ყაზახეთის prosports.kz-სთვის მიცემულ ინტერვიუში "ორდაბასის" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რითაა საქართველოს ნაკრები ყაზახეთზე უფრო ძლიერი. გთავაზობთ ამონარიდს.
- კახაბერ ჯუმბერის ძევ, "კაირატისა" და "ტობოლის" მატჩს დაესწარით, ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კი თქვენმა "ორდაბასიმ" დედაქალაქში ითამაშა. რით იყო ალმა-ატაში თქვენი ჩასვლა გამოწვეული?
- თავისუფალი დღე გვქონდა და სიამოვნებით ჩამოვედით აქ ჩვენი ყოფილი გუნდის თამაშის სანახავად და საგულშემატკივროდ.
- თქვენ თქვით, რომ გშურთ ყაზახეთის, თუმცა ამ დროს ყაზახეთი ერთა ლიგაზე პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშანსოდ დამარცხდა საქართველოს ნაკრებთან...
- უპირველეს ყოვლისა, საქართველოს
ჩემპიონატზე ვსაუბრობდი. ჩვენც გვყავს სახალხო გუნდი - თბილისის "დინამო", მაგრამ სამწუხაროდ, მას "კაირატის" მსგავსი შესაძლებლობები არა აქვს. საქართველოში ბევრი ტალანტია, კლუბის პრეზიდენტი მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ ის მარტოა და არ გააჩნია ასეთი შესაძლებლობები.
- ხომ არ გგონიათ, რომ ყაზახეთის ნაკრების პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად არ ჰყავს ლეგიონერები, თუმცა ჩემპიონატი იმავე საქართველოსაზე უფრო ძლიერია? ე.ი. ყველა ასპექტში ჩვენი ფეხბურთელები სახლში თავს ძალზე კომფორტულად არ გრძნობენ...
- დიახ, ეს პრობლემაა. თქვენი ნაკრებისთვის სასარგებლო იქნებოდა, რამდენიმე ლეგიონერი რომ ჰყავდეს. საქართველოს ნაკრები სწორედ ამითაა ძლიერი - ფეხბურთელები უცხოეთის ჩემპიონატებში ასპარეზობენ. ყაზახები მართლა კომფორტულად გრძნობენ თავს, კარგი ხელფასები აქვთ და საზღვარგარეთ წასვლას არ ცდილობენ. ქართველებისთვის კი უცხოეთის ძლიერ ჩემპიონატებში თამაში კარგად ცხოვრების ლამის ერთადერთი შანსია.
- ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. რა ელის გუნდს მომავალში?
- ჯერ ამაზე არ გვილაპარაკია. ჩვენც გვიმთავრდება კონტრაქტები.
- მაგრამ გინდათ, დარჩეთ?
- ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებაა საჭირო.
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სატურნირო ცხრილში რომელ ადგილს დაიკავებთ?
- ყველაფერზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველა მიმართულებით დაშლილ გუნდში მოვედით. ის, რაც შევძელით - ბიჭებმა პრობლემების მიუხედავად მოახერხეს. ბრძოლისუნარიანი გუნდი შევქმენით, რომელმაც ორჯერ დაამარცხა "კაირატი".
- კლუბში ფინანსური პრობლემები არსებობს?
- ახლა უკვე არა.