მეტოქე უელსი: გარეთ ბეილი თბილისში ვერ ითამაშებს?

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომელიც ქვეყნის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ უახლოეს შეხვედრაში დაიცავს. 6 ოქტომბერს ბრიტანელები თბილისში ითამაშებენ, ხოლო 9-ში ძალებს ირლანდიასთან მოსინჯავენ...

ორი ახალი
სანაკრებო სიაში ორი ახალი სახეა. ეროვნულ გუნდში პირველად არიან "პრესტონის" გოლკიპერი კრის მაქსველი და "შეფილდ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავი დევიდ ბრუქსი.

მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი: უელსელთა ერთ-ერთი ლიდერი აარონ რემზი ნაკრებში 50-ე მატჩს უახლოვდება.

ბეილის საკითხი
არის საკმაოდ რეალური შანსი,
რომ თბილისში ვერ ითამაშოს უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა. "რეალის" სამედიცინო შტაბი ფიქრობს, რომ შეიძლება სერიოზული იყოს დაზიანება, რომელიც 28 წლის ფეხბურთელმა "დორტმუნდთან" საჩემპიონთალიგო შეხვედრაში მიიღო.

გეხსომებათ, ის შეხვედრა "რაკეტამ" შესანიშნავად ჩაატარა და გოლს საგოლე გადაცემაც მიაყოლა.

ბეილის ტრავმები არ გვიკვირს: რაც "რეალში" გადავიდა, ის ხშირად უქმობს. რა თქმა უნდა, ბეილი კრის კოულმენის სიაშია. წესით, ექიმებმა საბოლოო ვერდიქტი დღეს უნდა გამოიტანონ.

მატჩის მნიშვნელობა
ზოგადად, უელსურ და ბრიტანულ მედიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას. იხსენებენ ჩვენს გუნდთან აწ უკვე შორეულ, ისე კი ძალიან ლამაზ გამარჯვებას (5:0), რომელიც საქართველოს ნაკრებმა თბილისში, 1994 წლის ნოემბერში მოიპოვა.

უელსს, რომ იტყვიან, კბილებით უჭირავს ჯგუფის მეორე, პლეი-ოფში გამსვლელი ადგილი და თუ თბილისში წაიფორხილა, კოულმენის გუნდმა, დიდი ალბათობით, რუსულ მუნდიალზე აღარ უნდა იოცნებოს.

თუ ბეილის შესაძლო არყოფნას არ ჩავთვლით, შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. თვალში მხოლოდ გამოცდილი მცველის, ჯეიმს კოლინზის არყოფნა გვხვდება, რომლის ნაკრებში გამოძახებაც ამ ეტაპზე მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა.

უელსის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: უეინ ჰენესი (კრისტალ პალასი), დენი უარდი (ლივერპული), კრის მაქსველი (პრესტონი);
მცველები: კრის განტერი (რედინგი), ეშლი უილიამსი (ევერტონი), ნილ ტეილორი (ასტონ ვილა), ბენ დევისი (ტოტენჰემი), ჯეიმს ჩესტერი (ასტონ ვილა), ტომ ლოკიერი (ბრისტოლი), ეთან ამპადუ (ჩელსი);
ნახევარმცველები: ჯო ლედლი (დერბი), აარონ რემზი (არსენალი), დევიდ ედვარდსი (რედინგი), ენდი კინგი (ლესტერი), ჯო ალენი (სტოკი), ჯონათან უილიამსი (სანდერლენდი);
თავდამსხმელები: გარეთ ბეილი (რეალი), სემ ვოუკსი (ბარნლი), ჰალ რობსონ-კანუ (ვესტ ბრომვიჩი), ტომ ლოურენსი (დერბი), ბენ ვუდბერნი (ლივერპული), მარლი უოტკინსი (ნორვიჩი), დევიდ ბრუკსი (შეფილდ იუნაიტედი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველო უელსი 3-0 !!!!!
სტივ ჯერარდი
23:06 30-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული