ლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?

AutoSharing Option
"გავიდნენ გერმანიასთან სათამაშოდ და 0:4 წააგეს. განა, ასე შეიძლება? ყველას ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი აქვს. პირველი ტაიმი ვინც ნახა, დამეთანხმება, რომ ჩვენმა გუნდმა მატჩი ჯერ კიდევ მის დაწყებამდე "წააგო". რით განვსხვავდებით ჩვენ ხორვატებისგან, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს? საფრანგეთი გასაგებია. შეიძლება ვთქვათ, რომ მათ იქ პირობები აქვთ, მაგრამ ხორვატია? როგორ ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყველამ ნახა. ჩვენ რა გვიშლის ხელს?" - ეს ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს სიტყვებია, რომელიც ნაკრების მთავარი მფარველი და გულშემატკივარია.

არ გამოვრიცხოთ, მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში
საქართველოს ეწვიოს, სტუმარს კი ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დახვდეს და მატჩს ერთად უყურონ.

ერთა ლიგა ერთადერთი საშუალებაა ამ დროისთვის, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს. ნახევარფინალში საქართველოს ბელორუსის ნაკრების ძლევა მოუწევს, ხოლო შემდეგ ჩრ. მაკედონიისა და კოსოვოს გამარჯვებულს შეხვდება.

ჩვენი ნაკრები მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს და ამ მატჩისთვის მზადება თვეებით ადრე დაიწყო, ხოლო რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, თუ რა ძალას წარმოადგენს ბელორუსის ნაკრები დღეს, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

დავიწყოთ იმით, რომ ბელორუსს სულ სამჯერ შევხვდით. პირველი ორი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 2012 წელს გაიმართა. საქართველოში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დავამარცხეთ, სტუმრად კი 0:2 დავმარცხდით. ბოლო შეხვედრა ქუთაისში შედგა. აი, ის ამხანაგური მატჩი, "ქართული მარში" რომ დათარეშობდა სიტუაციიის ასარევად. ეს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენგან ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა გაიტანეს.

დღევანდელ ბელორუსს ადგილობრივი მიხაილ მარხელი წვრთნის, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებიდან დააწინაურეს, სადაც ერთი მატჩი ჩაატარა გიბრალტართან და 10:0 მოიგო. მანამდე სხვა ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა.

53 წლის მწვრთნელს ადგილობრივები არ სწყალობენ და ჟურნალისტებისგანაც - პრეზიდენტისგანაც, საკმაოდ მძაფრი კრიტიკის ობიექტია.

უბრალოდ, მათაც არჩევანი არ აქვთ, მარტში ახალი მწვრთნელით შეხვედრა შანსების მინიმუმამდე დაყვანაა. მარხელმა დანიშვნიდან პირველივე შეხვედრაში სტუმრად ესტონეთი 2:1 დაამარცხა, თუმცა ამავე გუნდს განმეორებით შეხვედრაში შინ ფრედ, 0:0 ეთამაშა. მას შემდეგ წააგო 4 შეხვედრა - უელსთან, ჰოლანდიასთან, გერმანიასთან და მონტენეგროსთან.

თუ შედარებაზეა საქმე, თამამად შეიძლება ითქვას, ვლადიმირ ვაისი უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე მიხაილ მარხელი.

რაც შეეხება გუნდს, ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზე არიან. ჩვენ ვართ 90-ე პოზიციაზე. "ტრანსფერმარკეტზე" მათი ფასი 17,55 მილიონი ევროა. ნაკრებში ძალიან ბევრი ვეტერანია. ბელორუსის ნაკრებში თაობათა ცვლა ჯერ არ დაწყებულა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 4 გოლი გაიტანეს და 16 გაუშვეს. ერთი გოლი "ბატეს" 31 წლის ნახევარმცველ სტანისლავ დრაგუნზე იყო, რომელიც ნაკრების მთავარი იმედია. 2012 წელს ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ ბელორუსში, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა იყო.

მეტოქის ნაკრები, ძირითადად, ადგილობრივი ჩემპიონატიდან არის დაკომპლექტებული, მათი ჩემპიონატი კი 24-ე არის ევროპაში. შედარების სახით ვიტყვით, ჩვენ ვართ 44-ეზე.

ნაკრებში, ძირითადად, იძახებენ 8 ლეგიონერს: გუნდის კაპიტან ალექსანდრე მარტინოვიჩს "კრასნოდარიდან", ცენტრალურ მცველ დენის პოლიაკოვს "ურალიდან", საყრდენ ნახევარმცველ ივან მაევსკის "ასტანადან", ცენტრალურ მცველ ნიკიტა ნაუმოვს "ჟეტისუდან", ცენტრალურ მცველ მიხაილ სივაკოვს "ორენბურგიდან", საყრდენ ნახევარმცველ იური კენდიშს "შერიფიდან", მარცხენა მცველ მაქსიმ ვოლიდიკოს ტულის "არსენალიდან" და თავდამსხმელ ვიტალი ლისაკოვიჩს ხორვატიული "ვარაზდინიდან".

გუნდის მთავარი მეკარე ბრესტის "დინამოს" ფეხბურთელი ალექსანდრ გუტორია, რომელსაც ხშირად ცვლის "ბატეს" მეკარე სერგეი ჩერნიკი. საიმედოობით არცერთი არ გამოირჩევა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.

დაცვის ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენცია აქვთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ კონკურენციაში ძლიერი ფეხბურთელები არიან ჩართულები. ყველაზე საიმედო ზემოთ ნახსენები ალექსანდრე მარტინოვიჩია, რომელსაც ნაკრებში ყველაზე მეტი - 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

საყრდენ ზონას, ძირითადად, "ასტანას" ნახევარმცველი ივან მაევსკი ამაგრებს. მას გამთამაშებლად სტანისლავ დრაგუნი უწყვილდება.

მთავარი შემტევი ნახევარმცველი, "ბატეს" 34 წლის ფეხბურთელი იგორ სტასევიჩია, რომელსაც ნაკრებში 5 გოლი აქვს გატანილი. შეტევების უმრავლესობა ძირითადად მისი მარჯვენა ფლანგიდან იწყება. გუნდის მთავარი ფორვარდი კი დენის ლაპტევია, რომელიც ბრესტის "დინამოში" თამაშობს, ნაკრებში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ჯერ გოლი არ გაუტანია.

გუნდის საუკეთესო 11-ეული ასეთია: ალექსანდრ გუტორი (30 წლის - ბრესტის "დინამო") - მაქსიმ ვოლიდიკო ( 27 - ტულის "არსენალი"), ალექსანდრ მარტინოვიჩი (32 - "კრასნოდარი"), დენის პოლიაკოვი (28 - "ურალი"), იგორ შიტოვი (33 - მინსკის "დინამო") - ივან მაევსკი (31 - "ასტანა"), სტანისლავ დრაგუნი (31 - "ბატე"), - იგორ სტასევიჩი (34 - "ბატე"), იური კოვალევი (26 - სოლიგორსკის "შახტიორი"), მაქსიმ სკავიში (30 - "ბატე") - დენის ლაპტევი (28 - ბრესტის "დინამო").

შეფასება

იმის მიუხედავად, რომ ძირითად შემადგენლობაში უმრავლესობა ვეტერანი ხვდება, ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და საკმაოდ ძლიერებიც არიან. ბელორუსის ნაკრებს ნაკლებად შეუძლია შემტევი ფეხბურთის თამაში, თუმცა გუნდს აქვს დამუშავებული კომბინაციები და ხშირად კარგად იყენებენ იმ ერთ შანსს, რაც შეიძლება მთელი შეხვედრის განმავლობაში მიეცეთ.

კარგად თამაშობენ მაღალ ბურთსა და ჩაწოდებებზე. ფეხბურთელთა საკმაო ნაწილი 1.90 მეტრზე მაღალია. არიან საკმაოდ დისციპლინირებულებიც, არ იღებენ ხშირად ყვითელ ბარათებს.

ბელორუსის ნაკრები უფრო რეგრესირდება, ვიდრე იზრდება. რამდენიმე წლის წინ გაცილებით ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე ახლა არის. თუ შედარებაზე მიდგა საქმე, ყაზახეთის ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ბელორუსის ამჟამინდელი ნაკრები.

altკანკავა და ლორია საუკეთესოებში - ქართველების სტატისტიკა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე


altალეკსანდრ ლუკაშენკო: საქართველოს ნაკრები ჩვენთვის მოწინააღმდეგე არაა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძნელია ალბათ მტკიცება ყაზახეთის ნაკრებია უფრო ძლიერი თუ ბელორუსის, მარა ფაქტია რომ მართლა რეგრესირებს. ამიტომ არ მგონია სახლში დაგვამარცხოს რეგრესირებულმა ბელორუსმა. არც ადრე იყო დიდი რამე ნაკრები და რეგრესირებადი რაღა უნდა იყოს? მაგრამ ჩვენ აგდებულად არავის არ უნდა მივუდგეთ, პირიქით ჩვენთვის ძნელი მეტოქეა და ადვილი აღარავინ დარჩა უკვე ევროპაში. ეს გიბრალტართან მატჩშიც დავინახეთ (2-3). მე ყოველთვის გავიძახი ვაისი უნდა წავიდეს, მარა არა ახლა მარტი უკვე ხვალაა და მისი გაშვება უკვე დიდი შეცდომა იქნება. არც იმ სტატიებს და კომენტარებს ვეთანხმები ვინც ხორვატებთან თუნდაც მეორე შემადგენლობასთან 1-2 წაგებას კატასტროფათ უყურებენ, არც ჩვენი ნაკრები იყო პირველი. მაგრამ მარტისათვის ბევრი რამ უნდა მოხდეს ისე როგორც ჩვენ გვინდა. პირველი ჩაკვეტაძე უნდა შევიდეს ფორმაში. მეორე კვირკველია და ხოჭოლავა უნდა იყვნენ ფორმაში. ვისურვებდი დვალის, კაკაბაძის და ტაბიძის კარგ ფორმაში ყოფნას. იქნებ რამენაირად ოქრიაშვილი შევიდეს ფორმაში, კიდევ მეტი პრაქტიკა თამაშში ქონდეთ დავითაშვილს და კვარაცხელიას. მანამ საჭიროა ქვილითაიამაც პრაქტიკა მიიღოს თამაში და ფორმა აღიდგინოს ყაზაიშვილმა. საკმაოდ ბევრი რამ უნსდა მოხდეს ჩვენს სასიკეთოდ რომ ჩვენ ფინალში გავიდეთ და ფინალი მოვიგოთ. ამაში თვითონ ყველა ნაკრების წევრმა უნდა მიიღოს დიდი ძალისხმევა. თუ ყველაფერი ასე მოხდა, ჩვენ ნაკრებს ვუქომაგებთ ევროპაზე, თუ არადა მართო ჩაკვეტაძე უკვა ცოტა იქნება თუნდაც ფინალის მოსაგებად.
G.LA
18:06 21-11-2019
1
ლუკაშენკო რომ ქართველების დასაცინი გახდება :(( არ გინდათ ეგეთი ლიდერი გყავდეთ?
odala
23:55 21-11-2019
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული