"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ძალიან ძნელია, ვილი სანიოლის საქმიანობა შეაფასო, რადგან ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით სულ რაღაც 2 თამაში ჩაატარა, მაგრამ პირველი დადებითი, რაც შემიძლია აღვნიშნო, არის ის, რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდა, რაც ძალიან კარგია.

მეორე ძალიან დადებითი არის ის, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან იძახებს მწვრთნელი ფეხბურთელებს. გამოძახებები აქამდეც იყო, თუმცა მათ რეალურად შანსი არ ეძლეოდათ.

ჩაბრაძემ მიიღო მატჩებში მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ითამაშა. მისი მხრიდან ეს არის
ერთგვარი მესიჯი და სხვა ფეხბურთელებისთვისაც მოტივაცია, რომ ეროვნულ ლიგაში კარგი ასპარეზობა აუცილებლად დაუფასდებათ.

არის მოსაზრება, რომ ამ დონეზე ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელმა არ უნდა ითამაშოს, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ ეს მოსაზრება მცდარია.

კაშიაზე ხუმრობასავით მინდა ვთქვა... ის ღვინოსავითაა და რაც უფრო ასაკში შედის, უფრო კარგი ხდება. ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა ორივე შეხვედრა და დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ჩემპიონატში ბევრი კარგი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და შეიძლება ბევრ უცხოურ ჩემპიონატს არ ჰყავდეს ასეთი მოთამაშეები.

ძალიან ცუდია ის, რომ გულშემატკივარი არ დადის თამაშებზე, რაც ფეხბურთელებს ერთგვარად მოტივაციას და მონდომებას უკარგავს. გულშემატკივარი გვეუბნება, რომ მოიგეთ და მოვალთ მატჩებზეო და მინდა მათ ვუთხრა, რომ ჯერ მოვიდნენ და მერე მოვიგებთ.

როგორც იცით, სანიოლმა გადაწყვიტა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დაპირისპირებებზე იაროს და აი, ნახავთ, რამდენი ფეხბურთელი აღმოჩნდება ნაკრებში და რამდენი მათგანი წარმოაჩენს თავს ძალიან კარგად.

მე დავინახე მოედანზე ჩვენი ნაკრები, რომელმაც იცოდა, რას აკეთებდა. გუნდი იყო მწყობრი და იცოდნენ, სად უნდა განლაგებულიყვნენ და ტაქტიკურად როგორ ეთამაშათ.

ჩამოვიდა სანიოლი და თქვა, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ უნდა მოვიგოთ და სხვა გზა არ არისო, რადგან თავადაც ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყო.

შედეგი 0 ქულააო, ბევრი იძახის, მაგრამ შედეგი ის არ არის, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ყურადღებას აქცევს და ბევრ ფეხბურთელს შანსი ეძლევა?!

საბოლოო ჯამში, გაზრდილი ფეხბურთელთა რაოდენობა და კონკურენცია მართლა სადღაც შედეგს მოიტანს.

ბევრს უნდა, რომ დღესვე გავიდეთ მუნდიალზე და გავიმარჯვოთ ყველგან, მაგრამ ვერსად ვერ გავალთ და ვერაფერს ვერ მოვიგებთ, თუ ეს ეტაპი არ გავიარეთ, სადაც ახლა ვართ.

წინაზე გვყავდა მწვრთნელი, რომელმაც რაღაც დონეზე და გადამწყვეტ თამაშამდე გაგვიყვანა, მაგრამ ნახეთ, რა მოხდა... ჩვენს გუნდს გამოუცდელობა ჰქონდა.

მოწინააღმდეგეს ჰყავდა მოთამაშეები, რომლებსაც მაღალ ლიგებში უასპარეზიათ, ჩვენთან კი ძალიან გამოუცდელი ფეხბურთელები იყვნენ ამ დონისთვის.

პლუს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის გულშემატკივარი ძალიან დიდი ძალაა. დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ გამოვალთ და ესპანეთს მოვუგებთ, ძალიან ცდება.

ვფიქრობ, რომ მან ორივე თამაში კარგად ჩაატარა. მას შეუძლია პირველი ბურთი მიიღოს და მოგცეს შანსი, რომ გუნდი ამოვიდეს.

ბურთის მიღება-ჩამოღება და გატანა ძალიან რთულია და ამას უმაღლესი კლასი სჭირდება. აგერ, მოწინააღმდეგეს ასეთი ზლატანი ჰყავდა და ნახეთ კიდეც, შედეგი რა დადგა.

ბუდუს ამდენი ხანი ველოდით და ვფიქრობ, არ არის ეს მაქსიმუმი. გამოხვიდე და პირდაპირ ესპანეთთან უმაღლეს დონეზე ითამაშო, ძალიან რთულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის მოუმატებს და უფრო კარგ შეხვედრებს ჩაატარებს.

რაც შეეხება დღევანდელ საბერძნეთთან მატჩს... მგონია, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ქვილითაია გვეყოლება. საბერძნეთს ერთგვარი უპირატესობა აქვს, რადგან მან უფრო მეტი დაისვენა.

კი, საბერძნეთმა ესპანეთში ფრე ითამაშა, მაგრამ გადახედეთ სტატისტიკას და პენალტიც საკამათო ეპიზოდში დაინიშნა.

არაფერი არ ჰქონიათ საერთოდ, კარში დარტყმები, კუთხურები და ა.შ... ჩვენ კიდევ კარშიც დავარტყით, შევუტიეთ და კუთხურებიც ჩამოვაწოდეთ.

მთავარია, ამ მატჩს ფიზიკურად მზად როგორ შევხვდებით. ფსიქოლოგიურად შესაძლოა, ცუდ მდგომარეობაში ვიყოთ, რადგან ორი დასანანი თამაში წავაგეთ, მაგრამ აქვე გუნდში იმასაც იფიქრებენ, რომ ტოპ-კლასის გუნდებს კარგად ეთამაშნენ.

ვფიქრობ, რომ დღეს მინდორზე ორი თანაბარი ნაკრები გავა და ფიზიკურად თუ მზად ვიყავით, გამარჯვება თავისუფლად შეგვიძლია", - თქვა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენიშვნა იმან უნდა მისცეს ვისაც გაუკეტებია რამე!და შენ რა გაგიკეტებია.
შენ მაგარი შედეგი გკონდა:)))შენი უეფაზე გამოვარდნაც
20:13 31-03-2021
44
კაშიას მარჯვენა მცველად რომ აყენებ და ნაკრებში ცენტრალურად რომ გვჭირდება და შენ ფეხებზე გკიდია ამაზე რას იტყვი ან მომკითხავიც რომ არავინ გყავს ეგ არის ცუდი.
ცდრ
01:37 01-04-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული