როტაციის მნიშვნელობა...
ჩვენ თვალს ვადევნებთ შესარჩევი ეტაპის სხვა შეხვედრებსაც და იშვიათად ვხვდებით ნაკრებს, რომელიც თითქმის ყველა მატჩს ერთნაირი შემადგენლობით ატარებს. ვილი სანიოლმა როტაციის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ ბოლო თბილისური შეხვედრის შემდეგ განაცხადა...
განვიხილოთ, რა რესურსი
როცა ფრანგი მთავარი მწვრთნელი გადახალისებაზე საუბრობდა, პირველ რიგში, გიორგი ბერიძის ძირითად შემადგენლობაში თამაში წარმოვიდგინე. "უიპეშტის" შემტევი შვედურ შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთთან დაპირისპირებაზე, თუმცა მისი ძირითადში ხილვა მართლაც საინტერესო იქნება. ბერიძე ენერგიული და სწრაფია. მსგავსი უნარების მქონე გუნდში საბა ლობჟანიძეა, რომელმაც განვლილ ორ თამაშში მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ვნახოთ, ჩაანაცვლებს თუ არა სანიოლი მას?!
საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი დანაკლისი დაცვის ცენტრში აქვს. ამიტომაც გია გრიგალავას ძირითადში გამოჩენა ლოგიკურად მიმაჩნია. ტულის "არსენალის" მცველს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრიცაა. ასეთ შემთხვევაში გადახალისება ვეტერან კაშიას შეეხება თუ ახალგაზრდა დვალს, ესეც საინტერესოა...
ვილი სანიოლმა მოედნის ცენტრში რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა. მათგან ზოგიერთი ნამდვილად არაა სათანადო ფორმაში. გუნდშია ლაშა პარუნაშვილიც - დანიის პირველი ლიგის კლუბ "ესბიერგის" საყრდენი...
ასეთი მნიშვნელობის შეხვედრებში ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ძირითადი მეკარის როტაციაა, მით უმეტეს, გუნდთან ერთად არაა გიორგი მაკარიძე, თუმცა სანიოლი იმდენად თამამად ენდობა დებიუტანტებს, გიორგი მამარდაშვილისთვის კარის დაცვაც არაა მთლად ფანტასტიკის სფეროდან...
რას ელიან ჩვენგან?!
რას უნდა ველოდოთ ჩვენ?!
საბერძნეთის ნაკრები საკმაოდ მძიმე გუნდია. ამასთანავე, იღბლიანი. თუნდაც ესპანეთთან დაპირისპირება რომ ავიღოთ, მათ გაცილებით ნაკლები ხიფათი შეუქმნეს მეტოქეს, ვიდრე საქართველოს ნაკრებმა, თუმცა ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ გრანდთან ქულა მოიპოვა.
რაც შეეხება ისეთ შეხვედრებს, სადაც ბერძნები ფავორიტები იყვნენ, თავი არც მანდ შეურცხვენიათ და ერთა ლიგის C ჯგუფში კოსოვოსა და მოლდოვას აჯობეს (მხოლოდ სლოვენიას ჩამორჩნენ).
საბერძნეთის ნაკრებს ნაკლებად ჰყავს ტანმაღალი მცველები, მაგრამ ისინი ძალიან გამოცდილები არიან, მაგალითად, კარგი საკლუბო კარიერის მქონე, ამჟამად "ლოკ ზაგრებში" მოთამაშე, 29 წლის კირიაკოს პაპადოპულოსი. ბერძნებს ჰყავთ ვეტერანი საყრდენი, "კოპენჰაგენის" 32 წლის მოთამაშე ხოსე ზეკა, რომელიც უხეშობით გამოირჩევა...
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დიდი ხანია არ გაუმარჯვია და ნავსი უნდა გავტეხოთ!