გიორგი მაკარიძე: იმ გოლს ნამდვილად ვერ დავიბრალებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი მაკარიძე. პორტუგალიური "მორეირენშეს" მეკარემ საფრთხე არაერთხელ აარიდა ჩვენს კარს და ეს მატჩები რომ არ წავაგეთ, ამაში მისი წვლილი ძალიან დიდია.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]
- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

მაკარიძესთან სასაუბრო ბევრი დაგვიგროვდა - როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თემაზე. "ლელო" მას პორტუგალიაში შეეხმიანა და ინტერვიუ ჩაწერა...

- როგორ შეაფასებდით ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრებს?
- უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო, თუმცა ორ ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია თამაშმა და არ
არის ცუდი შედეგი ორი ფრე. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ირლანდიასთან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით თამაშს, თუმცა რეალური საგოლე მომენტები მაინც ცოტა გვქონდა...

ავსტრიაში კარგად დავიწყეთ მატჩი, იმიტომ კი არა, რომ გოლი გავიტანეთ, თამაშითაც ვახერხებდით ბურთის დაჭერას. პირველი 15 წუთი გააზრებულად ვთამაშობდით, თუმცა მერე, ალბათ, ავსტრიელების დამსახურებაა, რომ ძალიან უკან ჩავჯექით და, ფაქტობრივად, ბურთის მოშორებაზე ვითამაშეთ პირველი ტაიმის დარჩენილი ნაწილი. შესაბამისად, გოლი რომ გავუშვით, ლოგიკურიც იყო. რაც შეეხევა მეორე ტაიმს, უკვე არეული თამაში იყო. ორივე გუნდს დაღლა დაგვეტყო და შეიძლებოდა ერთი კონტრშეტევით თამაშის მოგება, თუმცა ფრე მაინც სამართლიანი იყო.

საერთო ჯამში, ორივე თამაშში ფრე ლოგიკური შედეგი იყო, ჩემი აზრით.

- ირლანდიასთან გაშვებული გოლი გაიხსენეთ. ერთი მხრივ, აშკარად ჩანდა, რომ თქვენს წინააღმდეგ თამაშისას ირლანდიელმა წესები დაარღვია, იდაყვი ჩაგარტყათ, თუმცა არსებობს ასეთი აზრიც - მაკარიძე კარიდან არ უნდა გამოსულიყოო. ეს ვლადიმირ ვაისმაც აღნიშნა...
- ირლანდიასთან გოლს რაც შეეხება, მოკლედ ვიტყვი - ჩემი ბრალი ის არის, რომ უფრო აგრესიულად უნდა გავსულიყავი იმ ბურთზე. ბევრმა თქვა და დიახ, მწვრთნელმაც მითხრა, რომ არ უნდა გავსულიყავი იმ ბურთზე, თუმცა ეგეთ ჩაწოდებულზე 10-დან 9 შემთხვევაში გავდივარ და მომავალშიც ასე მოვიქცევი, რადგან ხელით ვთამაშობ, სიმაღლეც მიწყობს ხელს...

ცენტრიდან ნელი ბურთი ჩააწოდეს და ასეთ შემთხვევაში მეკარემ უნდა ითამაშოს თავის საჯარიმოში. მსაჯმაც ბოდიში მოუხადა მწვრთნელს, ჯარიმა იყოო - თვითონ ასე მითხრა. რას ვიზამთ, ფეხბურთში ხდება ეგეთებიც. ისიც ვიცი, რომ მცირე კონტაქტი შეიძლება მეკარესთან საჯარიმოს გარეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარა ჯარიმა იყო და საკუთარ თავს ვერაფერში ვერ დავადანაშაულებ.

სხვა პატარა ეპიზოდებში შევცდი რამდენჯერმე ამ ორ თამაშში, ამას გულახდილად ვამბობ, მაგრამ იმ გოლს ნამდვილად ვერ დავიბრალებ.

- ამ ეპიზოდის შემდეგ თქვენთვის ცოტა რთული ხომ არ იყო დარჩენილი დროის მინდორზე გატარება? არადა, ნერვიულობა არ გეტყობოდათ და როცა ირლანდიელები შედარებით გააქტიურდნენ, რამდენჯერმე საფრთხეც აარიდეთ ჩვენს კარს...
- კი, ძალიან გამიჭირდა თამაშში დაბრუნება და მთლიანი გუნდის დამსახურებაა, რომ დავბრუნდი, რადგან, ფაქტობრივად, საქმე არ მქონია გოლის მერე 20 წუთის განმავლობაში. ძალიან გაურკვევლობაში ვიყავი, მსაჯს ვკითხე - რატომ არ დანიშნე ჯარიმა-მეთქი და ასე მიპასუხა - ბურთს არ შეხებიხარ და ამიტომო.

უცებ მეგონა, რომ ვინც გოლი გაიტანა, იმან მომიგო საჰაერო დუელი-მეთქი და გაურკვევლობაში ვიყავი. მერე, შესვენებისას, ვნახე ვიდეო და გავერკვიე ყველაფერში, მხოლოდ ამის შემდეგ დავწყნარდი. ის, ვინც დამეჯახა და იდაყვი ჩამარტყა, საერთოდ არ თამაშობდა ბურთზე, ბევრად ადრე ახტა. ბურთისგან ორი მეტრით იყო დაშორებული.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ირლანდიის ნაკრების დამარცხება რეალური იყო?
- კი, ირლანდიის დამარცხება შეგვეძლო. თავდაჯერებულობა გვაკლია, უფრო მეტად უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების.

- ავსტრიასთან საგარეო შეხვედრა, ალბათ, საუკეთესო იყო თქვენს სანაკრებო კარიერაში. მასპინძელთა გოლამდე სასწაული ბურთი მოიგერიეთ სახით. ალბათ, ის მომენტიცაა, რომ ნაკრებს ბოლომდე შეეჩვიეთ...
- ავსტრიასთან დიდი არაფერი გამიკეთებია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია. ასე რომ, საუკეთესო თამაში თუ არის, ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდეც არაფერი გამიკეთებია ისეთი (იცინის)... ისე კი, თავს კარგად ვგრძნობდი იმ თამაშის დროს.

- როგორ ფიქრობთ, ის თამაში, რასაც ახლა აჩვენებს საქართველოს ნაკრები, მისი მაქსიმუმია, თუ კიდევ შეგვიძლია მომატება?
- საქართველოს ნაკრებს ძალიან ბევრი შეუძლია. გუნდში უაღრესად ნიჭიერი ბიჭები არიან. ჩემი აზრით, თუ შემდეგ ციკლში ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება, ჩვენი გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. მაგალითად, ჯანო ანანიძე ნებისმიერ ევროპულ გუნდში თავისუფლად ითამაშებს. "ბენფიკაში" რომ იყოს, გარწმუნებთ, წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა.

- საინტერესოა კარიდან დანახული საქართველოს ნაკრები. როგორ ფეხბურთს ვთამაშობთ, რაში უნდა მოვუმატოთ?
- ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს და საკმაოდ კარგად ვაკონტროლებთ ბურთს. უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება იმ მხრივ, თუ ვინ სად უნდა გაიხსნას ბურთის ამოტანის დროს და ამ შემთხვევაში უკვე მეკარისგან და მცველებისგან დაიწყება ბურთის კონტროლი, პრესინგის დროსაც აღარ გაგვიჭირდება ბურთის ფლობა...

მაგალითად, ავსტრიაში, პრესინგის დროს, ფაქტობრივად სულ ვიგერიებდით ბურთს წინ და ეგ იყო ცოტა არასასიამოვნო ჩემთვის. ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს შეუძლია, ნებისმიერ შეხვედრაში აკონტროლოს ბურთი. უკეთესი იქნება, რაც არის ჩვენი საუკეთესო თვისება, იმაზე გავაკეთოთ აქცენტი.

- კლუბზეც ვთქვათ. ბოლო დროს აღარ ჩანდით "მორეირენშეს" ძირითადში. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ბოლო დრომდე არ იყო გარკვეული, დარჩებოდით თუ არა...
- ვიდრე დამიკავშირდებოდით, მწვრთნელსა და პრეზიდენტს ველაპარაკე. ჯერჯერობით, ალბათ, არ მომიწევს თამაში. მიზეზი ის არის, რომ "ბრაგას" უარი ვუთხარი ტრანსფერზე, თუმცა პირობებიც არ იყო კარგი და არავისთან არაფერზე ვიყავი შეთანხმებული და ვერავინ დამავალდებულებს, გინდა თუ არა, იმ გუნდში გადადიო... მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება...

- "ბენფიკასა" და "ბრაგას" თემა უკვე ჩავლილია და, ალბათ, ღიად საუბარიც შეიძლება - რეალური ინტერესი იყო ამ ორი კლუბისგან?
- იანვარში გაირკვევა ყველაფერი. კი, იყო და არის "ბენფიკას" ინტერესი. დეტალებზე არ მინდა ლაპარაკი.

- დაბოლოს, რას ეტყოდით საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს?
- გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ ბოლომდე მხარი დაგვიჭირონ. თუ ჩასაფრებულები იქნებიან, რომ ვინმეს ფეხი დაუცდეს, დასცინონ და გააკრიტიკონ, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება. ვგრძნობ, ვერ ვართ ფეხბურთელები ისე თავისუფლად მოედანზე. ეს იმის გამო, რომ ვიცით - რამე ისე რომ მოხდეს, მთელი საქართველო ჩვენ გაგვაკრიტიკებს. ამ შემთხვევაში უფრო რთულია თამაში და უფრო შებოჭილები ვართ ალბათ ფეხბურთელები... ყველას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ეს, უბრალოდ, ჩემი პირადი აზრია.

რაც უფრო თავისუფლად და წნეხის გარეშე ითამაშებს ფეხბურთელი, უფრო კარგად გამოუვა ყველაფერი. თუმცა ვიღაც იმასაც იტყვის - რისი პროფესიონალი ფეხბურთელია, თუ წნეხს ვერ გაუძლოო, მაგრამ მე იდეალურ ვარიანტს ვამბობ.

თუ ყველა ერთად ვიქნებით - ფეხბურთელები და გულშემატკივრები, უფრო მივაღწევთ წარმატებას. ჩვენ, ფეხბურთელები, ყველა თამაშში მაქსიმუმს ვაკეთებთ და თავს არ ვზოგავთ - ეს შემიძლია, ყველას სახელით ვთქვა. ყველანი ერთად დავდგეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ ქართული ფეხბურთისთვის. დანარჩენი, რა და როგორ იქნება, უკვე ღვთის ნებაა!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთელებმა უნდა შეისწავლონ არა მარტო თავიანთი სესაძლებლობები , არამედ უფრო მეტად გააღმერთონ პარტნიორის ამით გუნდი მოიპოვებს ფსიქოლოგიურ მდგრადობას.
ილია
19:45 13-09-2017
0
გაივსო პროფესორებით საქართველო. ახლა საქმეზე იფიქრეთ . თითოეულ ნაკლს მოწინააღმდეგე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს მეკარე სწორად იქცევა,რომ აქტიურობს მოწინააღმდეგეს არ უნდა მიეცეს მისი დაბლოკვის საშუალება და ეს მცველებმა უნდა გააკეთონ.
ილია
19:38 13-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული