ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ფრედ დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ავსტრიაში, მასპინძელთა ძლიერ და სიმპათიურ ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ სანატრელი დაგვრჩა პირველი მოგება, მაინც უნდა ვთქვათ: ამ დონის და გაქანების გუნდთან ქულების გაყოფა ურიგო შედეგად ვერაფრით ჩაითვლება.

- ვლადიმირ ვაისი: მოპოვებული ერთი ქულით კმაყოფილი ვარ
- ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო რთული მეტოქე იყო

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ერთადერთხელ გაიხედა ხეირიანად მოწინააღმდეგის კარისაკენ და ის შეტევაც გოლით დასრულდა. ჯანო ანანიძემ შესანიშნავი საგოლე გადაცემა (თითქმის ისეთი, როგორიც ირლანდიასთან - ვაკო ყაზაიშვილს)
უბოძა ვაკო გვილიას, რომელმაც მცველი კევინ დანსო მოხდენილი ფინტით გააცურა და ავსტრიელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

პირველი ტაიმი და მთელი მატჩი ავსტრიელთა უპირატესობით მიდიოდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მეტოქემ დაგვჯაბნა. მარსელ კოლერის გუნდს აშკარად ეტყობოდა ბოლოდროინდელი უხეირო ასპარეზობის კვალი და იმის განცდაც, რომ მუნდიალის საგზურის მოპოვება მათთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ეს ახლა, როცა ამ მატჩის შედეგი ვიცით, უკვე წარმოუდგენელია, თუმცა მანამდე ავსტრიას ცდა და მონდომება არ დაუკლია, თამაში სათავისოდ რომ დაესრულებინა.

...მარტინ ჰარნიკის თავური ქართველთა კარის ხარიხამ აისხლიტა. მერე უნიჭიერესი მარკო არნაუტოვიჩი გაგვეპარა და აშკარად გადავრჩით. ამას იმავე არნაუტოვიჩის კიდევ ერთი რეიდი მოჰყვა და გიორგი მაკარიძემ, ვინც საქართველოს ნაკრებში, ალბათ, საუკეთესო იყო, გადაგვარჩინა.

არ ვიცით, გააფრთხილა თუ არა კოლერმა შეგირდები, მაგრამ ფაქტია, ავსტრიელებმა თითქოს იცოდნენ, საქართველოს ნაკრებს ტაიმების ბოლო წუთებზე კონცენტრაცია რომ ეკარგება ხოლმე. ქართველთა დაცვა უპატიებლად ჩავარდა - მაკარიძემ სახით მოიგერია მოწინააღმდეგის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი, მაგრამ იქვე იყო მოედანზე ახალშესული ლუის შაუბი, ვისაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

საქართველოს ნაკრები ძალიან ხშირად უშვებს ისეთ გოლებს, რომელთა გაშვებაც მხოლოდ ჩვენს გუნდს თუ შეუძლია და ეს ბურთიც დაახლოებით იმ "ოპერიდან" იყო - დღეს ასე თავისუფლად მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში არავინ ატარებს...

მეორე ტაიმში ავსტრიელები უფრო ფლობდნენ ბურთს, ვიდრე ჩვენები, მაგრამ იმის თქმაც უსამართლობა იქნება, თითქოს საქართველოს ნაკრებმა ქულა კბილებით დაიცვა. ავსტრიას დაუშავდა დავიდ ალაბა (სწორედ მის ნაცვლად შესულმა შაუბმა გაგვიტანა), არნაუტოვიჩი კი, ასე თუ ისე, გავაჩერეთ.

მთლიანობაში, შეიძლებოდა წაგვეგო, მაგრამ ფრეს დიდ უსამართლობად ვერავინ შერაცხავს. ავსტრია არც იმდენად უკეთესი იყო, უეჭველი 3 ქულა რომ ჩაეწერა აქტივში.

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო. ევროპა. D ჯგუფი. VIII ტური
05.09. ვენა. "ერნსტ ჰაპელი". 30 000 მაყურებელი
ავსტრია-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 გვილია (8), 1:1 შაუბი (43)
ავსტრია (4-2-3-1): ლინდერი - ბაუერი, დრაგოვიჩი, დანსო, ჰინტერეგერი - ბაუმგარტლინგერი, გრილიჩი (80. ილსანკერი) - კაინცი, არნაუტოვიჩი, ალაბა (38. შაუბი) - ჰარნიკი (68. იანკო).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
საქართველო (4-1-4-1): მაკარიძე - კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი - კვეკვესკირი - ყაზაიშვილი (90+2. ხოჭოლავა), კანკავა, გვილია (69. მერებაშვილი), ანანიძე - ქვილითაია (88. დვალიშვილი).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: კაინცი (53), დანსო (79), ქვილითაია (82)
არბიტრი: ო. გრინფელდი (ისრაელი).

სხვა მატჩები
ჯგუფის ცენტრალურ მატჩში სერბეთმა გასვლაზე მოუგო ირლანდიას და ძალიან მიუახლოვდა რუსულ მუნდიალს. უელსმა კი გვარიანად იწვალა მოლდოვაში, მაგრამ ბოლოს კლასის ხარჯზე "კერკეტი" მეტოქე მაინც გატეხა.

ირლანდია-სერბეთი 0:1
გოლი: 0:1 კოლაროვი (55)
ირლანდია (4-4-1-1): რენდოლფი - კრისტი, კლარკი, დაფი, ვარდი - ბრეიდი, მეილერი, ჰულაჰანი, მაკლინი - ვოლტერსი - ლონგი
სერბეთი (4-4-2): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ვუკოვიჩი, რუკავინა - მილოიევიჩი, მატიჩი, კოსტიჩი (68. ს. მიტროვიჩი), კოლაროვი - ტადიჩი (82. გუდელი), ა. მიტროვიჩი (80. პრიოვიჩი)
გაძევება: მაქსიმოვიჩი (68. სერბეთი)

მოლდოვა-უელსი 0:2
გოლები: 0:1 რობსონ-კანუ (80), 0:2 რემზი (90)
მოლდოვა (4 -5-1): ჩებანუ - ბორდეანი, პოსმაჩი, ეპურეანუ, როზგინიუკი - იონიცა (85. ბუგაიოვი), ანტონი, გრაური (85. ამბროსი), პაშჩენკო (70. კოჟოკარი), დედოვი - გინსარი
უელსი (4-3-3): ჰენესი - განტერი, უილიამსი, ჩესტერი, დევისი - ალენი, რემზი, კინგი (67. ვოუკსი) - ბეილი, რობსონ-კანუ (88. ედვარდსი), ლოურენსი (65. ვუდბერნი)

მომდევნო ტური
6 ოქტომბერი
საქართველო-უელსი
ირლანდია-მოლდოვა
ავსტრია-სერბეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
chemi azrit merebashvili marjvnidan usargebloaa magram marcxena garemarbad sheudarebeliaa xoda vaiss marcxniv unda daeyenebinaa xo kidev merebashvils bolos pasi ro gaeketebinaa 1 ti 1 ze gayavda vako vakom moumata arabizec unda sheeyvana shecvlaze mainc gviliam bolos zedmeti aigo tavis tavzee saerto jamshi shedegi culi ar aris magram bevri shecdomebiaa { chemi azrit makaridzis nairi mekare premier ligashi 1 an sheizleba 2 iyos meti araa
tokoo
17:14 06-09-2017
0
ბოლო ორი თამაში ზედიზედ ითამაშა ლუქსემბურგმა, ისე როგორც საქართველომ. ლუქსემბურგელებმა ჯერ სახლში მოუგეს ბელორუსს, შემდეგ გასვლაზე ფრე ითამაშეს საფრანგეთთან! ეხლა გვითხრით სათითაოდ რომელი ლუქსემბურგელი ჯობია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს?! ... რით ვერ გაიგეთ რომ, ფეხბურთი კინო ან თეატრი არ არის - აქ ყველაფერთან ერთად შედეგია კიდევ!
ვაისი და კობიაშვილი შორს ჩვენგან!!!
13:50 06-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული