საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩის წინ ბელარუსის ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ექსპერიმენტული შემადგენლობით დამარცხდა (1:4) და მათმა მწვრთნელმა იგორ კრიუშენკომ განაცხადა, რომ მომენტები ვერ გამოიყენეს, თორემ წესით, არ უნდა წაეგოთ, ქართველებთან კი უფრო ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებდა და თუ კვლავ დამარცხდებოდნენ, ეს ტრაგედია არ იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, 7 ფეხბურთელი შეცვალა.

ისევე როგორც წინა მატჩმა გორში კვოპროსთან, ამ ამხანაგურმა თამაშმაც არ გამოიწვია დიდი ინტერესი, არენაზე ცოტა მაყურებელი მივიდა. თუმცა, მეორე ტაიმში ტრიბუნები თითქმის გაივსო.

პირველი ნახევრის 20 წუთი უინტერესოდ წარიმართა, მერე კი სწრაფი შეტევის შემდეგ ჯიღაურის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო 24-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომით ისარგებლა სტუმართა გუნდის კაპიტანმა სტასევიჩმა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის მერე ჩვენი გუნდი გააქტიურდა, სიხარულიძის თავური იგნატოვიჩმა აიღო, 35-ე წუთზე კი მან მაინც მაინც მიაღწია მიზანს -1:1.

ნაანტრაქტევს ვაისის შეგირდებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტად გამორჩეულმა და აგრესიულმა სიხარულიძემ დაასწრო მცველს, დაარტყა და მეკარემ არ დაანება გატანა - ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურს კი გოლი მოყვა. შეცვლაზე შესულმა დვალმა პოლიტევიჩი დაჯაბნა და ნაკუთხურალ ბურთს მოხერხებულად დაუხვედრა თავი.

სამწუხაროდ, სლავებმა მალე მოახერხეს ანგარიშის გაყაიმება, როდესაც ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და მარცხენა ფლანგიდან აწეულ ბურთს უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ნეხაიჩიკმა კვასხვაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, თუმცა ვერ შეძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

რა შეიძლება ითქვას მოკლედ, რეზიუმეს სახით? თვალსასეირო თამაში იყო, ორივე ნაკრებმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ვაისმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და რამოდენიმე მათგანმა, განსაკუთრებით სიხარულიძემ ეს შანსი გამოიყენა კიდეც.

საქართველო - ბელარუსი 2:2

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (87. კაკაბაძე), ხოჭოლავა, კაშია (46. დვალი), შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია (87. კაჭარავა), კანკავა (60. მერებაშვილი), პაპუნაშვილი, ჯიღაური (60. ქვილითაია), სიხარულიძე (80. ყაზაიშვილი)

ბელარუსი: იგნატოვიჩი (46. პავლიუჩენო), ვოლოდკო (63. მატვეიჩუკი), პოლიტევიჩი, გავრილოვიჩი, რიოსი, ბიკოვი, კორზუნი, კარნიცკი (57. ნეხაიჩიკი), სტასევიჩი (88. პავლოვეცი), კოვალიოვი (82. კლიმოვიჩი), ლაპტევი

გოლები: 24. სტასევიჩი 0:1, 35. სიხარულიძე 1:1, 51. დვალი 2:1. 66. ნეხაიჩიკი 2:2

გაფრთხილება:
27. ვოლოდკო, 30. სიხარულიძე, 44. ბიკოვი, 46. სტასევიჩი
მკითხველის კომენტარები / 28 /
კაჭარავას ვის უნახავდა ეს ორი თამაში?... კვასხვაძის აღებული ბურთი გინახავთ ნაკრებში?...
Irakli Apkhaidze
15:27 14-11-2017
1
ხომ შეიძლება კვასხვაძემ ერთი ბურთი მაინც აიღოს?
გიორგი
14:20 14-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული