საქართველო VS კვიპროსი - ბევრი რამ გამოჩნდება...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ახალ სეზონს იწყებს. კარს მოგვადგა ორი ამხანაგური მატჩი. დღეს გორში ვმასპინძლობთ კვიპროსს, ხოლო 13-ში ბელორუსს (რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე, გუშინ ერევანში 1:4 წააგო) ქუთაისში მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა მნიშვნელოვანია. დღეს კვიპროსთან თამაშზე ვილაპარაკოთ. შეგახსენებთ, რომ კვიპროსთან მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ერთა ლიგისთვის!
ერთა ლიგაში კვიპროსზე ძლიერი გუნდი ბევრი არ იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ და საშინაო შეხვედრა მოვიგოთ.

საქართველოს ნაკრების თამაშში გვაინტერესებს ისიც, რამდენად ვიქნებით დომინანტები და
ვუკარნახებთ თუ არა ჩვენს თამაშს მოწინააღმდეგეს.

კვიპროსის ნაკრები ჯერ ისედაც დაცვითი სტილის გუნდი იყო და კიდევ უფრო ორგანიზებული გახდა მას შემდეგ, რაც მწვრთნელად ებრაელი რან ბენ შიმონი ჰყავს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, შევძლებთ თუ არა იმ გუნდის გატეხას, რომელიც ძალიან აკურატულად იცავს თავს.

აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კვიპროსთან მატჩში აუცილებლად გვექნება საგოლე მომენტები და სასურველია, მათი გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე წინა შეხვედრებში.

ორი ლიდერის გარეშე
კვიპროსის ნაკრებთან (ბელორუსთანაც) შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ორი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ თორნიკე ოქრიაშვილსა და ჯანო ანანიძეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

ზოგადად, ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში ძირითადად იმ ფეხბურთელებს უხმო, რომელთაც ხშირად იწვევს. ახალი სახე სიაში მხოლოდ ლევან გეგეჭკორია - ჩემი სუბიექტური აზრით, დინამოელმა კარგი თამაშით შანსი აშკარად დაიმსახურა, თუმცა არც ის იქნებოდა ურიგო, ამ ამხანაგური მატჩებისთვის ვაისს ჩვენს პირველობაზე გამორჩეული კიდევ რამდენიმე ფეხბურთელისთვის გაეღო კარი.

ვერ ვიმეგობრებთ, ვერ ვიამხანაგებთ...
თამაში ამხანაგური კი არის, მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება გამარჯვება. ეს თუნდაც იმიტომ, რომ ერთა ლიგამდე დარჩენილ მცირე დროში მოგება მაქსიმალურად კარგად უნდა ვისწავლოთ!

დღევანდელ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთავარი მწვრთნელისთვისაც. ვაისმა გააგრძელა კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ეს მისი პირველი მატჩია მას შემდეგ, რაც კვლავ გამოუცხადეს ნდობა. შესაბამისად, მოტივაციაც გვარიანი უნდა ჰქონდეს.

დისციპლინის კაცი
კვიპროსის ნაკრების შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია, მაგრამ დანაკლისი მაინც არის. არ იქნებიან მეკარე კონსტანტინოს პანაგი, მცველი ვალენტინოს სიელისი და ნახევარმცველები - კონსტანტინოს ხარალამბიდესი და მარიუს ნიკოლაუ.

ამის მიუხედავად, რან ბენ შიმონის კვიპროსი მაინც "კერკეტი კაკალია". ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გუნდმა დაიდო ბოსნიის ძალიან კარგი ნაკრების ცოდვა, როცა შინ 3:2 მოუგო და ამ წაფორხილებამ ბალკანელები მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვა...

ცხადია, კვიპროსის ნაკრები ევროპულ გრანდებს არ განეკუთვნება, მაგრამ საინტერესო გუნდი კია. ბოლო დროს, ევროთასებზე კვიპროსული კლუბების კარგმა თამაშმა ნაკრებს მეტი თავდაჯერება შესძინა.

გუნდს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები და მათი უმეტესობა კვიპროსელი სულაც არ არის - ნატურალიზებული ფეხბურთელია. მაგალითად, პორტუგალიელმა მცველმა დოსა ჟუნიორმა თავის დროზე "ლეგიასა" და "ქონიასფორში" ითამაშა, ამჟამად კი აელ-ის (ლიმასოლი) ღირსებას იცავს.

ფრანგია ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ვენსან ლაბანი. 33 წლის ფეხბურთელმა თავის დროზე კარიერა "ნანტში" დაიწყო. მერე კვიპროსში ითამაშა და თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ "ანორთოსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაც დააჭაშნიკა. იყო რუმინეთში, ახლა კი ისევ კვიპროსში, კერძოდ, ლარნაკის აეკ-ში თამაშობს.

ნახევარდაცვაში ერთ-ერთი მთავარი კაცია პორტუგალიელი რენატო მარგასა. სამშობლოში მას ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, იქაურ კლუბებში ასპარეზობის შემდეგ კი კვიპროსს მიაშურა. ის ამჟამად "ომონიას" ლიდერია. მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრებში თამაშის პერსპექტივა ვეღარ დაინახა, ამ ტექნიკურმა ნახევარმცველმა სანაკრებო ასპარეზად კვიპროსი აირჩია.

უცხოელების გარდა, ადგილობრივებს შორისაცაა რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი. 19 წლის გეორგიოს კასტანოსზე "იუვენტუსი" დიდ იმედებს ამყარებს. ამჟამად, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ის ბელგიურ "ვარეგემშია" განათხოვრებული.

24 წლის ფორვარდი პიეროს სოტირიუ აპოელ-ში შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ დანიურ "კოპენჰაგენში" გადავიდა და ამ გუნდშიც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. სტუმართა შეტევებისას მთავარ საფრთხეს სწორედ მისგან უნდა ველოდოთ. დანიურ კლუბში კვიპროსელი გოლეადორის ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ მან გოლებით თქვა თავისი სათქმელი.

ორიოდე სიტყვა გუნდის მთავარ მწვრთნელზე ვთქვათ. ეს არის 46 წლის ებრაელი სპეციალისტი რან ბენ შიმონი, ვისაც ფეხბურთელობის ჟამს "ფეთახ თიკვაში", ჰაიფას "ჰაპოელში", ფეთახ თიკვას "ჰაპოელსა" და "ბნეი იეჰუდაში" უთამაშია.

ბენ შიმონმა სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს, თელ-ავივის "მაკაბის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. "ჰაპოელი", "კირიათ შმონა", თელ-ავივის "მაკაბი", აეკ-ი, "ჰაპოელი", "ფეთახ თიკვა", "ბეითარი" და "აშდოდი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა დროს ბენ შიმონს გაუწვრთნია.

მას არც ტიტულები აკლია. არის ისრაელის ჩემპიონი, ორჯერ აქვს მოგებული რანგით მეორე ლიგა, არის პირველი და მეორე ლიგის თასების მფლობელი...

ყველაზე მეტად ებრაელ სპეციალისტს სათამაშო დისციპლინის განუხრელად დაცვას უქებენ. სწორედ ამისთვის მიიწვიეს ის კვიპროსის ნაკრებში...

საქართველო
მეკარეები - გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები - ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო თბ), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები - ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ).
თავდამსხმელები - გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).

კვიპროსი
მეკარეები - ანტონის გეორგალიდესი (აეკ), ნეოფიტოს მიხაელი (არისი), ურკო პარდო (ალკი);
მცველები - იასონ დემეტრუ (საუთენდი), გიორგიოს მერკისი (აპოელ), დოსა ჟუნიორი (აელ), კონსტანტინოს ლაიფისი (სტანდარდი), მარლოს ანტონიასესი (აეკ), გეორგიოს ვასილიუ (აპოლონი), მარიოს სტილიანუ (აპოლონი), ფანოს კატელარისი (ომონია);
ნახევარმცველები - გეორგიოს ეფრემი (აპოელ), ანდრეას ავრაამი (აელ), ვინსენტ ლაბანი (აეკ), კოსტას არტიმატასი (კერკირა), ხარალამბოს კირიაკუ (ეშტორილი), გეორგიოს კასტანოსი (ვარეგემი), გეორგიოს ეკონომიდესი (ანორთოსისი), რენატო მარგასა (ომონია), ვასილიოს პაპაფოტისი (დოქსა);
თავდამსხმელები - დემეტრის ხრისტოფი (ომონია), ნესტორას მიტიდისი (აეკ), პიეროს სოტირიუ (კოპენჰაგენი), ონისიფოროს რუშასი (აეკ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
პირველ რიგში გამოჩნდება რომ ისეთივე ნახირია რაც აქამდე იყვნენ
megre
13:59 10-11-2017
1
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე გადმოდინდება, ასე ბრძანა დიდმა შოთამ
gizog
16:07 10-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული