წარმატების მოლოდინში! ის, რაც ნაკრების თამაშს უკეთესსა და უარესს ხდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ასევე, პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლის მიერ გაჟღერებული სიტყვების შემდეგ, სალონიკში გამართულ დაპირისპირებაში გადახალისებულ შემადგენლობას ველოდით, თუმცა ასე არ მოხდა. არ ვიცით, ფრანგი სპეციალისტის მხრიდან ეს მეტოქის თავგზის ასაბნევი გზავნილი იყო თუ მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალა, რომ გუნდმა ძალები სრულად აღიდგინა, თანაც როტაცია დადებით შედეგში ხელს შეგვიშლიდა...

ვეცნობი შეხვედრის შემდეგ გამოხმაურებებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები - გულშემატკივრებს უნდა დაანახო, რომ ყველაფერს აკეთებ ხარისხიანი ფეხბურთის საჩვენებლად და მაშინ შედეგი გადამწყვეტი არ იქნება!

ერთხელაც აღვფრთოვანდით ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის
თამაშით. საგულისხმო იყო ისიც, რომ ისედაც ზეაქტიური კვარაცხელია დასანანად გაშვებულმა გოლმა ცოტათი გააბრაზა, მეტი იმპულსი შესძინა და წონასწორობაც მალევე აღადგინა! კიტეიშვილი ნამდვილი "საქმის მკეთებელია", ყველაფერს მსუბუქად, თავდაჯერებულად და მაღალი ხარისხით ასრულებს, თუმცა დასანანი ტრავმის შემდეგ მოედანზე 90 წუთის გატარებას ვერ ახერხებს..

გურამ გიორბელიძე

შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რაც ვილი სანიოლმა უკვე გააკეთა, გურამ გიორბელიძის მიმართ გამოჩენილი ნდობაა. წინა შეხვედრების შემდეგ აღვნიშნეთ, რომ "ვოლფსბერგერის" მცველი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო თამამი ხდებოდა, სალონიკურ დაპირისპირებაში კი უკვე საუკეთესო შედეგი მივიღეთ.

Sportall.Ge

გურამ გიორბელიძეს შეტევაში ჩართვა კარგად რომ გამოსდის, ამაში ყველანი დარწმუნებულნი ვიყავით, მაგრამ სასტარტო მღელვარება რისკს მაინც მინიმუმამდე აყვანინებდა, საბერძნეთთან შეხვედრაში კი იგრძნო, რომ მეტი შეუძლია! გუშინდელ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა განაპირა მცველი ხვიჩასთან იდეალურ დუეტს ქმნის. მეტოქის მწვრთნელი კვარაცხელიას დაჭერას, როგორც მინიმუმ, ორ მცველს ავალებს, გიორბელიძე კი შექმნილი სივრცით სარგებლობს და მოკლე-მოკლე პასებით შეტევას ამწვავებს...

რაც კარგი არაა...

ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებული ფინალის შემდეგ აღარ უნდა ვიყოთ ის გუნდი, რომელსაც ლიდერის გარეშე თამაში არ შეუძლია. სამწუხაროდ, დღეს ნაკრების გოლების უმეტესობა ინდივიდუალიზმს მოჰყვება...

მოსაწონი იყო ბუდუ ზივზივაძის აქტიურობა, ის მეტოქის მცველებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა და გუნდს ყველა ფაზაში შეძლებისდაგვარად  ეხმარებოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას კარგ გარჯაზე გადაჭარბებით ვართ დამოკიდებულნი. რა თქმა უნდა, სანიოლიც ამაზე ბევრს, ბევრს იფიქრებს...

თითოეული შეცდომის ფასი

ერთიანობაში რომ განვიხილოთ, საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი მთელ რიგ ეპიზოდებში დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, თუმცა ერთი საბედისწერო შეცდომა, როგორც წესი, სავალალოა. ასე იყო სალონიკში გამართულ შეხვედრაშიც... უნდა გამოვყოთ ლაშა დვალის დამაჯერებელი თამაში. ეს ის იყო, რასაც მისგან ველით...

უფრო დამაჯერებლად...

შვედური მატჩის შემდეგ ხაზი გიორგი აბურჯანიას სუსტ თამაშს იმ კომპონენტებში გავუსვით, სადაც გამორჩეული იყო. თუკი მაინცდამაინც საწყის ოც წუთს არ ჩავთვლით, სალონიკში იმ სტილის ნახევარმცველს ვხედავდით, როგორიც გუნდს სჭირდებოდა. ამ სათამაშო ზონაში თაობათა ცვლაც არაა შორს. დიდია შანსი, ივნისის მატჩებისთვის ვილი სანიოლმა ახალი ფეხბურთელებიც გამოსცადოს...

შესარჩევი ეტაპი შემოდგომაზე განახლდება და საქართველოს ნაკრებიც უფრო დამაჯერებელი და საკუთარ თავში ბოლომდე დარმუნებული უნდა დაგვიბრუნდეს, რაც შედეგშიც აისახება...

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთლიანობაში ბიჭები ქებას იმსახურებენ, მაგრამ დამაფიქრებელია ის გარემოება რომ ხვიჩას გარდა სხვა გოლის გამტანი არ ჩანს და შეტევის ბოლო ფაზაში ძალიან სუსტად გამოიყურებიან.მომენტებს ქმნიან, მაგრამ გოლი არ გადის. ჩემი აზრით ცენტრალური თავდამცხმელის პრობლემაც გამოიკვეთა.
ზაზა
15:03 01-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული