მართალია, შემდგომ წლებში ამ უნიჭიერესმა თაობამ ეს იმედები ვეღარ გაამართლა, მაგრამ ის 5:0 უდიდესი სიხარული იყო და დავიწყებას ვერ მიეცემა.
იშვიათი ადამიანი, რომელიც ამ დღეს სიხარულთან ერთად მწუხარებას განიცდიდა, გიორგი ნემსაძე გახლდათ. საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველსა და კაპიტანს 16 ნოემბრის მატჩის გახსენება ვთხოვეთ:
- ჩემს მეხსიერებაში ეს
საერთოდაც, ვაჩვენეთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ქართულ ფეხბურთს ჰქონდა - შემტევი და სანახაობრივი თამაში.
ისე, ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, მართლა როგორი ძლიერი ნაკრები გვყავდა... მაგრამ მე ის დღე, კარგის გარდა, ცუდითაც დამამახსოვრდა. მეორე გოლზე გიო ქინქლაძე მეკარესთან პირისპირ გავიყვანე, 2:0 დავწინაურდით და იქ მივხვდი, რომ თამაშში გარდატეხა შევიტანეთ, მაგრამ გოლის შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლოს, მოედნიდან საკაცით გამიყვანეს...
- ფეხი რატომ იტკინეთ?
- კახა ცხადაძემ გოლი მოედანზე გასრიალებით აღნიშნა და მეც ავყევი - მაგრამ ისეთი ხრიოკი მოედანი იყო, მუხლში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და მერე 7 თვით დასვენება მომიწია.
- საფარი ხრიოკი რატომ იყო, არ მორწყეს თამაშამდე?
- რა მორწყეს, ხუმრობ?! 1994 წელს წყალი, შუქი და გაზი დიდი ფუფუნება იყო. თამაშამდე კოსმეტიკური სამუშაოები ჩაატარეს, ელემენტარულად მაინც რომ მოეწესრიგებინათ... სხვათა შორის, მაშინ ამომაჭრეს მენისკი და ამან მთელი კარიერა გამაწვალა, სულ პრობლემებს მიქმნიდა. ტკივილებს ვგრძნობ ახლაც. 17-წლამდელების შეკრებაზე თავადაც ვივარჯიშე და უცებ ამტკივდა. 29 სექტემბერს მსოფლიო ვარსკვლავების მატჩში ამის გამო ვერ ვითამაშე.
- მაშინდელ უელსს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა...
- ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავდათ - სპიდი, რაში, ჰიუზი... რაც მთავარია, სანაკრებო დონეზე დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ჩვენთვის კი ეს პირველი შესარჩევი იყო, გამოუცდელები ვიყავით. რეალურად, არც ვიცოდით, რა იყო სანაკრებო დონე. ან რა პირობები ჩვენ გვქონდა?!
- ამ მატჩმა ჩვენი ფეხბურთელების კარიერაზე გავლენა მოახდინა?
- რა თქმა უნდა, თანაც - ძალიან დიდი. მე რაც ვიცი, სწორედ ამ მატჩში შენიშნეს "მანჩესტერ სიტის" სელექციონერებმა გიო ქინქლაძე, რომელმაც კარდიფშიც მოგვაგებინა და ინგლისში წავიდა. გიომ მეორე მატჩიც ძალიან კარგად ჩაატარა და ზღაპრული გოლიც გაიტანა. უელსის კარში ცნობილი მეკარე იდგა, "ევერტონის" წევრი ნევილ საუთჰოლი, რომელსაც კარიდან ორი მეტრით გამოსვლა არ აპატია და ბურთი თავზე გადაუგდო.
- ეს მატჩები რის ხარჯზე მოიგეთ?
- საკმაოდ კარგად შეთამაშებული გუნდი და ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. ამ გუნდს ევროპა-მსოფლიოზე თამაშის პოტენციალი ჰქონდა. მერე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტ ბულგარეთსაც მოვუგეთ და ევროპელები ჩვენი ნაკრების წევრებით უკვე ძალიან დაინტერესდნენ. წარმოიდგინეთ, "მანჩესტერ სიტიში" წლების განმავლობაში 4 ქართველი თამაშობდა - ქინქლაძე, მერე ყაველაშვილი, ცხადაძე და შელია.
უელსელები გაოცებულები იყვნენ - აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ 5:0-ს მოვუგებდით? ალბათ, მოგებაზე იმანაც იმოქმედა, რომ სათანადოდ არ დაგვაფასეს, ჩვენ კი ძალიან მონდომებით ვითამაშეთ.
- 6 ოქტომბრის მატჩში საქართველოს ნაკრების შანსებზე რას იტყვით?
- უელსელებს ბეილი არ ჰყავთ, რომელიც მათი ლიდერია. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ოქრიაშვილი და ანანიძე დაგვაკლდებიან, რომლებიც საქართველოსთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. მაგრამ უელსთან თამაში ყოველთვის გამოგვდის და მჯერა, ამჯერადაც წარმატებით ვითამაშებთ.
- ეს არის ყველაზე საინტერესო: უელსელებზე ბევრად უარეს გუნდებთან გაგვჭირვებია, მათთან კი 4-დან 3 მატჩი მოვიგეთ...
- ალბათ, იმიტომ, რომ უელსელებს სამხრეთული სტილის გუნდებთან უჭირთ. ჩვენ კი, ინგლისელების გარდა, თითქმის ყველა ბრიტანულ ნაკრებთან მეტ-ნაკლებად გამოგვდის თამაში...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პრინციპში ეხლაც ძაან გაგვიხარდება თუნდაც 1:0 მოგება... :)