რუმინული გამოცემა gsp.ro აქვეყნებს სტატიას სათაურით "3 რამ, რაც რუმინეთი-საქართველოს მატჩის შესახებ ტელევიზორში ვერ მოხვდა" და წერს, რომ ამხანაგური მატჩი ჩაშლის პირას იყო.
ავტორი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შორის მენტალურ სხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას და პირველად მაგალითად შესვენებისას სათადარიგო ფეხბურთელების მოქმედება მოჰყავს.
"პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებისას, რუმინეთის სარეზერვო რაზმი მეორე ნახევრისთვის ემზადებოდა, თუმცა ძალიან დიდი სხვაობა იყო მათ მხარეს და იმ ადგილს შორის, სადაც ქართველები ვარჯიშობდნენ.
სტუმრები დიდი ჟინით მოქმედებდნენ, მთელი ძალით ვარჯიშობდნენ, ტაქტიკურ სვლებსაც ამუშავებდნენ, კარგად მომზადებულ მინი-სესიებს ატარებდნენ.
რუმინელები კი მცირე ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი, უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ, მსუბუქად პასაობდნენ და თამაშის სურვილი და ორგანიზების ნიშანწყალი არ ეტყობოდათ."
ასევე, წყაროს ცნობით, შეხვედრა ლამის ჩაშლის პირას იყო, რადგან საქართველოს ნაკრები ქალაქის დატოვებასა და მინდორზე გასვლაზე უარის თქმას აპირებდა. ამის შესახებ პლოიეშტის სტადიონის უეფას სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვალერიუ რაკიტა საუბრობს:
"საქართველოს ნაკრების ოფიციალური ვარჯიშის დროს პრობლემები გვქონდა, რომლებიც იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ პლოიეშტში 3 დღის განმავლობაში წვიმდა და ბალახის გაკრეჭა ვერ მოვახერხეთ.
მინდორს ვერც კი შევეხეთ, მათ კი ისეთი რეაქცია ჰქონდათ, პლოიეშტში ჩამოსულ დიდ გუნდებსაც რომ არ გამოუმჟღავნებიათ.
ფედერაციას ელფოსტით წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომასა და ქვეყნიდან გაფრენას აპირებდნენ. მე კი მათ ავუხსენი, რომ ის დროებითი პრობლემა იყო და მატჩისთვის მინდორი ოპტიმალურ პარამეტრებში იქნებოდა. ეს ყველაფერი მენტალიტეტიდან გამომდინარეობს", - თქვა რაკიტამ.