ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ჯგუფი ცნობილია - ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი. თუ რა დონის მეტოქეები გვყავს გუნდში, როგორი კალენდარი გვექნება და რის საშუალებას მოგვცემს ჯგუფში გამარჯვება, ამას სტატიაში იხილავთ.
სომხეთი - მეზობელი სახელმწიფოს ჯგუფში მოხვედრა განსაკუთრებული მოტივაციაა. ეს ურთიერთკონკურენციითაა განპირობებული. ამას ემატება ისიც, რომ ფინანსურად საკმაოდ იაფია სომხეთში გადაადგილება და ბევრი გულშემატკივარი შეძლებს ერევანში ნაკრების მხარდაჭერას.
- ფიფას რეიტინგი - 102-ე ადგილი.
- ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 34.65 მილიონი ევრო
- გამორჩეული ფეხბურთელი - ჰენრიხ მხითარიანი ("რომა")
- მთავარი მწვრთნელი - ამ დროისთვის ახლის ძიებაში არიან.
- საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 8 ოქტომბერი. სომხეთი-საქართველო, 13 ნოემბერი. საქართველო-სომხეთი.
ჩრდილოეთი მაკედონია - დიდი შანსია იმისა, რომ მეტოქეს მარტის თვეშიც შევხვდეთ, რადგან მაკედონიელები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობენ. ამისთვის კი საქართველომ ბელარუსი უნდა დაამარცხოს და ჩრდილოეთ მაკედონიამ - კოსოვო.
- ფიფას რეიტინგი - 68-ე ადგილი.
- ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 57 მილიონი ევრო.
- გამორჩეული ფეხბურთელი - ელიფ ელმასი ("ნაპოლი")
- მთავარი მწვრთნელი - იგორ ანგელოვსკი (ჩრდილოეთი მაკედონია)
- საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 8 სექტემბერი. საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია, 11 ოქტომბერი. ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო.
ესტონეთი - მეტოქესთან დაპირისპირების დიდი ისტორია გვაქვს, სულ 6-ჯერ დავუპირისპირდით. მათგან შინ 3-ჯერ დავამარცხეთ, გასვლაზე კი 2-ჯერ დავმარცხდით და ერთხელ ფრედ ვითამაშეთ.
- ფიფას რეიტინგი - 104-ე ადგილი.
- ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 9.5 მილიონი ევრო.
- გამორჩეული ფეხბურთელი - რაგნარ კლავანი ("კალიარი")
- მთავარი მწვრთნელი - კარელ ვოოლაიდი (ესტონეთი)
- საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 5 სექტემბერი. ესტონეთი-საქართველო, 16 ნოემბერი. საქართველო-ესტონეთი.
მსოფლიო ჩემპიონატი
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 13 გუნდი ითამაშებს. მათგან 10 ნაკრები შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ მოხვდება (10 ჯგუფის პირველადგილოსნები), კიდევ 3 გუნდი პლეი-ოფიდან გავა მუნდიალზე.
ეს სამი საგზური კი ასე განაწილდება: 10 ჯგუფის მეორეადგილოსან ნაკრებებს დაემატება 2 საუკეთესო გუნდი ერთა ლიგიდან და "პლეი-ოფის" სისტემით ამ 12 გუნდიდან 3 საუკეთესო მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.
ერთა ლიგაზე შეირჩევა ორი ის საუკეთესო გუნდი, რომლებიც შესარჩევ ეტაპზე საკუთარ ქვეჯგუფში ვერც 1-ელ და ვერც მე-2 ადგილებს ვერ დაიკავებს.
P.S. უეფას ამ ეტაპზე ზუსტად არ აქვს განმარტებული თუ რა პრინციპით შეირჩევა ორი გუნდი. ოფიციალურად ნათქვამია, რომ ეს იქნება ჯგუფების გამარჯვებული ორი საუკეთესო გუნდი. იმ შემთხვევაში თუ A და B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულ მინიმუმ 7 ნაკრებს ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოპოვებული ან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევიდან მონაწილეობს პლეი ოფში, ამ შემთხვევაში C დივიზიონის საუკეთესო გუნდს შეიძლება მიეცეს შანსი პლეი ოფში თამაშისა. თუმცა ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
ერთა ლიგის კენჭისყრაზე კომენტარი კობიაშვილმა და იაშვილმა გააკეთეს
ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ბელარუსთან მატჩზე ვკონცენტრირდეთ
ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას ვაპირებთ