არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!
გილოცავთ!
კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები" და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.
ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.
რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.
მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.
21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.
31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.
მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.
59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.
ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.
65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.
მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.
ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)
ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)
ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ
სტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა
ერთი რამაა უბრალოდ, დავამარცხეთ ყაზახეთი და არა ბრაზილია!) ეიფორიის გარეშე გთხოვთ) აქ გაიმარჯვა უფრო დიდმა ფეხბურთის კლასმა, ვინმემ თუ დაინახა მწვრთნელის საფეხბურთო აზრი? მე ვერ ვნახე)
ჩაკვეტაძე ბრავო!)