რა გუნდია ანდორის ნაკრები? - სამოყვარულო თუ პროფესიონალური

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" ანდორის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ანდორას 2 ქულა აქვს.

ანდორის ნაკრებმა მოახერხა, რომ ყაზახეთსაც და ლატვიასაც ქულები წაართვა, ამით კი ჩვენ საქმე გაგვიკეთა. მაგრამ არსებობს თუ არა საბაბი იმისა, რომ მათი უნდა გვეშინოდეს?

ალბათ, არა, რადგან ანდორა საკმაოდ პატარა სახელმწიფოა და 77 000 ადამიანში 11 რჩეული ფეხბურთელი არცთუ ისე დიდი ძალაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ფეხბურთელთა ნაწილი ნაკლებად პროფესიონალია.

ამას ისიც ემატება, რომ "ტრანსფერმარკეტი" მათ ნაკრებს
მხოლოდ 225 000 ევროდ აფასებს და ნახევარზე მეტ ფეხბურთელს სატრანსფერო ფასიც არა აქვს. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს, მაგრამ ისინი ამავდროულად, სხვაგანაც მუშაობენ და სხვა პროფესია აქვთ. 4 ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს და ისინიც საკმაოდ სუსტ გუნდებს წარმოადგენენ.

მწვრთნელი
მთავარი მწვრთნელი 48 წლის ესპანელი კოლდო ალვარესია, რომელიც ანდორის ნაკრებს 2010 წლიდან წვრთნის და მანამდე სხვა გუნდი არ გაუწვრთნია.

მისი საყვარელი ტაქტიკა 4-2-3-1-ია, თუმცა ეს მონახაზი მინდორზე ხშირად ფორსირებულ დაცვად იქცევა და საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჯგუფის ფავორიტია, როგორმე მათი დაცვის გარღვევა მოუწევს.

გუნდი
გუნდის მთავარი მეკარე 32 წლის იოსეფ გომესია, რომელიც ადგილობრივი კლუბის, "სანტა კოლომას" ღირსებას იცავს. მისი შემცვლელი 35 წლის ფერრან პოლიც ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს. ორივე მეკარე "ტრანსფერმარკტზე" შეფასებული არაა.

ანდორას ყველაზე კარგი ცენტრალური დაცვის ხაზი ჰყავს. ეს ის კომპონენტია, რომლითაც გამორჩეულები არიან. 38 წლის დესკალდეს "ინტერის" მცველი ილდეფონს ლიმა და 21 წლის ესპანური "ჰორტას" მაქს ლოვერა კარგ წყვილს კრავენ. ამავდროულად, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი 28 წლის მარკ ვალესი, რომელიც ნორვეგიულ "სანდეფორდში" ირიცხება და ნაკრებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

ნახევარდაცვას რაც შეეხება, ყველაზე სახიფათო და გამოცდილი 33 წლის ფეხბურთელი მარკო ვიეირაა, რომელიც ესპანეთის სამოყვარულო ლიგის გუნდ "მონზონის" ღირსებას იცავს. მას ნაკრებში 82 მატჩი აქვს ჩატარებული. საინტერესო ფეხბურთელია 20 წლის ხუან ცერვუა, რომელიც ანდორელთა საფეხბურთო ტალანტად ითვლება. ის ადგილობრივ კლუბ "ანდორაში" თამაშობს.

რაც შეეხება თავდასხმას, აქ 28 წლის კრისტიან მარტინესს უნდა ველოდოთ. მას 48 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში და 2 გოლი აქვს გატანილი.

მოლოდინი
ანდორის  ნაკრები უფრო სამოყვარულო დონისაა, ვიდრე პროფესიონალური, თუმცა ყველა მეტოქეს პატივი უნდა სცე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამ გუნდმა ერთა ლიგის დაწყება ლატვიასა და ყაზახეთს უკვე ჩაუმწარა. 

ანდორა ითამაშებს 10 კაცით უკან. ერთხელ უკვე ეთამაშნენ საქართველოს ნაკრებს ასე. ამიტომ მოგვიწევს, მათ ავტობუსს რაიმე მოვუხერხოთ. მათთვის ფრე იდეალური ვარიანტია, ჩვენ კი მხოლოდ გამარჯვება გვესაჭიროება.

altსაქართველოს ნაკრებს ანდორასთან მატჩისთვის 2 ფეხბურთელი გამოაკლდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ჟურნალისტო, ისეთი რიხით ამბობთ - მისი საყვარელი ტაქტიკა 4-2-3-1-ო, თითქოს ვაისი 4-3-3-ის ფანატი იყოს. ჩვენი ტაქტიკაც, ისევე როგორც ყველა წყალწაღებულის ანალოგიურია, ვითომ უნივერსალური რომელიც შეტევისა და
დაცვის საშუალებას ერთნაირად იძლევა, მაგრამ ამას მხოლოდ იმიჯის შჰესანარჩუნებლად ამბობენ და "ფორსირებულ დაცვად" კი არ გარდაიქმნება ასეთი იქნება 90 წუთის მანძილზე თუ მოწინააღმდეგემ მატჩის მსვლელობისას პაუზის აღება არ გადაწყვითა და ბურთი არ დათმო.(
გოგა
17:51 09-10-2018
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული