როგორც ბეგლარიშვილმა გვითხრა, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას დიდხანს ელოდა, თუმცა ეს არ მოხდა და აპირებს, ესტონეთის ნაკრების ღირსება დაიცვას.
ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როგორ მიგდით საქმეები "ფლორაში"? ესტონეთის ახლად დაწყებულ ჩემპიონატს უგოლოდ არ ტოვებთ და აშკარაა, კარგ ფორმაში იმყოფებით...
- ყველაფერი კარგად მიდის... დასაწყისიც კარგი გამოვიდა, ჩემს ანგარიშზე
- თქვენი აზრით, რატომ არ გიხმოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა?
- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია... ჩემით არასდროს დაინტერესებულა, რამდენი ამხანაგურიც ჩატარდა და არც ახლა გამკვირვებია.
- ესტონეთის ჩემპიონატზე რომ გვითხრათ... რა დონის ჩემპიონატია და რატომ ვერ აღწევენ ადგილობრივი გუნდები წარმატებას ევროსარბიელზე?
- საშუალო დონის ჩემპიონატია და უმეტესობა კლუბებში აქცენტს ადგილობრივ ფეხბურთელებზე აკეთებენ. ევროსარბიელს რაც შეეხება, ალბათ, აქ უფრო გამოცდილი მოთამაშეების დამატებაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო.
- აშკარაა, რომ საქართველოში ფეხბურთელებს დაბალი ხელფასები აქვთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ესტონეთში?
- აქაც თითქმის იგივე სიტუაციაა. ფეხბურთში ძალიან ცოტა ფულს დებენ და ანაზღაურებაშიც დიდი განსხვავება არაა.
- ყველაფერ ამის ფონზე, არ აპირებთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას?
- ჯერჯერობით არ ვაპირებ და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
- საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთავაზებაც არ გქონიათ?
- რამდენიმე წლის უკან იყო საუბარი და ვაპირებდი დაბრუნებას, თუმცა არ გამოვიდა და ამ ეტაპზე, დაბრუნება აღარ მსურს.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ გუნდთან გქონდათ მოლაპარაკებები საქართველოში?
- უკვე დიდი დრო გავიდა და ახლა საუბარს აზრი აღარ აქვს.
- ესტონეთის ნაკრები რამდენიმე დღეში საქართველოს დაუპირისპირდება...
- ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება. ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, ორივე ნაკრებისთვის ძალიან კარგი თამაშია.
- იყო იმაზე საუბრები, რომ ესტონეთის ნაკრებში გეთამაშათ და ამის სურვილიც გამოთქვით...
- აზრი არ შემიცვლია და საბუთებს ველოდები. წლის ბოლომდე მოქალაქეობას მივიღებ. ვფიქრობ, ესტონეთის ნაკრებში შანსი მომეცემა.
- ანუ ესტონეთის ნაკრებში ითამაშებთ?
- დიახ.
- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- უბრალოდ, ფეხბურთელი ვარ და მსურს, ნაკრებში ვითამაშო. საქართველოში ამდენი ხანი არ დაინტერესდნენ ჩემით. ესტონეთში კი სურვილიც გამოთქვეს და ინტერესიც.
- უახლოეს მომავალში, ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში რომ დაგიძახოთ, შეცვლით თუ არა გადაწყვეტილებას?
- ეს კითხვა შარშანაც დამისვეს და იმის მერე დიდი დრო გავიდა... მაინც არავინ არ დაინტერესებულა და რას და როგორ ვიზამ, მაგაზე ტყუილად ლაპარაკს აზრი არ აქვს.
- თქვენ "ფლორაში" დიდი ხანია ასპარეზობთ და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც ხართ. რას ნიშნავს ესტონეთში გატარებული პერიოდი თქვენთვის? როგორც ვიცით, ესტონელები ძალიან გაფასებენ...
- ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს... კლუბში და მის გარეთაც დაფასებას ვგრძნობ. გულშემატკივრებსაც სურთ, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. ისინი მეკითხებიან, თუ როდის მივიღებ პასპორტს.
რა თქმა უნდა, ჩემპიონობა ყოველ წელს მიზანია და ასევე, ყველა შესაძლო ტიტულის მოგება.
- თქვენ ახალგაზრდულ კარიერაში ამსტერდამის "აიაქსში" ვარჯიშობდით...
- ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და იქ გატარებული დრო ყოველთვის კარგად მახსენდება. ვარჯიშები, სპეციფიკა, თამაშები, რომლებიც ჩავატარე...
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება.
- როგორ ფიქრობთ, რისი რესურსი აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?
- ვფიქრობ, შეუძლიათ ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება.
- თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა?
- ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
- რას აპირებს ზაქარია ბეგლარიშვილი სამომავლოდ?
- წლის ბოლომდე "ფლორასთან" ხელშეკრულება მაქვს და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.