საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით

AutoSharing Option
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან ამხანაგურ შეხვედრაში ისეთი პირველი ტაიმი ჩაატარა, რთულია, გამოხვიდე იმ ემოციებიდან და დაივიწყო ის სიამოვნება, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მოგვანიჭეს.

დღეს კი, 27 მარტს საქართველოს ესტონეთი ეწვია და საღამოს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე, ვიმედოვნებთ, კიდევ ერთ საფეხბურთო ზეიმს ვიხილავთ. ვინც სტადიონზე ვერ მოხვალთ, მატჩის სატელევიზიო ტრანსლაციას "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იხილავთ.

ტაქტიკური მონახაზი და შემადგენლობა

თუ წინა შეხვედრაში სამი ფეხბურთელი გვაკლდა, ამჯერად რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ჯანო ანანიძემ ლიტვასთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და შემოდგომამდე მინდორს დაემშვიდობა. ასევე, ვაკო
გვილიაც
ვარჯიშზე მსუბუქად დაშავდა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მეორე შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე მონაწილეობას არ მიიღებდა. ასევე ტრავმის გამო წინა შეხვედრამდე გვაკლდნენ: დავით ხოჭოლავა, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე.

სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ეს ცვლილებები არ იქნება. ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი მაკარიძე.

სლოვაკი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა პაპუნაშვილის თამაშით და ამ ქმედებით მას ნაკრებში დამკვიდრების უფრო მეტ შანსს აძლევს.

ბოლო წლებია საქართველოს ნაკრებში საკმაოდ კარგი კონკურენციაა მეკარეებს შორის და ვაისიც შანსს ყველას აძლევს. ამჯერად გიორგი მაკარიძე დაიწყებს, რომელსაც უფრო მეტი წნეხი ექნება, ვიდრე გიორგი ლორიას ჰქონდა ლიტვასთან.

ვლადიმირ ვაისმა ძალიან ბევრი კარტი გახსნა მატჩის წინ. სასტარტო შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, იქნებიან: ნიკა კაჭარავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი, ჯიმი ტაბიძე და ლაშა შერგელაშვილი.

ანუ, თუ ვაისს დავუჯერებთ, დაახლოებით ასეთი იქნება ჩვენი ტაქტიკა - 4-2-3-1: გიორგი მაკარიძე - ლაშა შერგელაშვილი, ჯიმი ტაბიძე, საბა კვირკველია, ოთო კაკაბაძე - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი - გიორგი პაპუნაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი - ნიკა კაჭარავა.

ერთი მხრივ, კარგია, რომ საქართველოს ნაკრების დამრიგებელი არჩევს შემადგენლობას, რომელსაც ერთა თასზე დაეყრდნობა, თუმცა წინა მოგებით გახარებული გულშემატკივარი "მიხეილ მესხის" სტადიონზე მომავალი გამარჯვების იმედით ცარიელ ადგილს არ დატოვებს.


მეტოქე ესტონეთი

წინა დაპირისპირება ნაკრებსაც და გულშემატკივარსაც ცუდად ახსოვს. 2015 წელს, ჯერ კიდევ როცა ცხადაძე იყო მწვრთნელი, ტალინში 3:0 წავაგეთ და ჩვენს თამაშში საერთოდ არ იყო ფეხბურთის ნასახი. დღეს გამოძახებული 20 ფეხბურთელიდან ტალინში შვიდი ფეხბურთელი იმყოფებოდა და ექვსმა მიიღო მატჩში მონაწილეობა: ლორიამ, კაკაბაძემ, კაშიამ, ნავალოვსკიმ, კანკავამ და ყაზაიშვილმა. იმ შეხვედრაში თადარიგში მხოლოდ გიორგი მაკარიძე იყო.

ესტონეთი თბილისში წამოსვლამდე სომხეთს 0:0 დაუზავდა. მათი მწვრთნელის განცხადებით, ჩვენთან დადებითი შედეგის მისაღწევად მოდის. მათი ნაკრები ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა და c დივიზიონში ჯგუფში უნგრეთთან, საბერძნეთთან და ფინეთთან ერთად იმყოფება.


მეტოქის ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია ადგილობრივი ჩემპიონატიდან. 4 ფეხბურთელი ტალინის "ფლორიდანაა", რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილია. ბოლო პერიოდში კი ზაქარიას ესტონეთის ნაკრებში ასპარეზობაზე მიდის საუბარი.


სხვათა შორის, 2015 წელს 78-ე წუთზე ჩაერთო ბეგლარიშვილი შეხვედრაში ესტონეთის წინააღმდეგ, მაგრამ რადგან ის ოფიციალური შეხვედრა არ იყო, მას თავისუფლად შეუძლია ესტონეთის ნაკრებში ითამაშოს.

ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი "ლივერპულის" მცველი რაგნარ კლავანია. ესტონეთის ნაკრებშია ნიკა კაჭარავას თანაგუნდელი კენ კალასტეც, რომელიც მარცხენა მცველია.

ესტონეთის ნაკრებს 2016 წლიდან ადგილობრივი სპეციალისტი მარტინ რეიმი წვრთნის, რომელიც მანამდე ახალგაზრდული ნაკრებების გაწვრთნით იყო დაკავებული.

რას ველით?
გავსებულ სტადიონს! ერთი რამ, რაც გულდასაწყვეტი და უცნაური იყო წინა მატჩში, ეს იყო შეხვედრის მიწურულს ტრიბუნების მასობრივი დაცარიელება. ცოტა უცნაურია - თუ ვაგებთ, მიდის გულშემატკივარი, თუ ვიგებთ, მაინც მიდის.

დღევანდელი მატჩი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ლიტვასთან იყო. როგორც დანაკლისიდან გამომდინარე, ამავდროულად, იმ ცვლილებებითაც, რასაც ვაისი გეგმავს.

მაგრამ ამ ექსპერიმენტებით ბევრი დეტალი იჩენს თავს, მაგალითად: ვინ უნდა იყოს მთავარი მეკარე? ვინ უნდა იყოს სასტარტოში, გიორგი ქვილითაია თუ ნიკა კაჭარავა? დანაკლისის პერიოდში რამდენად ძალუძს გიორგი პაპუნაშვილს ლიდერების ჩანაცვლება? შეძლებს ისეთივე ნაყოფიერი იყოს ნიკა კვეკვესკირი, როგორც ვაკო გვილიაა? და ა.შ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რთულია, რევანშზე იფიქრო, თუმცა ყველაფერი ხდება...



მკითხველის კომენტარები / 12 /
კანკავაზე ეწყობა ისევ გუნდი? მე სამწუხაროდ ვერ ვატყობ გუნდს რომ მისი ყოფნა რამეს მატებდეს და იქნებ დროა მის გარეშე ითამაშოს ამხანაგურები და დალაგდეს სათამაშო სქემა. უფრო მობილური გუნდი გამოვა ჩემი აზრით, ჯაბას ცალსახა ჩამშლელია და ქეცბაიას ფორმაციის გუნდისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა როცა შეტევის პრეტენზია გვაქვს მისი მოედანზე ყოფნა დასუსტებაა ამ პოტენციალის.
2
კანკავაზე ეწყობა ისევ გუნდი? მე სამწუხაროდ ვერ ვატყობ გუნდს რომ მისი ყოფნა რამეს მატებდეს და იქნებ დროა მის გარეშე ითამაშოს ამხანაგურები და დალაგდეს სათამაშო სქემა.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული