ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე Sportall.ge-სთან გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ისაუბრა.

- პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებულ შეხვედრას? თქვენი აზრით, რა იყო მთავარი განმაპირობებელი, რის გამოც ისტორიული შანსი ვერ გამოვიყენეთ?
- რაც თვალშისაცემი იყო და გამოიკვეთა, არის ის, რომ საქართველოს თამაში ფეხბურთელთა ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული. არ იგრძნობოდა, რომ ნაკრებს კომბინირებული ფეხბურთის თამაში შეეძლო. ამის ფონზე, ისეთი დონის ფეხბურთელების დანაკლისი, როგორებიც კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია და კიტეიშვილი არიან, ლოგიკურია, რომ აღმოუფხვრელი აღმოჩნდა.

ბოლო პერიოდში გატ
ანილი გოლების აბსოლუტური უმრავლესობა ან თერთმეტმეტრიანს უკავშირდება, ან ერთი მოთამაშის ოსტატობას. გუნდურობის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები გვაქვს. პირველ რიგში, იგრძნობა კრეატიული ფეხბურთელის საჭიროება, რომელმაც ნახევარდაცვის ცენტრი უნდა გააკონტროლოს, ნაკრების შეტევებს კი სწორი მიმართულება მისცეს. 

ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ვფიქრობ, რომ სხვა სტრატეგიით თამაში შეიძლებოდა. მეორე ნომრად თამაში აბსოლუტურად გამართლებადი მოცემულობაა, იმ დროს, როდესაც რეალობა აქეთკენ გიბიძგებს. უფრო უნდა დავლოდებოდით და გვეცადა, რომ მეტოქის შეცდომები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა.

მიუხედავად ამისა, არის მეორე ვარიანტიც. თუ მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირების სურვილი გვქონდა, მაშინ, ნომინალური ფორვარდის გარდა, შეტევითი ფუნქციები ე.წ. ცრუ ცხრიანს უნდა შეეთავსებინა. თითქოს ორ შესაძლო ვარიანტში, ვერ გადავწყვიტეთ, როგორ უნდა გვემოქმედა. 

- ვაისის ცვლილებებმა ქართველი გულშემატკივრის აღშფოთება განაპირობა. როგორ შეაფასებდით სლოვაკი სპეციალისტის მოქმედებას მატჩის მიმდინარეობისას?
- ვაისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და არ მინდა, რომ მისი გადაწყვეტილებები რადიკალური კუთხით შევაფასო. შეცვლებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უკეთ ემოქმედა, მით უმეტეს, როდესაც მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვჭირდებოდა.
როგორც უნდა იყოს, ნებისმიერ მწვრთნელს სპეციფიკური ხედვა აქვს. მან აღნიშნული საკითხი სათადარიგოთა სკამზე არცთუ ბევრი ალტერნატივით ახსნა.

- ერთა ლიგის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტატისტიკა რომ გაიუმჯობესა, ფაქტია. თქვენი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ შედარებით სუსტ გუნდებთან ვიასპარეზეთ თუ იმით, რომ ნაკრები სწორად ვითარდება?
- ცალსახად ამ საკითხის გადაწყვეტა რთულია. პრინციპში, ჩრდ. მაკედონიასთან წაგებით არაფერი მთავრდება. მეტიც, ამ შეხვედრის გაანალიზებით შეგვიძლია, რომ ის განმაპირობებელი მიზეზები ვიპოვოთ, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას. განვმეორდები, რომ გუნდურად თამაში გვიჭირს და ყველაზე დიდ პრობლემას, მე პირადად, ამ კომპონენტში ვხედავ. 

- საქართველოსა და ესტონეთის შეხვედრას, სატურნირო ცხრილის მხრივ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ფეხბურთელებისა და რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის?
- საქართველოს ეროვნული ნაკრების აბსოლუტურად ყველა შეხვედრა ისტორიაა. საერთო ფონზე, უმნიშვნელოა გუნდის წინასამატჩო მდგომარეობა, სათამაშო სტრატეგია თუ შემადგენლობა. მთავარია, რომ ნაკრებმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ისტორიული სტატისტიკა გააუმჯობესოს. მაკედონიასთან წაგების შემდეგ, მესმის, რომ ფეხბურთელებისთვის მოედანზე გასვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ყველა მატჩი სათანადოდ უნდა შევაფასოთ და შეცდომები გამოვასწოროთ.

ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი არაფერს ცვლის, საჭიროა, რომ მოვიგოთ. იმედი მაქვს, მოცემულობას სწორად გავაანალიზებთ და ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ მიმავალი გზიდან არ გადავუხვევთ.

altჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ კაცს ნაკრების მწვრთნელად. ჩიხურა ყოველთვის ღირსეულად გამოდიოდა ევროპაზე იმ მცირე რესურსით, რაც მას ჰყავდა. ბოლოს რა მოხდა არ ვიცი. მარა ასეთ ხალხს ამხელა პოსტზე არ ნიშნავენ, სამწუხაროდ. იგი ტორპედოშიც კარგად მუშაობდა. რატო ვერ ხედავენ, არ ვიცი
1
გუნდი მიატოვა უღალატა არადა ამ გუნდით მოიწყო ცხოვრება რას იზამ უმადურობას არააქვს საზღვარი
ჩიხუ ფან
16:43 19-11-2020
2

სიახლეები პოპულარული