. არადა, ლონგი "რედინგში" ყველაზე მეტს დარბოდა, კაცი არ ჩერდებოდა და ხუმრობით "ცხენს" ვეძახდით. ასეთ მოთამაშეს რომ დაღლი, გამოდის, სწორად გვითამაშია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ვაისს ახალ კონტრაქტს სთავაზობს...
- და არ უნდა დარჩეს? კარგი სპეციალისტიც არის, კარგი პიროვნებაც. რაც მთავარია, ვაისმა გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა, ფეხბურთელებიც მიჰყვებიან და ენდობიან. ამაზე ეს ფაქტიც მეტყველებს: მატჩი დაიწყო თუ არა, ეგრევე გავუშვით. ამის მიუხედავად, გუნდმა მოახერხა თამაშის შემოტრიალება, პირველივე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება და იღბალი ჩვენკენ რომ ყოფილიყო, მეორესაც გავიტანდით. ეპიზოდებში მეტოქეს ბურთი "დავუმალეთ" და დიდი უპირატესობა გვქონდა. ეს პატარა საქმე არ იყო.

საერთოდ, ნაკრებში მწვრთნელის ხშირი ცვლა დამღუპველია და შედეგს არ მოიტანს. ნაკრებში 16 წელი ვითამაშე და 13 მწვრთნელი შევიცვალე. ვაისი რომ გავუშვათ, უკეთესს მოვიყვანთ? ახალ დანიშნულსაც გუნდის შესასწავლად და ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, ისევ ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყება და ამასობაში დროს ისევ დავკარგავთ. რა გამოდის? თითქოს, ყველა ახალი მწვრთნელი ახალ გუნდს აშენებდა. თუმცა, რეალურად, ამით ნაკრები წლიდან წლამდე სუსტდებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ცხადაძე არ უნდა გაეშვათ. ზოგირთი თუ ასწავლის შვილებს ლონდონში და პარიჟში, ცხადაძემ რა დააშავა.ვაისის ლექსიკონში ცინიკურ ნიუნსებს მივაქციე ყურადღება!


გოგი ქუთაისელი
14:17 09-10-2017
0
ქეცბაია გაუშვით, ჩივაძე გაუშვით, ცხადაძე გაუშვით . . . ამას ვინღა ეკითხება, თვითონ და მისი მსგავსი ბებრები წავიდნენ, სჯობია. ჩაუკეთეს ახალ თაობას კარები თავისი ძმაკაცების ხელშეწყობით
გიორგი
08:58 09-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული