კვლავ ცენტრფორვარდის პრობლემა - როგორ ფორმაში ხვდებიან სანაკრებო მატჩებს ქართველი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიისა და ირლანდიის წინააღმდეგ მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, კიდევ 9 ფეხბურთელი გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ნაკრებში გამოძახებულებს შორის ზამთრის პაუზის შემდეგ თითქმის არ არიან უთამაშებელი ფეხბურთელები. სათამაშო დროის ნაკლებობას მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი უჩივის - ჯიმი ტაბიძე, რომელიც "უფას" შემადგენლობაში სეზონის პირველ ნახევარში თითქმის შეუცვლელად თამაშობდა, ახლა კი ორი მატჩია, სათადარიგოთა სკამზე ზის; ოთარ კაკაბაძე, რომელიც "ლუცერნის" რიგებში ბოლოს 4 ნოემბერს გამოჩნდა; და ამ ეტაპზე კლუბის გარეშე დარჩენილი თორნიკე ოქრიაშვილი. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი
სტაბილურად თამაშობს და, იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.


მეკარეები
გიორგი ლორიამ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერში, "მაგდებურგში" გადასვლის შემდეგ 7 მატჩი ითამაშა და 5 გოლი გაუშვა, მასთან ერთად კი კლუბმა 7 მატჩში 3 მოიგო, 2 წააგო და 2-ც ფრედ დაასრულა.

სამი მატჩი ჩაატარა სეტუბალის "ვიტორიაში" გადასვლის შემდეგ გიორგი მაკარიძემ და სამივე შეხვედრაში მისი გუნდი ფრეს დასჯერდა.

როინ კვასხვაძე ეროვნული ლიგიდან ნაკრებში გამოძახებული ერთადერთი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით, მას სათადარიგოს როლი ერგება, რადგან ვაისისთვის უთამაშებელი ლორიაც კი პირველი ნომერი იყო.

დაცვა
2 მატჩი ჩაატარა შეუცვლელად MLS-ის განახლების შემდეგ "სან ხოსეს" რიგებში გურამ კაშიამ, თუმცა მისი კლუბი ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

განახლდა რუსეთის ჩემპიონატიც, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივის" დაცვის ხაზში საბა კვირკველია საუკეთესოა და იური სიომინისგან მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. ასევე შეუცვლელები არიან თავიანთ გუნდებში დავით ხოჭოლავა ("შახტარი") და ლაშა დვალი ("ფერენცვაროში"), ლევან ხარაბაძემ კი "ციურიხში" გადასვლის შემდეგ გოლის გატანაც კი მოასწრო. ხარაბაძეც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

ნახევარდაცვა
ნახევარმცველებს შორის სათამაშო დროის ნაკლებობას ნაკრებში გამოძახებული თითქმის არც ერთი ფეხბურთელი არ უჩივის. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ ხდება, ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი"), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი"), ვაკო გვილია ("გურნიკი"), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი"), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი") და გიორგი მერებაშვილი ("ვისლა") საკუთარი კლუბების მატჩებს ძირითად შემადგენლობაში იწყებენ.

გამონაკლისს ამ ეტაპზე მხოლოდ "გრენობლის" ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური წარმოადგენს, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 2-ში ძირითადად შეცვლაზე შესვლა უწევს.

ერთი ტური გავიდა ყაზახეთის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, საიდანაც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში "ტობოლის" ფეხბურთელებს - ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირს უხმო.

აღსანიშნავია, რომ სეზონისწინა მატჩებშიც და ჩემპიონატის პირველ ტურშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მისთვის უჩვეულო, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.

ერთა ლიგაზე ვლადიმირ ვაისს ჯანო ანანიძე ("კრილია") არ ჰყავდა, თუმცა სლოვაკი სპეციალისტი ჯანოს ნდობას ყოველთვის უცხადებდა და სავარაუდოდ, შვეიცარიასთან მატჩშიც ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება, მით უმეტეს, რომ მიოდრაგ ბოჟოვიჩის გუნდში მას შეტევაში სრული თავისუფლება ეძლევა და ჯანოც ამას კარგად იყენებს.

შეტევა
სათამაშო კონდიციებს იბრუნებს "გენტის" ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც, რომელსაც სერიოზული ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა. სტაბილურად ეძლევათ სათამაშო დრო ნიკა კაჭარავას ("ანორთოსისი") და ვატო არველაძესაც ("კორონა"). ვატომ "კორონას" რიგებში მიმდინარე წელს გამართულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და სავსებით შესაძლებელია, რომ შვეიცარიასთან ან ირლანდიასთან მატჩში ეროვნული ნაკრების რიგებში მისი დებიუტიც შედგეს.

ვაკო ყაზაიშვილმა ("სან ხოსე") ეს-ესაა სეზონი დაიწყო და საუკეთესო ფორმის მისაღწევად დროს საჭიროებს.

დაბოლოს...
ვლადიმირ ვაისის სიის ყველაზე პრობლემურ წერტილად კვლავ ცენტრალური ფორვარდის პოზიცია ჩანს. ქვილითაია ჯერ შორს არის საუკეთესო ფორმისგან, კაჭარავასგანაც კლუბში უფრო მეტ გოლს ელოდებიან და თუ ვაისი პირველივე წუთებიდან ვატო არველაძეს არ ენდო, დიდი ალბათობით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კვლავ ვაკო ყაზაიშვილს ვიხილავთ. თუმცა, ვაისმაც კარგად იცის, რომ მეტოქის ცენტრალურ მცველებთან ჭიდილზე უფრო კარგად ვაკოს მეორე ფორვარდად თამაში და მოწინააღმდეგის საყრდენ ზონაში ბურთის მიღება გამოსდის.

altისტორია გრძელდება! - შოთა არველაძე ვატოს ნაკრებში გამოძახების ამბავს გამოეხმაურა

altირლანდია საქართველოსთვის მზადებას იწყებს - ნაკრებში 38 ფეხბურთელია გამოძახებული

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 16 /
იკა, ტრენერად ხარ დაბადებული :))
tbiliski
11:16 13-03-2019
2
შვეიცარიას რო ვეთამაშებით იმიტო გვინდა კარგი დაცვა
irakli
12:48 13-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული