საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა, რასაც სტარტის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. განვლილი ციკლის შეფასება საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ვეტერან ფეხბურთელ ლადო ბურდულს ვთხოვეთ...
პოზიტივი და ნეგატივი
- დავიწყოთ იქიდან, რომ შედეგი მიუღებელია და, შესაბამისად, მხოლოდ ამაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესარჩევი ციკლი სუსტად ჩავატარეთ. და მაინც, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. უარყოფითთან ერთად, იყო დადებითი მომენტებიც. დადებითით დავიწყებ. რამდენიმე თამაშში, მხოლოდ ფრაგმენტულად, ჩვენ
უარყოფითი არის შედეგი და ამით ყველაფერია ნათქვამი. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ შედეგი ფეხბურთში არის ყველაზე მთავარი და როცა არ არის ეს შედეგი, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადადის...
აბა, ვკითხოთ გულშემატკივარს, არ ურჩევნიათ - საშინლად ვითამაშოთ ყველა შეხვედრაში და თუნდაც მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოვიგოთ?! ნაკრებსა და კლუბში მთავარი შედეგია.
თბილისის აკადემიაში, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა, ბავშვები გვყავს. ისინი სწავლობენ სწორ ფეხბურთს და ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ შედეგზე არ იფიქრონ, რომ არ დაარტყან ბურთი წინ უმისამართოდ და თუნდაც გოლი გაუშვან. ჩვენ მიზნად გვაქვს, ასე მივიყვანოთ ისინი ასაკობრივ ნაკრებამდე. კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ - ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს!
მთავარი ნაკლი
- მთავარ ნაკლად დავასახელებდი იმას, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 პროცენტით რეალიზებას. უნდა განვმარტო: არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი თავს ზოგავენ და ბოლომდე არ იხარჯებიან. ამას გამოვრიცხავ! ვგულისხმობ იმას, რომ როცა დღეს სამ აჩქარებას აკეთებ, ვთქვათ - 100 მეტრზე, ხვალ მეტი უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს და 8-10 აჩქარება გააკეთო. მერე - ჩვენ ხომ ფეხბურთელები ვართ და არა - მორბენლები? სირბილი ერთია და მეორე ის, რომ რაღაც უნდა მოიგონო, კაცი მოატყუო, არაორდინარული პასი მისცე...
ბევრი დიდი მწვრთნელისგან მსმენია და რაც ასაკში შევდივარ, მეც ვრწმუნდები, რომ თუ არ შეუძლია ფეხბურთელს კარგად თამაში, ის შემთხვევით კარგად ვერ ითამაშებს. ხომ გვაქვს გამონათებები? ესე იგი, სტაბილურად ასე თამაშიც შეგვიძლია.
მაგალითად, როგორც ირლანდიასთან ვითამაშეთ, ისე რომ გვეთამაშა, შედეგი დღეს სხვა იქნებოდა და ვინ იტყოდა, რომ თამაშის ხარისხი იყო ცუდი? ანუ, ისევ მივდივართ სტაბილურობასთან...
ვაისის შესახებ
- სიმართლე გითხრათ, ვაისის მუშაობას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვაქცევ ყურადღებას და მომწონს, როცა ის წარმატებით წვრთნიდა სლოვაკეთის ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ათამაშა და იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, პლეი ოფშიც გაიყვანა...საქართველოს ნაკრებში მის ვარჯიშებსაც ვესწრები და უნდა გითხრათ, რომ მისი მუშაობა მომწონს. მას არ ჰყავს გუნდში ავტორიტეტები. და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იცის ფეხბურთელებთან მიდგომა...
იმ გამონათებების მიხედვით, რაც წეღან ვახსენე, ვხვდები, რა უნდა ვაისს და საით მიჰყავს გუნდი. მეორე მხრივ, ერთია, რა მომწონს მე და მეორეა შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ შესარჩევ ციკლში შედეგი უნდა იყოს უკეთესი. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. დანარჩენი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს...
საუკეთესო და ცუდი მატჩები
- გამოვარჩევდი ირლანდიასთან თბილისურ მატჩს. ასევე კარგად ვითამაშეთ კარდიფში, უელსის წინააღმდეგ. კარგი იყო სერბეთთან საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმი... დანარჩენი იყო ჩავარდნა. ჩემი სუბიექტური აზრით, საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლში მეტი შეეძლო.
რთული მისია
- ერთა ლიგა ჩვენი შანსია, მაგრამ მისი ფორმატიდან გამომდინარე, არავის უნდა ეგონოს, რომ იოლი იქნება წარმატების მიღწევა. ფორმატი ისეთია, ბოლომდე დაგვჭირდება ჩვენი რესურსის მობილიზება. ისევ და ისევ სტაბილურობის პრობლემასთან მივდივართ, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ. ჯერ არ ყოფილა წილისყრა, მაგრამ ჩვენს კალათაში რამდენიმე ისეთი ნაკრებია, რომელსაც სუსტ მეტოქეს ნამდვილად ვერ უწოდებ. გზაც დიდია საბოლოო გამარჯვებამდე.
ჯერ ჩვენი ჯგუფის მოგება იქნება საჭირო, მერე კი პლეი ოფში წარმატებით თამაში. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ამ შანსის გამოყენებას და ევროპის პირველობაზე გასვლას...
რესურსი
- ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მეტი უნდა მოსთხოვონ საკუთარ თავს. ძალიან დიდი იმედი მქონდა ახალგაზრდული ნაკრების. ამ თაობას მეც ვაკვირდები და მასზე ყველა დიდ იმედს ამყარებს. ჩემთვის ძალიან მოულოდნელია ის შედეგი, რაც სამი მატჩის შემდეგ გვაქვს...
ვფიქრობ და ვერ მიპოვია მიზეზი. ერთადერთი, რაზეც ვჩერდები, ეს არის - ამ მართლაც ნიჭიერმა მოთამაშეებმა ნაადრევად ირწმუნეს, რომ უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან. მათ ჯერაც აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ და ღირებულებები გადააფასონ.
ქართულ ფეხბურთს მომავალი რომ აქვს, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. უბრალოდ, ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"