[ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]

AutoSharing Option
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ნაკრებისათვის ერთ-ერთი კი არა, ლამის ყველაზე სასურველი მეტოქე... უელსის ნაკრებია! არადა, როგორი საქმეა, როცა ფიფას რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფ ნაკრებთან ასეთი უპირატესობა გექნება ურთიერთშეხვედრებში: 4 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე და... არც ერთი წაგება, ბურთების სხვაობა - 9:2!..

ფრე, რომელიც შეიძლებოდა, არ ყოფილიყო...
...თან, არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, უელსელებს ამხანაგურ მატჩში ვხვდებოდით თუ ოფიციალურში: ევროპული დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებთან არასდროს წაგვიგია! ეგ კი არა, ძალიან დიდი იყო იმის შანსიც, რომ ის ერთადერთი ფრეც არ გვქონოდა - შარშან,
შემოდგომაზე, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენმა ნაკრებმა საუკეთესო მატჩი ხომ სწორედ უელსთან ჩაატარა, როცა მხოლოდ ერთ ქულას დავჯერდით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არადა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეორე ტაიმში ისეთი ფეხბურთი უჩვენა, გამარჯვებას ალალად იმსახურებდა.

2016 წლის 9 ოქტომბერს კარდიფში ჩატარებული ამ მატჩის შინაარსს კი რეალურად ასახავდა უელსელთა მთავარი მწვრთნელის, კრის კოულმენის კომენტარიც - დღეს ჩვენ ქულები კი არ დავკარგეთ, ერთი ქულა მოვიპოვეთო...

ეს იყო მეოთხე დაპირისპირება, მანამდე კი, 8 წლით ადრე, ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად შეძლო უელსური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ჯონ ტოშაკის დამოძღვრილი უელსის ნაკრების დამარცხება. თანაც, ჩვენს ნაკრებს ორი უპირობო ლიდერი აკლდა: კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი.

ისე, იმ დროს (2008 წლის აგვისტოს მიწურულს), რას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ცნობილ არგენტინელ სპეციალისტ ექტორ კუპერისათვის ეს იქნებოდა პირველი და... უკანასკნელი გამარჯვება საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ნაკრების ისტორიაში რამდენიმე მართლაც დაუვიწყარი მატჩია და ამათგან ერთ-ერთი, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის სადებიუტო ციკლში სტუმრად უელსთან მოგებული შეხვედრაა! დღესდღეობით, შესაძლოა, ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ ის ფაქტი, რომ იმ მატჩის წინ საქართველოს ნაკრები კიდევ ინარჩუნებდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს და კარდიფშიც სწორედაც რომ მოსაგებად ჩავიდა ალექსანდრე ჩივაძის დარაზმული გუნდი!

ჰოდა, მოუგო კიდეც ინგლისურ პრემიერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით გადაძეძგილ უელსის ნაკრებს; აღარაფერს ვამბობთ იმ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორზე: გიორგი ქინქლაძემ შენიშნა თუ არა წინ გამოსული მასპინძელთა ვეტერანი და ტიტულოვანი მეკარე ნევილ საუთჰოლი, ეფექტური და უზუსტესი დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო!..
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი, პირველი, პირველი...
უელსელებთან პირველი დაპირისპირება ჩვენთვის სადებიუტო ციკლში (ევროპის 1996 წლის შესარჩევი ეტაპი) გვქონდა და ისე მოხდა, რომ ამ მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო: მოლდოვასთან - 0:1, ბულგარეთთან - 0:2...

და აი, ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენს ნაკრებს თავის ისტორიაში მესამე ოფიციალური მატჩი ელოდა უელსის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც იმდროინდელი ინგლისური პრემიერლიგის ვარსკვლავები გამოდიოდნენ: მეკარე - ნევილ საუთჰოლი, ნახევარმცველი - დინ სანდერსი და, რაღა თქმა უნდა, ორი მართლაც გამორჩეული ფორვარდი, იან რაში და მარკ ჰიუზი!

უელსელები თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვიდნენ და მხოლოდ ერთადერთი ლიდერი მოისაკლისეს: "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა გარემარბი, იმ დროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რაიან გიგზი!

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ტრავმის გამო გუნდს გოჩა ჯამარაული და დიმიტრი კუდინოვი აკლდნენ. ამას გარდა, სიახლე იყო ოთხწლიანი პაუზის მერე საქართველოს ნაკრებში გოჩა გოგრიჭიანის დაბრუნება და ალექსანდრე ჩივაძემაც ეს გამოცდილი გოლეადორი ძირითადში გაამწესა.

თუმცა, ვიდრე იმ მართლაც ისტორიული მატჩის პერიპეტიებს გავიხსენებდეთ, ისიც უნდა ითქვას, თუ რა პირობებში ემზადებოდა საქართველოს ნაკრები! ახალგაზრდა თაობამ, შესაძლოა, არც დაიჯეროს ის ფაქტი, თუ როგორი იყო 90-იანი წლების დასაწყისის თბილისი: ჩაბნელებულ ქალაქში ვერც დიღმის საწვრთნელი ბაზა დაიკვეხნიდა ელემენტარული პირობებით და უელსთან მატჩის წინ ჩვენს ფეხბურთელებს... გარეთ დანთებულ ცეცხლზე უწევდათ ჩაის მოდუღება!

ელექტროენერგიის სწორედ უმწვავესი კრიზისის გამოც იყო, რომ საქართველოსა და უელსის მატჩი შუადღეს, 14 საათზე დაიწყო! თანაც, იმ დროისათვის ევროპულ დროსთან სხვაობა 5 საათი იყო და ზოგი იმასაც ამბობდა, უელსელებმა გაღვიძებაც ვერ მოასწრეს წესიერად, მატჩის დაწყების დრო რომ მოახლოვდაო!

ასე იყო თუ ისე, ჩვენმა ნაკრებმა იმდენად დამაჯერებლად დაჯაბნა პრემიერლიგის წამყვანი კლუბების ასევე წამყვანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული უელსის ნაკრები, რომ აღარც დროში სხვაობა უნდა ყოფილიყო აქტუალური და აღარც იმდროინდელი უშუქობა თუ უყველაფრობა!..

16 ნოემბერი
1994 წლის 16 ნოემბერი - ეს დღე მართლაც ისტორიულია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა (რომლის შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ 4 ლეგიონერი იყო - კახა ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, თემურ ქეცბაია, გოჩა გოგრიჭიანი) პირველად შეძლო ოფიციალურ მატჩში გოლ(ებ)ის გატანა და, რაც მთავარია, პირველად შეძლო ოფიციალური მატჩის მოგება!

მერე, მოგებასაც ხომ გააჩნია: ნევილ საუთჰოლს, დინ სონდერსს, იან რაშსა და მარკ ჰიუზს ინგლისური პრემიერლიგისა თუ საერთაშორისო დონეზე ხომ უამრავი ინდივიდუალური თუ გუნდური ტიტული ჰქონდათ მოპოვებული...

ამ დროს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ერთმანეთზე ლამაზი და ერთმანეთზე ოსტატური 5 (ხუთი!) უპასუხო გოლი გაუტანა ასეთი დონის მეტოქეს!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ უელსის ნაკრებს, ანალოგიური ანგარიშით, თავის არსებობის ისტორიაში მანამდე არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჰქონდა წაგებული.

ეგ კი არა, იმის შემდეგ დღემდე, მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ხუთბურთიანი სხვაობით და ისიც ვარსკვალავურ ჰოლანდიის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც დენის ბერგკამპი ბრწყინავდა. თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ 1994 წლის 16 ნოემბრის იმ მართლაც ისტორიულ შუადღეს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულის", "ევერტონის", "ლიდსის", "ასტონ ვილას", "შეფილდ უენდსეის" (ბოლო სამი გუნდი დღესდღეობით ჩემპიონშიფში ასპარეზობს, თუმცა, იმ დროისათვის ინგლისურ პრემიერლიგაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა) ვარსკვლავების წინააღმდეგ, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ მართლაც სუპერშემტევი შემადგენლობა დააყენა და ამ რისკმა გაამართლა კიდეც!

თან ერთმანეთზე უკეთესი გოლები ხომ გავიტანეთ მეტოქის კარში, სულ მცირე, სამი-ოთხი რეალური მომენტიც გვქონდა: თემურ ქეცბაიას გარდა, გოჩა გოგრიჭიანსა და შოთა არველაძესაც შეეძლოთ დუბლის შესრულება, ისე, როგორც შეცვლაზე შემოსულ მიხეილ ყაველაშვილს შეეძლო ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაეხადა...

და როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ჩვენმა შემტევებმა ითამაშეს შთამბეჭდავად? უშეცდომოდ და ნერვაუტოკებლად ჩაატარა მთელი მატჩი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის, ალბათ, ყველაზე ნიჭიერმა მეკარემ, აკაკი დევაძემ; საიმედოდ იდგა დაცვის ცენტრში კახა ცხადაძისა და მურთაზ შელიას "დუეტი", ისე, როგორც მარცხენა მცველი - გიორგი ჩიხრაძე.

ისევე, როგორც წინა მატჩში (როცა, გასვლით შეხვედრაში პირწმინდად "ამოკეტა" იმდროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი), ამჯერადაც გამორჩეული გახლდათ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამწესებული ზაზა რევიშვილი;
აღარაფერს ვამბობთ მარჯვენა ნახევარმცველზე, კახა გოგიჩაიშვილზე, რომლის გაუთავებელ რეიდებს ბოლო არ უჩანდა.

შეუდარებელი იყო გიორგი ნემსაძე: ჩვენი ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა (ვიდრე ტრავმის გამო შეცვლიდნენ) უაღრესად შრომატევადი სამუშაო შეასრულა და ამას გარდა, მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო, როცა იდეალური პასი გაუკეთა გიორგი ქინქლაძეს.

ამ უკანასკნელზე კი რაღა უნდა ვთქვათ: უელსელები რომ ვერაფრით ახერხებდნენ 21 წლის ქინქლაძის შეჩერებას, აშკარად "არაბრიტანული" ხერხით, უხეშობით მოინდომეს იმ დროისათვის ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული ქართველი ვირტუოზის განეიტრალება...

საქართველოს ნაკრების 27-წლიან ისტორიაში რამდენიმე მართლაც დაუვიწყარი მატჩია, ამათგან ერთ-ერთი კი, უდავოდ, უელსთან შინ დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. ასევე დაუვიწყარია ის ერთმანეთზე უკეთესი 5 გოლი, "ევერტონისა" და უელსის ნაკრების ვეტერან მეკარე საუთჰოლს რომ გაუტანეს თემურ ქეცბაიამ, გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ.

იმ დროისათვის ბერძნული აეკ-ის ლიდერი თემურ ქეცბაია კი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საქართველოს ნაკრების ოფიციალურ მატჩში ჯერ ის მართლაც ისტორიული და სადებიუტო გოლი რომ გაიტანა, მერე კი სულაც დუბლი შეასრულა!..

P.S. 1994 წლის 16 ნოემბრის ის მატჩი, წესით, კარგად უნდა ახსოვდეს უელსის იმდროინდელი ნაკრების ცენტრალურ მცველ კრის კოულმენს, ვინც დღეს ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიდეოებს არ ხსნის. იქნებ გაასწოროთ
ვანო
14:56 05-10-2017
0
kargi dro iko ,rosa es bijebi tamasobdnen?
nago
15:14 05-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული