ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო და უარესი მაჩვენებლები

AutoSharing Option
გუშინ, 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ "ფიფა-კოკა კოლას" განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 9 ადგილით დაწინაურდა: თუკი აგვისტოში "ჯვაროსნები" 112-ე ადგილზე იყვნენ, ახლა 103-ეზე არიან...

- საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულს მიუახლოვდა

ეს ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ნაკრებს სარეიტინგო ქულები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორმა შეხვედრამ შემატა: წინსვლის საფუძველი შინ ირლანდიასა (1:1) და გასვლაზე ავსტრიასთან (1:1) ფრედ
დასრულებული მატჩები გახდა.

საინტერესოა, რომ "ჯვაროსნებმა" 28 მარტის შემდეგ 5 შეხვედრა ჩაატარეს და ერთიც არ წააგეს: ირლანდია-ავსტრიამდე საქართველომ ლატვიასთან (5:0) და სენტ კიტსსა და ნევისთან (3:0) ამხანაგურები მოიგო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში გასვლაზე ფრედ (2:2) ითამაშა მოლდოვასთან.

მეხუთე: ჯგუფშიც და ცხრილშიც
ახლა ვნახოთ, რომელ პოზიციებზე იმყოფებიან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში (D ჯგუფი) ჩვენი გუნდის მეტოქეები. საინტერესოა, რომ ექვს გუნდს შორის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა, ისევე, როგორც D ჯგუფის ცხრილში.

D ჯგუფი
ნაკრები აგვ სექ +/-
13 უელსი 1089 951 +5
32 სერბეთი 789 713 +10
34 ირლანდია 769 816 -5
57 ავსტრია 632 723 -20
103 საქართველო 328 290 +9
156 მოლდოვა 148 154 +3

პოსტსაბჭოეთი
საქართველომ პოსტსაბჭოელებში არსებული პოზიციაც გაიუმჯობესა და 15 "მოძმე რესპუბლიკას" შორის მე-8 ადგილზეა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნები
ნაკრები აგვ სექ +/-
24 უკრაინა 888 843 +3
64 რუსეთი 558 590 -2
69 უზბეკეთი 511 579 -5
77 ბელორუსი 454 503 -6
83 სომხეთი 414 480 -11
84 ესტონეთი 413 334 +14
92 აზერბაიჯანი 388 427 -13
103 საქართველო 328 290 +9
120 ლიტვა 266 333 -21
122 ყირგიზეთი 260 248 +6
126 ყაზახეთი 254 308 -21
136 თურქმენეთი 221 200 +5
140 ტაჯიკეთი 213 180 +11
148 ლატვია 182 242 -17
156 მოლდოვა 148 154 +3

საინტერესოა, რომ რეიტინგში გვისწრებენ სირია (75), ლიბია (81), ყატარი (85), ბენინი, კენია და ნაომარი ერაყი (88-90), პალესტინა (91), ფარერები (93), მავრიტანია (98), ლუქსემბურგი და მადაგასკარი (101-102), თუნდაც აზერბაიჯანი, სომხეთი და ესტონეთი.

საუკეთესო და უარესი რეიტინგები
"ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი 42-ე ადგილი იყო, რომელიც 1998 წლის თებერვალში დაფიქსირდა.

დავით ყიფიანის ხელში "ჯვაროსნების" წინსვლა 1997 წლის 14 ივნისის (როცა გასვლაზე პოლონეთთან 1:4 წავაგეთ) შემდეგ დაიწყო. 10 სექტემბერს თბილისში იტალიასთან 0:0 ვითამაშეთ, 24 სექტემბერს გასვლაზე 9 კაცით დარჩენილმა ყიფიანის გუნდმა (კახა კალაძე და გიორგი ქინქლაძე გააძევეს) მოლდოვას თემურ ქეცბაიას გოლით მოუგო 1:0, ხოლო 11 ოქტომბერს თბილისში პოლონეთს 3:0 სძლია (ა. არველაძე, ცხადაძე, ქეცბაია).

მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: გუნდში დისციპლინის არქონის გამო(?!) ყოფიანი გაათავისუფლეს და 1998 წლის დასაწყისიდან ნაკრები ვლადიმერ გუცაევმა ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით "ჯვაროსნებმა" საკონტროლო შეხვედრები საუკეთესოდ ჩაატარეს: თებერვალში, მალტის საერთაშორისო ტურნირზე ლატვიას გოჩა ჯამარაულის დუბლით 2:1 მოვუგეთ, ორ დღეში ალბანეთს - 3:0 (ქეცბაია, ყაველაშვილი, იაშვილი), ხოლო მასპინძელ მალტას - 3:1 (ყაველაშვილი - 2, ჯამარაული) ვძლიეთ. მერე იყო 1:1 (ქინქლაძე) ტუნისთან გასვლაზე და ასევე 1:1 (ზაზა ჯანაშია) თბილისში რუსეთთან.

1997 წლის ოქტომბერში საქართველო 20 ადგილით დაწინაურდა, ხოლო 1998 წლის ამხანაგურების შემდეგ კიდევ 14 საფეხურით მაღლა ავედით, ანუ ჯამში +34. საერთოდ, რეიტინგში 1994 წელს ჩაგვრთეს და პირველ წელს, მაისში, 2-2 მოგება-წაგებით 27 ადგილით დავწინაურდით, 1995 წლის ოქტომბერში - 23 ადგილით.

მაგრამ ფიფას სტატისტიკით, საუკეთესო ნახტომი კახა ცხადაძის ხელმძღვანელობის დროს გვქონდა, როდესაც გუნდმა რეიტინგში პოზიცია ერთბაშად 37 ადგილით გაიუმჯობესა.

ფიფას სტატისტიკას თუ ვენდობით, ნაკრებს ყველაზე დიდი უკუსვლა 2015 წლის აპრილში, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ჰქონდა, როცა ერთდროულად 22 პოზიციით დავქვეითდით.

საუკეთესო ნახტომი
წელი თვე (მწვ) +/-
2015 ოქტომბერი (ცხადაძე) +37
2007 ოქტომბერი (ტოპმიოლერი) +33
1994 მაისი (ჩივაძე) +27
2010 სექტემბერი (ქეცბაია) +21

დიდი ჩავარდნა
წელი თვე (მწვ) +/-
2015 აპრილი (ქეცბაია) - 22
2012 აპრილი (ქეცბაია) - 21
2008 ოქტომბერი (კუპერი) - 20

საუკეთესო ადგილი
1998 თებერვალი 42

უარესი ადგილი
2015 ივნისი 154

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ელვისებურ თავდასხმას და გრიგალისებურ გარღვევას გაუმარჯოს!
ფეოლა
14:40 15-09-2017
2
რეიტინგს დიდიხანია აღარ ვაქცევ ყურადღება იყო დრო როცა 30 ადგილზე ვიყავით წარსულში და 100 შიც მაღალი პოზიციები გვეკავა,მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდით ვერსად გასვლას და თან მითუმეტეს მაშინ ბევრად უფრო ძლირი ნაკრები გვყავდა სანამ ქართულ ფეხბურთში საკლუბო დონეზე არ ჩაიდება ფული და არ განვითარდებიან კლუბები და არ გაჩნდება ძლიერი გამოცდილი რეზერვი იქამდე ჩვენ სულ ასე ვიწვალებთ უმარავი მილიარდელი ქართველი გყავს მარა ფეხბურთში ფულის ჩადება არავის უნდა სახელმწიფოს მიერ ჩადებული ფული კი არ არის საკმარისი ძლიერი ჩემპიონატის ჩამოსაყალიბებლად აგრე აზერბაიჯანელებმა ჩადეს ფული საკლუბო დონეზე და შედეგიც დაიდო აზერბაიჯანულმა გუნდებმა დაიწყე ევროპა ლიგაზე ჯგუფში გასვლა წელს უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ და ნაკრებმაც განიცადა პროგრესი მე 3 ადგილზეა თავის ჯგუფში და ჩვენ ისევ იგივე წრეზე ვბრუნავთ
daTo
14:26 15-09-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული