ჩვენ გვავიწყდება, რომ კვალიფიკაციით რანგით მე-4, D ლიგაში ვთამაშობთ, ჩვენი მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი (ლევან მჭედლიძე) ასპარეზობს ევროპის ტოპ-4 ჩემპიონატში და გუშინ იმასაც არ უასპარეზია.
იყო შანსი, ახალ სეზონში კიდევ ორი მოთამაშე გადასულიყო ტოპ-4-ეულში, მაგრამ არ გამოვიდა: გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" პლეი-ოფში დამარცხდა, ხოლო ოთარ კაკაბაძეს ტრანსფერი ჩაეშალა. საქართველოს ნაკრებს არა ჰყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები,
ერთა ლიგა იმითაა შესანიშნავი, რომ ჩვენნაირ გუნდებს მისცეს თავის წარმოჩენის საშუალება და უნდა ამოვიდეთ ჭაობიდან, ეს კი ადვილი საქმე არაა.
ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი
ამ ორ შეხვედრაში, რა თქმა უნდა, იყო გამართლების ფაქტორიც და მოდით, ვთქვათ ალალად, ორივე შეხვედრა 19 წლის ბიჭმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა. ყოველ შემთხვევაში, ამაში მას ლომის წილი მიუძღვის. იყო თუ არა ლატვიასთან პენალტი? თუ ფეხბურთის წესების მიხედვით ვიმსჯელებთ, იყო, მაგრამ ასეთ თერთმეტმეტრიანს ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავენ. მთავარი მსაჯი იმ ეპიზოდში მომენტის ადგილიდან შორს იდგა და ვერ შეამჩნია. სამაგიეროდ, კარსუკანა არბიტრმა დაინახა (გაახარებს ღმერთი!).
ალბათ, უადგილოა პარალელის გავლება, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ესპანეთის ნაკრებთან ჩვენი მატჩები მახსენდება, სადაც ე.წ. ავტობუსი ჩავუყენეთ და თბილისში კინაღამ მოვუგეთ (მატჩის ბოლოს გავუშვით გოლი და წავაგეთ), მერე კი ევროპირველობის წინ ამხანაგურ მატჩში ვძლიეთ. ძნელია 11 კაცით კარში ჩამდგარი, ორგანიზებული გუნდის ძლევა და რთული თამაში მოსალოდნელი იყო. რა მაგის პასუხია და, ამას წინათ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩიოდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად ორგანიზებული დაცვითი გუნდების გატეხვაო. ასეთი შეხვედრების მოგება დიდ გუნდებს უჭირთ და რა გასაკვირია, რომ ჩვენც გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინ.
ბევრი კრიტიკა გამოითქვა მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მიმართ სასტარტო შემადგენლობის დაყენებასთან დაკავშირებით. სხვა შემადგენლობა რომ დაეყენებინა, მაინც გააკრიტიკებდნენ, თუმცა მაინც ვერ გავიგე, საერთოდ რატომ ჩამოიყვანა კარგ ფორმაში მყოფი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიიდან, თუ 1 წუთსაც არ ათამაშებდა. ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ აგვიანებს მუდამ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას, რატომ ვერ ცვლის თამაშისას ტაქტიკას და ა. შ. შეიძლება არ აქვს ამის რესურსი, შეიძლება ვერ ახერხებს გუნდის გადაწყობას და ამის უნარი არც გააჩნია.
ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში
ძალიან, ძალიან დააკლდა გუნდს გიორგი ქვილითაია. ყაზახეთთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ლატვიასთან მისი თამაში უნდა ყოფილიყო, რამეთუ ის არაა იმ ტიპის ფორვარდი, რომელიც ცენტრში ბურთს მოიპოვებს, რამდენიმე მცველს მოატყუებს და გოლს გაიტანს. მას ჩაგდებულ ბურთზე ეხერხება თამაში და გუშინ სწორედ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. ნიკა კაჭარავას შარშან "კორონაში" კარგი მონაკვეთი ჰქონდა, მაგრამ ტრავმის მერე ფორმიდან ამოვარდა და ვეღარ ჩადგა, ხოლო "ანორთოსისში" თამაში არ წაუვიდა და ბექა მიქელთაძის დუბლიორია და იკითხავს ახლა ზოგიერთი, მაშინ მიქელთაძემ რაღა დააშავა, რომ არ იძახებენო?..
მოკლედ, სამსჯელო და საკამათო ბევრია, ამ ორმა მატჩმა არაერთი კითხვა დაბადა, თუმცა, რაც მთავარია, 6 ქულა ავიღეთ. წესით, ჯგუფი უნდა მოვიგოთ, პერსპექტივა გაჩნდა, წინ გადაიდგა ნაბიჯი და მართალია, მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ და თამაშის უკეთესი ხარისხი უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ნამეტანი პრეტენზიულებიც ნუ ვიქნებით.
ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]