საქართველოს ნაკრები: ვინ შეუტევს უელსსა და სერბეთს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს ადგას ორი ევროშესარჩევი მატჩი. ამ შეხვედრებით ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს ჩაამთავრებს. ჯერ თბილისში ვმასპინძლობთ უელსს, მერე კი გასვლაზე ვეთამაშებით სერბეთს. რა თქმა უნდა, ყველას გვეიმედება, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევს გამარჯვების გარეშე არ დაასრულებს...

ეროვნული გუნდის ყველა სათამაშო რგოლში მეტ-ნაკლებად გასაგები სიტუაციაა და ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია. ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი თავდასხმაში გროვდება. ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრებმაც დაგვანახვა, რომ ვაისის გუნდს წინა ხაზში კვლავ პრობლემები აქვს.

მჭედლიძის გარეშე
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ
უახლოეს შეხვედრას კვლავ ლევან მჭედლიძის გარეშე ჩაატარებს. ლევანის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის. შედეგიანი აღმოჩნდა ბარსელონაში ვიზიტი, მაგრამ ტრავმის მოშუშებაც რომ მოასწროს, ოქტომბრის დასაწყისში ლევანი ვერაფრით იქნება ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

ყველამ კარგად ვიცით, რამხელა ძალაა მჭედლიძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის და როცა ის არ არის მწყობრში, ჩვენი შემტევი პოტენციალი ძალიან იკლებს. რასაც ჰქვია გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელი, ბოლო ორ შეხვედრაში ასეთი საქართველოს ნაკრებს ორი ჰყავდა - გიორგი ქვილითაია და ირაკლი სიხარულიძე. ვფიქრობთ, სანაკრებო სიის შედგენისას ვლადიმირ ვაისმა ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

არის კი რეზერვი?
მთლად იმედს ნუ გადავიწურავთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ გამოჯანმრთელდა თორნიკე ოქრიაშვილი, ვისაც ძალიან მაგრად შეუძლია შემტევების მიხმარება, თუმცა ბოლო ორ შესარჩევ მატჩში შემტევებს მაინც თავისი საქმე ექნებათ და ოქრიაშვილს - თავისი.

საქართველოს დღეს არ ჰყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი და, მით უმეტეს, თავდამსხმელი, ვის ხარჯზეც შეიძლება მოხდეს ეროვნული გუნდის გაძლიერება, მაგრამ ასეთი მოთამაშეები მაინც არიან.

იმედს ვიტოვებთ, რომ ორ უახლოეს შეხვედრამდე ნიკა კაჭარავა მოახერხებს გამოჯანმრთელებას. ცუდია, რომ ამ ბოლო დროს მას ტრავმები შეეჩვია, თუმცა ვფიქრობთ, ეს დროებითი მოვლენაა. კაჭარავას კომპლექციის თავდამსხმელი ძალიან გამოგვადგება როგორც უელსთან, ისე სერბეთთან მატჩებში. დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმას, რომ როგორც უელსელთა, ისე სერბთა დაცვა ტანმაღალი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.

ვაისმა აუცილებლად უნდა იფიქროს ბაჩანა არაბულის კანდიდატურაზეც. ის უნგრეთის ჩემპიონატის საშუალოზე დაბალი დონის გუნდში თამაშობს და ხშირად გააქვს. თუ ფეხბურთელს ნაკრებში მხოლოდ კლუბის სტატუსის გათვალისწინებით ვიწვეთ, მაშინ საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეს საერთოდ არაფერი უნდა ესაქმებოდეს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ასე არ ხდება და ეს ძალიან კარგია. არაბულს კი შეუძლია, სასარგებლო ფეხბურთელი იყოს საქართველოს ნაკრებისათვის. მით უმეტეს, თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ იკარგებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ასაკობრივი ნაკრებების ლიდერები იყვნენ. ჩვენ კი იმ ასაკობრივი ნაკრებებისგან, რომლებითაც სამართლიანად ვამაყობდით, რასაც ნამდვილი ფეხბურთი ჰქვია, მგონი, მხოლოდ არაბული დაგვრჩა.

არაბულის კოზირი ისიცაა, რომ მას თამაში შეუძლია როგორც გამოკვეთილ ცენტრალურ თავდამსხმელად, ისე უკანდახეულ ფორვარდად. არაბული ახალგაზრდაა და დიდი ალბათობით, ხვალ უკეთეს კლუბში ითამაშებს, ვიდრე დღეს თამაშობს.

ჯოკერი, როგორც ასეთი
გიორგი პაპუნაშვილი მეორედ დაბრუნდა ევროპაში. მისი პირველი ვოიაჟი არ იყო წარმატებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორეც ასეთივე იქნება. ახლა გიორგის ასაკი მოემატა, ის ბავშვი აღარ არის და უწინდელზე კარგად იცის, რომ ამ ევროპულ შანსს გამოყენება სჭირდება.

"სარაგოსაში" ადგილის დამკვიდრების შემთხვევაში მას აშკარად შეუძლია, სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს და მისი გამორიცხვა სანაკრებოდ შეგულებული ფეხბურთელებიდან არ შეიძლება.

სხირტლაძე და ვაწაძე
დავით სხირტლაძეს უკვე ჰქონდა რამდენიმე სანაკრებო შანსი. ვერავინ იტყვის, რომ იმ შეხვედრებში დათომ "იფრინა", მაგრამ ცუდი შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ სხირტლაძე მიიღებს მეტ სანაკრებო ნდობას, ის მეტად სასარგებლო ფორვარდი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

დანიის ჩემპიონატში დამკვიდრება იოლი საქმე რომ არ არის, ეს ჩვენ იმ ფეხბურთელების მაგალითზეც ვნახეთ, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს პირველობაზე გამორჩეულები რომ იყვნენ. სხირტლაძე სისტემატურად თამაშობს "სილკებორგში" და, რბილად რომ ვთქვათ, ის ამ გუნდში უკანასკნელი კაცი სულაც არაა. აქედან გამომდინარე, ვაისს სრული საფუძველი აქვს, მას სანაკრებო ნდობა გამოუცხადოს.

არ შეიძლება, არ გახარებდეს ის ფაქტი, რომ თანდათან იბრუნებს სასურველ ფორმას მათე ვაწაძე. დღევანდელ საქართველოში მათესდარი ფორვარდი ბევრი არაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მას გოლი სისხლში აქვს გამჯდარი.

ბოლო წლების განმავლობაში ვაწაძეს თან სდევდა ტრავმები. ახლა ყველაფერი კარგადაა. ვაწაძეს აქვს სათამაშო პრაქტიკა იმავე "სილკებორგში" და გოლებიც გააქვს.

ვინ იქნება ეროვნული ლიგიდან?
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს ბევრი აღარაა კვალიფიციური ფორვარდი. შემთხვევითი არაა, რომ რამდენიმე ამბიციურ ქართულ კლუბში შეტევის წინა ხაზზე ლეგიონერები გვევლინებიან წამყვან პოზიციებზე.

ვაისმა ნაკრებში უკვე ნახა ირაკლი სიხარულიძე და, ვნახოთ, ენდობა თუ არა კიდევ მას. არ ვიცით, რას ფიქრობს ამ თემაზე ვაისი, მაგრამ ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებისათვის ამ ეტაპზე გამოსადეგი თავდამსხმელი შეიძლება იყოს დიმიტრი ტატანაშვილი.

ყოველ შემთხვევაში, ამ ფეხბურთელის დღევანდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თუნდაც სანაკრებო სიაში ყოფნის ამბიცია. ტატანაშვილს აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს თავდამსხმელს. რაც მთავარია, მან იცის, როგორ აქციოს გოლად თუნდაც ნახევარმომენტი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფეხბურთელი ბევრი ნამდვილად არაა.

ირლანდიასთან შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს მართლაც რომ აკლია ასეთი ფეხბურთელი. გავრისკავთ და ვიტყვით: ასეთი მოთამაშე რომ გვყოლოდა, ჩვენი გუნდი აუცილებლად გამოიყენებდა მეტოქის კართან შექმნილ არაერთ შანსს და, შესაბამისად, მოიგებდა კიდეც.

თუ მოუმატებენ...
არის შემტევთა ჯგუფი, რომლებიც თუ თამაშს მოუმატებენ, აუცილებლად გაუჩნდებათ საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ამბიცია. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე უნდა ვახსენოთ. ეგაა, ამ უდავოდ ნიჭიერი თავდამსხმელისათვის მთლად შესაბამის ასპარეზად არ გვეჩვენება დანიის ჩემპიონატის მეორე ლიგა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს პერმანენტულად ოთარ მარცვალაძესაც ეძახდნენ. გამოცდილ ფორვარდს ტრავმებმა შეუშალა ხელი და ის სადღეისოდ ვერც ბათუმის "დინამოს" ეხმარება.

დასკვნა
საქართველოს ნაკრებს დღეს თავდასხმაში არ აქვს ძალიან დიდი რესურსი, მაგრამ იმდენი კი აქვს, რომ საშუალო ნაკრებს ეყოს. უბრალოდ, ამ რესურსის სწორად გამოყენებაა საჭირო და სანაკრებო სიის შერჩევისას მწვრთნელმა იმასაც უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება, ვის აქვს სათამაშო პრაქტიკა და ვის არა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა სათამაშო რგოლებს, მათ თაობაზე უელსთან და სერბეთთან მატჩებამდე აუცილებლად დავწერთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ტყუილად წერე ამდენი, ნუ წვალობ....საბოლოოდ მაინც დვალიშვილს დაუძახებს:)
zaza 197
11:16 23-09-2017
1
სხირტლაძე-ვაწაძე ეს ორი ადამიანი ერთად თამაშობს და შეთამაშებულნი არიან, შეიძლება მათ შანსი მიეცეთ მითუმეტეს ეს ორო მატჩი ფაქტიურად ამხაბაგურის ტოლფასია. ქვილთაიაც უნდა გამოიძახოს. პაპუნა და ოქრი უფრო შწმტევი ნახევარმცველები არიან, ამიტომ ალვათ თავდასხმის ხაზი სიხარულიძით რომ შეივსოს კარგი იქნება.
Raiola
12:05 23-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული