[PREVIEW] საბერძნეთი - საქართველო! შედეგის მოლოდინში

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ამაღლებული ემოციებისა და ამავდროულად, გულდასაწყვეტი მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე საბერძნეთთან სტუმრობა ელის. გასაგებია, რომ დატვირთული გრაფიკი ყველა გუნდზე მეტ-ნაკლებად თანაბრად მოქმედებს, მაგრამ ბერძნებმა ესპანეთში მოპოვებული საპატიო ფრის შემდეგ მხოლოდ ისპარინგეს, როცა ჩვენ იმავე "ფურია როხასთან" მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ...

როტაციის მნიშვნელობა...

ჩვენ თვალს ვადევნებთ შესარჩევი ეტაპის სხვა შეხვედრებსაც და იშვიათად ვხვდებით ნაკრებს, რომელიც თითქმის ყველა მატჩს ერთნაირი შემადგენლობით ატარებს. ვილი სანიოლმა როტაციის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ ბოლო თბილისური შეხვედრის შემდეგ განაცხადა...
განვიხილოთ, რა რესურსი
აქვს საქართველოს ნაკრებს?!

როცა ფრანგი მთავარი მწვრთნელი გადახალისებაზე საუბრობდა, პირველ რიგში, გიორგი ბერიძის ძირითად შემადგენლობაში თამაში წარმოვიდგინე. "უიპეშტის" შემტევი შვედურ შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთთან დაპირისპირებაზე, თუმცა მისი ძირითადში ხილვა მართლაც საინტერესო იქნება. ბერიძე ენერგიული და სწრაფია. მსგავსი უნარების მქონე გუნდში საბა ლობჟანიძეა, რომელმაც განვლილ ორ თამაშში მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ვნახოთ, ჩაანაცვლებს თუ არა სანიოლი მას?!

საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი დანაკლისი დაცვის ცენტრში აქვს. ამიტომაც გია გრიგალავას ძირითადში გამოჩენა ლოგიკურად მიმაჩნია. ტულის "არსენალის" მცველს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრიცაა. ასეთ შემთხვევაში გადახალისება ვეტერან კაშიას შეეხება თუ ახალგაზრდა დვალს, ესეც საინტერესოა...

ვილი სანიოლმა მოედნის ცენტრში რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა. მათგან ზოგიერთი ნამდვილად არაა სათანადო ფორმაში. გუნდშია ლაშა პარუნაშვილიც - დანიის პირველი ლიგის კლუბ "ესბიერგის" საყრდენი...

ასეთი მნიშვნელობის შეხვედრებში ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ძირითადი მეკარის როტაციაა, მით უმეტეს, გუნდთან ერთად არაა გიორგი მაკარიძე, თუმცა სანიოლი იმდენად თამამად ენდობა დებიუტანტებს, გიორგი მამარდაშვილისთვის კარის დაცვაც არაა მთლად ფანტასტიკის სფეროდან...

რას ელიან ჩვენგან?!

ვილი სანიოლის გუნდის ხელწერა აშკარად გამოიკვეთა. "მოწინააღმდეგე გუნდს წინ  სწრაფი მოთამაშეები ჰყავს" - განაცხადა მეტოქის თავკაცმა ჯონი ვან’ტ სხიპმა. რა თქმა უნდა, ბერძნები ყველანაირად ეცდებიან, ჩვენი ეს პლუსი ნაკლებად ეფექტური გახადონ. ასეთ დროს ფრანგ სპეციალისტს  შეტევათა განვითარების ალტერნატიული გზა უნდა გააჩნდეს.

რას უნდა ველოდოთ ჩვენ?!

საბერძნეთის ნაკრები საკმაოდ მძიმე გუნდია. ამასთანავე, იღბლიანი. თუნდაც ესპანეთთან დაპირისპირება რომ ავიღოთ, მათ გაცილებით ნაკლები ხიფათი შეუქმნეს მეტოქეს, ვიდრე საქართველოს ნაკრებმა, თუმცა ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ გრანდთან ქულა მოიპოვა.

რაც შეეხება ისეთ შეხვედრებს, სადაც ბერძნები ფავორიტები იყვნენ, თავი არც მანდ შეურცხვენიათ და ერთა ლიგის C ჯგუფში კოსოვოსა და მოლდოვას აჯობეს (მხოლოდ სლოვენიას ჩამორჩნენ).

საბერძნეთის ნაკრებს ნაკლებად ჰყავს ტანმაღალი მცველები, მაგრამ ისინი ძალიან გამოცდილები არიან, მაგალითად, კარგი საკლუბო კარიერის მქონე, ამჟამად "ლოკ ზაგრებში" მოთამაშე, 29 წლის კირიაკოს პაპადოპულოსი. ბერძნებს ჰყავთ ვეტერანი საყრდენი, "კოპენჰაგენის" 32 წლის მოთამაშე ხოსე ზეკა, რომელიც უხეშობით გამოირჩევა...

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დიდი ხანია არ გაუმარჯვია და ნავსი უნდა გავტეხოთ!

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ ისევ იღბალმა არ გვიმუხთლა, წესით თამაშით უნდა ვაჯობოთ. იმედია შედეგშიც აისახება. საბერძნეთთან ყველა დაპირისპირება მახსოვს 1999 წლიდან და პირველად მაქვს შეგრძნება რომ ფავორიტები ვართ (იმ ორი მატჩის ხასიათიდ გამომდინარე, როგორც ვითამაშეთ შვედეთთან და ესპანეთთან). ბერძნებს ძალიან ცუდი პერიოდი აქვთ, ძალიან სუსტი შემადგენლობა და ღმერთმა ქნას გამოვიყენოთ ოდნავ სტატისტიკა გამოვისწოროთ მაგათთან
კარგია მოლოდინი მაქვს
16:00 31-03-2021
2
ალბათ ბერიძეს უნდა მიეცეს სასტარტოში შანსი, თუმცა ლობჟანიძემ მეტნაკლებად კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ბერიძე პირველ თამაშში ძალიან მაგრად ჩაერთო, ვფიქრო შანსს იმსახურებს ბერიძე, ჩვენც გვაინტერესებს როგორ წარმოაჩენს თავს სასტარტოში, პირველ ტაიმში უნდა მოვიპოვოთ უპორატესობა.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული