დაასრულეთ მაკედონიელთა ბაქიბუქი და გაიმარჯვეთ - თქვენ ეს შეგიძლიათ!

AutoSharing Option
ჩრდილომაკედონიელები თბილისში საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩზე ზედმეტად თვითდაჯერებულები ჩამოვიდნენ. ბაქიაობა ჯერ კიდევ სამშობლოში დაიწყეს, მედიაში გუნდის მხარდასაჭერი კამპანიაც გამართეს და ძალიანაც შეაგულიანეს ფეხბურთელები, რომლებიც ისე მოჩანს, თავიანთ უძლეველობაში დარწმუნებულნი არიან, მით უმეტეს, ნახევარფინალში კოსოვოს ძლევის შემდეგ. ასეთი აქტიური თანადგომა ჩვენს ეროვნულ გუნდს არ ჰქონია. აბა, სად გვეცალა, არჩევნები გვქონდა და სხვა სამომავლო პოლიტიკური მოვლენები განსახილველი.

არადა, კი უნდა ხვდებოდნენ მაკედონიელები (ან მაგას რა დიდი მიხვედრა უნდა), რომ "ჯვაროსნებთან" წინა ორ შეხვედრაში წაგებას სასწაულად გადაურჩნენ, მეტოქე ვერაფრით დაჯაბნეს და მომენტებსაც
ძალიან იშვიათად ქმნიდნენ. რატომღაც წინასწარ დაიწყეს ზარ-ზეიმი. თავიდან მეგონა, ამას მოწინააღმდეგეზე ზეწოლისთვის აკეთებდნენ, მაგრამ ეტყობა, ხასიათში აქვთ. ჩვენი ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციაზე არც შევიდნენ. მოკლედ, აინუნშიაც არ გვაგდებენ. ეს მათი საქმეა, უფლებაა. მაკედონიელთა სამ წამყვან ნახევარმცველს პრობლემები აქვს - ენის ბარდი (ლევანტე) თბილისში საერთოდ ვერ ჩამოვიდა, არიან ადემის (ზაგრების დინამო) ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია, ხოლო ელიფ ელმასი (ნაპოლი) შეუცვლელად სათამაშოდ მზად არ არის. ასე რომ, თავსატეხი მოწინააღმდეგის მწვრთნელს, იგორ ანგელოვსკისაც საკმაო აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ტალინში ესტონეთთან მან წამყვანი ფეხბურთელები დასვენების მიზნით სასტარტოში არ დააყენა, მე-80 წუთამდე 1:3-ს აგებდნენ და მხოლოდ შეცვლაზე შესულმა ლიდერებმა მოახერხეს შეხვედრის ფრედ დასრულება. ერთი სიტყვით, გრძელი, სრულფასოვანი სათადარიგოთა სკამი არა აქვთ.

საქართველოს ნაკრები კი გულშემატკივართა მხარდაჭერის, გიორგი ჩაკვეტაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ოთარ კიტეიშვილისა და ლევან შენგელიას გარეშე დარჩა. სამი შემქმნელი (ახლა ჩიქორთულად კრეატიულს რომ ეძახიან) ფეხბურთელი არ გვეყოლება ისტორიულ მატჩში, არც ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა და ჯამში ეს ოთხეული ჩვენი ეროვნული გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი გახლავთ. ჩაკვეტაძის არყოფნას ასე თუ ისე შეგუებულები ვიყავით, კიტეიშვილის, შენგელიასა და მეტადრე კვარაცხელიას მაინცდამაინც ახლა გამოკლება კი ძალიან სამწუხაროა. ამ ყველაფრის ერთობლიობით, რა თქმა უნდა, შანსები შეგვიმცირდა (ჩვენ ხომ სხვებივით სუბიექტურები არ უნდა ვიყოთ), თუმცა გამარჯვების შესაძლებლობა მაინც ვიზავიზე მეტი გვაქვს - ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. გუნდში, სადაც 37 წლის შემტევი საუკეთესოა, დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. არც მეკარე ჰყავთ საუცხოო და არც მცველები. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად საკუთარი კარი მშრალად ერთი წლის წინ შეინახეს.

თუ დებიუტშივე რომელიმე გუნდმა გოლი არ გაიტანა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება ლამაზი და გახსნილი თამაში. დაახლოებით, სკოპიეში გამართული მატჩის პირველ ტაიმს დაემსგავსება, ბევრი ბრძოლითა და მეტოქის შეცდომის მოლოდინით. შეიძლება ყველაფერი მცირედმა დეტალმა ან სულაც მსაჯმა გადაწყვიტოს. ეს მთელი საქართველოს მატჩია, ვეტერანებისთვის დიდ ტურნირზე მოხვედრის უკანასკნელი შანსი, ახალგაზრდებისთვის კარიერაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი და ქართული ფეხბურთის განვითარების არნახული შესაძლებლობა. ეს ყველამ შესანიშნავად იცის, ამაზე ზედმეტ ლაპარაკს აზრიც არა აქვს. მთავარია, ბიჭები არ დაითრგუნონ, ფსიქოლოგიურ წნეხში არ მოექცნენ და ეს მათ თამაშზე არ აისახოს. ღმერთმა არ ქნას და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წაგების შემთხვევაში მათზე აუგი არავის დასცდება.

ამიტომ უნდა ითამაშონ ყოველგვარი ზედმეტი კომპლექსის გარეშე და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩვენს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ! ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს უნდა გააკეთონ!

altვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

altკვეკვესკირი: ცეცხლი გვიკიდია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს"

altანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

altალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"

მკითხველის კომენტარები / 31 /
1997 წელს, მარტის ბოლო იყო. მამა უმუშევარი იყო მაშინ. 9 წლის ვიყავი და მამას მეგობარმა დაგვპატიჟა საქართველო სომხეთის თამაშზე. საოცრად მახსოვს ის ბავშური აღტკინება, სიხარული.. ჩემთვის ენით აუღწერელი სიამოვნება იყო ის დღე. შემდეგ დაბადების დღეზე მამამ კლასელებთან ერთად დინამოს სტადიონზე წაგვიყვანა და იქ ფეხბურთი ვითამაშეთ:)) მას შემდეგ ასე ველოდებოდი ხოლმე საქართველოს თამაშს :)) 2012 წელს ჯარში პოსტიც კი მივატოვე იმის გამო რომ საქართველო ესპანეთისთვის მეყურებინა :)) (არადა პოსტის მიტოვება სამხედრო დანაშაულია)
შეიძლება გაგეცინოთ,მაგრამ წუხელ სიზმარში სულ ამ კადრებს ვნახულობდი და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას ვზეიმობდით :))
დედა მეუბნება დღეს კაპლები უნდა მოგიმაროგო და ოთახში არ შემოვიხედავო :)))
რა გაძლებს 9 საათამდე?! გავა 30-40 წელი და ძალიან მინდა რომ ამ დღის ემოცია და სიხარული ისევე მახსოვდეს როგორც 1997 წლის 30 მარტის განცდები.. :)))
დღეს ჩვენი დღე არის!
ლაშა
11:46 12-11-2020
2
საოცრებაა ნაკრებს,რომელის ფეხბურთელებიც არც ვარსკვლავებს წყვეტენ და თავიანთ კლუბებში ყველა შეცვლაზე თამაშობს :ელმასიც,ალიოსკიც,პანდევიც და სხვები,ნუ მაკედონიის შიდა ჩემპიონატის მოთამაშეებზე არაფერს ვამბობ,გუნდმა ძლივს დაამარცხა მეორე შემადგენლობით მოთამაშე კოსოვოს ნაკრები საკუთარ მოედანზე,რომელიც არაფერს წარმოადგენს,2 თამაში ვეთამაშეთ და ორივეში ფაქტიურად ცალკარა თამაში იყო ჩამოდის და თავი ფავორიტი გონია,მერე რა რომ 1 ფეხბურთელი დაკვალდება დანარჩენებს ისედაც შეგუებული ვიყავით,ამ ნაკრებით გაცილებით ძლიერ ნაკრებებს ვუწევდით წინააღმდეგობას და ესენი ვინარიან ერთი უფერული არაფრის მანისი გუნდია,რომელიც წვალობს უბრალოდ და არაფერი გამოსდის მოედანზე,მოხუცი პანდევის იმედადაა დარჩენილი,დაცვა ყავთ კატასტროფა ესტონეთთან 3 გოლი გაუშვა,რომელსაც 3 გოლი მგონი საერთოდ არ ქონდა გატანილი ისტორიაში,
აუცილებლად უნდა მოუგოთ ბიჭებო!თქვენ გაცილებით ძლიერები ხართ ვიდრე ეს ალექსანდრე მაკედონელი ფეიკი შთამომავლები!
დათო
14:39 12-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული