10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ლატვიასთან მატჩში

AutoSharing Option
9 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ წარიმართა და უკვე 6 ქულა გვაქვს.

გთავაზობთ ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებებს ლატვიის ნაკრებთან მატჩში:

გიორგი ლორია 6.0
- საქართველოს ნაკრების მეკარე ლატვიასთან მატჩში უკეთესად გაისარჯა და რამდენიმე მნიშვნელოვანი "სეივიც" განახორციელა. საერთო ჯამში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, ორ შეხვედრაში მშრალად შენახული კარი მაინც დადებითი ფაქტია.

ოთარ კაკაბაძე 6.0 - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, წინა შეხვედრასთან შე
დარებით, უკეთესად გამოიყურებოდა და მეტად აქტიური გახლდათ. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოთარმა ეს მატჩი სიცხიანმა ჩაატარა. ის აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და ამწვავებდა სიტუაციას, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ჩაწოდებების უმრავლესობა უშედეგოდ სრულდებოდა.

საბა კვირკველია 6.0 - საბა ეს ორი შეხვედრაა იდეალურ ფორმაში არ არის. ხშირად იყო, როცა შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტიც, როცა ვარდნაში მეტოქის შეტევა ჩაშალა.

გურამ კაშია 7.0 - იმის მიუხედავად, რომ კაშია კლუბში იდეალურად არ გამოიყურებოდა, ამავდროულად, ამას თან სდევდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და სტადიონზე დაპირისპირების საფრთხე, მან ნაკრებში ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ის ძალიან კარგი იყო დაცვაში, ამავდროულად, ითავსებდა ლიდერის ფუნქციას და თანაგუნდელებს დირიჟორობდა. აღსანიშნავია, რომ მას ორჯერ ჰქონდა თავით გოლის გატანის მომენტი. ერთხელ არაზუსტად დაარტყა, მეორეჯერ კი კაჭარავას მოხვდა და თამაშგარე დაფიქსირდა.

გიორგი ნავალოვსკი 6.5 - ნავალოვსკის წინა შეხვედრა უკეთესი გამოუვიდა, თუმცა არც ლატვიასთან გამოიყურებოდა ურიგოდ. გამოსარჩევია პირველი ტაიმი, როდესაც მისი მოქმედებები ძალიან კარგი იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მეორე ტაიმში თითქოს ისეთი აქტიური აღარ იყო, თუმცა სტაბილურობასაც არ უჩიოდა.

ჯაბა კანკავა 6.5
- საქართველოს ნაკრების კაპიტანი, წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთესი იყო და მეტოქის ძალიან ბევრი შეტევა ჩაშალა. ის საკმაოდ ხისტი და აგრესიული იყო, რაც ლატვიელ ფეხბურთელებს კიდეც აბნევდა და ხშირად აკარგვინებდა ბურთს.

ნიკა კვეკვესკირი 6.0 - ყაზახეთთან მატჩის შემდეგ ნიკასგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. მისგან უფრო მეტ აქტიურობას და საკვანძო მომენტებს ველოდით, იმ ფონზე, როცა მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა, ნიკას შეეძლო მეტოქე შორეული დარტყმებით შეეწუხებინა, თუმცა ასე ნაკლებად იქცეოდა. სულ ორჯერ დაარტყა.

თორნიკე ოქრიაშვილი 6.5 - სასიხარულო ფაქტია, რომ ის მოედანს სრულფასოვნად დაუბრუნდა. ორჯერ შეგვაშინა კიდეც, როცა წაიქცა და ექიმების დახმარებას ითხოვდა. ეტყობა, რომ ბოლომდე ფიზიკურად არ არის მზად. ის მთელი შეხვედრა აქტიური გახლდათ, ბევრს მოძრაობდა და ხშირად უცვლიდა ფლანგს გიორგი ჩაკვეტაძეს. მის აქტიურ მოქმედებებს ხშირად თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ და მისი მონდომება წყალში იყრებოდა. რაც შეეხება პენალტს, ის ძალიან კარგად შეასრულა და ამ შეხვედრაში გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

ვაკო ყაზაიშვილი 6.0 - ვაკო მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩაკარგული გახლდათ, მისგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. რიგ მომენტებში არც ზუსტი პასებით გამოირჩეოდა და კარისკენ დარტყმებიც არაეფექტური გახლდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე 7.0 - გიორგი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. მეტოქის დაცვას მოსვენებას არ აძლევდა და ცდილობდა, ლატვიელი მცველებისთვის თავგზა აებნია. ორივე შეხვედრაში ის იქცა გამარჯვების მომტან მთავარ ფიგურად და რაც მთავარია, გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი ტალანტი ეზრდება. გიორგის მთავარი მონაგარი კი მოპოვებული პენალტი გახლდათ. ბევრს დავობენ, იყო თუ არა 11-მეტრიანი. თუ საფეხბურთო წესებს ჩავუღრმავდებით, ეს პენალტია. უბრალოდ, არის შემთხვევები, როცა ასეთ მომენტზე მსაჯები თვალებს ხუჭავენ.

ნიკა კაჭარავა 5.0 - ყველა შეგვძრა იმ ფაქტმა, რომ მატჩისწინა ვარჯიშზე გიორგი ქვილითაიამ მძიმე ტრავმა მიიღო, ვაისის არჩევანი კი არცთუ ისე დიდი იყო, რადგან როგორც გამოჩნდა, მას სჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც ჩაწოდებებს დაუხვდებოდა და ასეთი ორი იყო: ნიკა კაჭარავა და ლევან მჭედლიძე. "ემპოლის" ფორვარდი რომ სათანადო ფორმაში ყოფილიყო, მას აუცილებლად ათამაშებდნენ. ამიტომ ძირითადი შემადგენლობა ნიკა კაჭარავას ერგო. არ ვეთანხმებით იმ აზრს, თუ ფეხბურთელს თამაში არ წაუვიდა, ნაკრებიდან უნდა მოკვეთონ. კაჭარავას კი დაეტყო, რომ ფორმაში არ იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი იყო, თუმცა, რომ არ შეცვალეს, მისი ბრალი არ არის. ნიკა, სამწუხაროდ, ვერც პოზიციას არჩევდა სწორად, ვერც ბურთს იჭერდა და უამრავი საჰაერო ორთაბრძოლაც წააგო.

შეცვლები
ვაკო გვილია - ვაკომ საკმაოდ მცირე დრო დაჰყო მოედანზე და მისი შეფასება რთულია, თუმცა იმ პერიოდში რამდენიმე არაზუსტი პასიც ვიხილეთ. ალბათ, ამ შეხვედრაში მაინც უპრიანი იქნებოდა, ძირითად შემადგენლობაში ეთამაშა.

გიორგი პაპუნაშვილი - ქართველი შემტევი არ არის იდეალურ ფორმაში და ცოტა გასაკვირიც იყო, რომ მოედანზე ვიხილეთ. ის რამდენჯერმე შეეხო ბურთს.

დავით ხოჭოლავა
- "შახტარის" მცველი მეორე შეხვედრაა ბოლო წუთებში იმავე მიზნით შემოდის, რომ გოლი არ გავუშვათ და სივრცეებს კეტავს.

ვლადიმირ ვაისი 5.5
- მოდი, ასე ვთქვათ, სლოვაკმა სპეციალისტმა სამწვრთნელო დუელი წააგო. იმ ფონზე, რაც მან აღმოაჩინა, რომ მეტოქე ე.წ. ავტობუსს თამაშობდა, სასურველი იყო ტაქტიკის შეცვლა და ახალი იდეების მოფიქრება. თუმცა შეხვედრის ბოლომდე საქართველოს ნაკრები ერთი და იმავე სქემით თამაშობდა.

შეიძლებოდა თუ არა ნიკა კაჭარავას შეცვლა? იყო ორი ვარიანტი: შემოსულიყო ლევან მჭედლიძე, თუმცა ის ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ფორმაში არ იქნებოდა; მეორე ვარიანტში კი ვაკო ყაზაიშვილი უნდა აწეულიყო ფორვარდად, თუმცა ამ შემთხვევაში სლოვაკის დავალებები კატეგორიულად უნდა შეცვლილიყო, რადგან გუნდს ჩაწოდებებზე აღარ უნდა ეთამაშა.

ვაისმა დაიგვიანა შეცვლებიც, ბოლოს კი უფრო იძულებით გააკეთა ეს, ვიდრე ნებით, რადგან არსებობდა თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმის საფრთხე და ახალგაზრდა შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც შეიძლება ამხელა დატვირთვის შემდეგ უბრალოდ "გადამწვარიყო".

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც იქნა სხვა გულშემატკივრებიც დამეთანხმნენ, რომ შეცვლები გვიანდება, თან ძალიან გვიანდება, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მე-60 წუთის მერე შეცვლების დაწყება დოგმა არ არი, იქნება ვინმემ აუხსნას ეს ბოლო-ბოლო ვაისს!!! ვაისი კი საერთოდ უფრო გვიან და ისიც მართლაც იძულებით აკეთებს შეცვლებს. ადამიანო (ბ-ნო ვაის) ტაკტიკაში ცვლილებები და ზოგადად ცვლილებები თამაშის მიხედვით უნდა განახორციელო, როცა ხედავ რომ საჭიროა. კაჭარავა პირველი ტაიმის მერე უნდა შეცვალო, ისევე როგორც მერებაშვილი და არა მომდევნო თამაშისთვის. არც ერთს არაფერს ვერჩი, ჯიგრები ხართ ბიჭებო ორივე და ძაან მიყვარხართ, მარა როცა ფეეხბურთელს თამაში არ მისდის უნდა დაინახო ეს ოხერი მწვრთნელმა!! რა არი ამაში გაუგებარი ბოლო ბოლო.
ორივე თამაში ჩაკვეტაძის ინდივიდულური ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ, ვაისს რა გჭირს ადამიანო? მადლობა იმ თამასებისთვის როცა უძლიერეს ნაკრებებს ტოლსწორად ვეთამაშეთ, მაგრამ ცოტა მეტი მოგეთხოვებათ პატივცემულო, თუნდაც იმ კონტიგენტით რაც გვყავს!
არ დამიწყოთ ახლა ზოგიერთმა ვითომ ,,რომის პაპზე უფრო კათოლიკე" ქომაგებმა ,,ვაგებთ არ მოგწონთ, ვიგებთ არ მოგწონთ"-ის ძახილი.
ყაზახებთან თამაშის მერეც ვიძახდი რომ ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ, კარგია რომ ახლა უკვე ჟურნალისტებიც და სპეციალისტებიც მეთანხმებიან, მარტო ამ უსუსური ჯგუფის მოგება არაფერს ნიშნავს, თამაში უნდა გამოასწორდეს თუ ჩემპიონატზე გასვლის პრეტენზია გვაქვს და ტაქტიკას უნდა მიხედოთ ბატონო ვაისს, თქვენ ორივე შეხვედრა წააგეთ!!! ეს საგანგაშოა!!! და მაზე ახლა უნდა ვილაპარაკოთ, თორემ ურემი რომ გადაბრუნდება მერე ირტყით გულში მჯიღები!
ამ კომენტს რამდენიმე გვერდზე დავდებ მაინტერესბს მოაზროვნე გულშემატკივრების შეფასებები.
3
მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის. ასე თუ ისე მე კმაყოფილი ვარ შედეგითაც და თამაშითაც. უკეთესი თამაშის მოლოდინიც მაქვს შემდეგში. ვაისს რაც შეეხება, ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ მისი ლანძღვა და მოთხოვნა გადადგომის, არასწორად მიმაჩნია. მან ჩაიბარა ნაკრები, რომელსაც ჰქონდა შედეგი ნული და ძალიან უსახურ ფეხბურთსაც თამაშობდა. მისი მოსვლის შემდეგ ნაკრები აშკარად უკეთ გამოიყურება. გავიხსენოთ მატჩები ირლანდიასთან, უელსთან, ავსტრიასთან და თუნდაც გერმანიასთან. იყო მომენტები როდესაც შესანიშნავად გამოვიყურებოდით. ცოტა სტაბილურობა გვაკლდა მაგრამ მჯერა ესეც მოვა. ესპანეთთან "ავტობუსი" ჩავაყენეთ მაგრამ შედეგიც გამოიღო და როგორ დასრულდა მატჩი კარგად გვახსოვს ყველას. ასე რომ ნუ ვიქნებიდ უმადურები და პესიმისტები. ვაცალოთ ამ კაცს... რაღაცეები მეც არ მომწონს, თუნდაც ის რომ შეცვლებს აგვიანებს ჩემი აზრითაც მაგრამ, შედეგი არის ჯერჯერობით და ალბათ უკეთ იცის მისი საქმე.
შოთა
17:34 11-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ერთა ლიგა
#
გუნდი
2
ანდორა
2
0
2
0
0
2
3
ლატვია
2
0
1
1
-1
1