საქართველოს ნაკრები - კონკურენცია და პრობლემური პოზიციები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის თამაშები მოახლოვდა. ამის პირველი ნიშანი ყოველთვის შემადგენლობის გამოცხადებაა და თემაზე მსჯელობა სწორედ აქედან იწყება.

სიაში გარკვეული მოულოდნელობები ყოველთვის იქნება, თუმცა არსობრივად მსგავსი მდგომარეობაა - არსებობს პოზიციები, სადაც მეტი კონკურენციაა, ზოგან კი, მთავარი მწვრთნელის მცდელობის მიუხედავად, ეს საკითხი ასე იოლად ვერ გადაიჭრება.

საკადრო დეფიციტი დაცვაში

უახლოეს წარსულში გვახსენდება მონაკვეთები, როცა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რგოლად დაცვის ცენტრი მიიჩნეოდა. ევროპის ჩენპიონატისკენ მიმავალ გზაზე კაშია-კვირკველიას დუეტი მშვენივრად გამოიყურებოდა. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

თუკი სანიოლის განვლილ მატჩებს დავაკვირდებით, ის კაშია-დვალის დუეტს
ენდობოდა. ნიდერლანდების წინააღმდეგ სათამაშო სქემის შეცვლამ კი ჩვენს გუნდზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედა.

ახლა ფრანგ სპეციალისტს გარკვეული სიახლეები დასჭირდება. თანაც, ის კონკურენციის გაზრდაზეა ორიენტირებული, რაც გამოძახებული შემადგენლობითაც გამოიკვეთა.

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავა "კოპენჰაგენში" მშვენივრად გამოიყურება. თითქოს, მისი და გურამ კაშიას  ერთად თამაში გამოკვეთილია.

კონკურენციის ზრდა, სამი ჩასატარებელი თამაში და ნაკრებში ბოლო დროს მოთამაშე მცველების (კვირკველია, დვალი, ტაბიძე, გრიგალავა) სხვადასხვა მიზეზით არყოფა - ის მიზეზებია, რის გამოც ნაკრებში ლუკა ლოჩოშვილსა და საბა ხვადაგიანს ვხედავთ.

ასეთი საკადრო ვითარება დაცვის ფლანგებზე ნაკრებში მაშინ იდგა, როცა სანიოლი "ჯვაროსნებში" დაინიშნა. მაშინ ფრანგი დებიუტანტებს ენდო და მათაც ეს ნდობა გაამართლეს.

ოთარ კაკაბაძესა და გურამ გიორბელიძეს (რომელმაც კლუბი ახლახან შეიცვალა),  სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვთ. ეროვნული ლიგის  ფეხბურთელებზე სანიოლი უარს რომ არ ამბობს, ეს მას დადებითად ახასიათებს და  დაცვის ფლანგებზე ამან გუნდი საკმაოდ გააძლიერა.

ისევ ფორვარდის საკითხი

საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციაზე მწირი არჩევანი მხოლოდ სანიოლის დროს წარმოჩენილი პრობლემა არაა. წინა მწვრთნელების მხრიდანაც, ძირითადად, ეს გვესმოდა. გვახსოვს პერიოდები (ქეცბაიას თავკაცობისას), როცა ნაკრებში წინა ხაზის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული.

ამ საკითხის გადაჭრას ყველა თავისებურად ცდილობდა. ვლადიმირ ვაისმა შანსი ახალ მოთამაშეებს (მაგალითად, ირაკლი სიხარულიძე) მისცა, მაგრამ ძირითადად, ნაცნობ კადრებს ეყრდნობოდა და სიახლეებსაც ერიდებოდა.

სანიოლმა შეტევაში სხვადასხვა ფეხბურთელი გამოსცადა. ამას გიორგი მიქაუტაძის გამოძახება დაემატა და თითქოს ხსენებული პრობლემაც დავიწყებას მიეცა.

"მეცის" ფორვარდი ახლა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის და სატრანსფერო საკითხიც გადაწყვეტილი არაა, ეს კი, მინიმუმ, სასარგებლო დეტალი არ გახლავთ. როგორც ჩანს, ფრანგი მთავარი მწვრთნელი რესურსის ბოლომდე გაცნობა-გამოყენებას ცდილობს, მით უმეტეს, წინ ამხანაგური მატჩი გვაქვს და "სამგურალის" ფორვარდ სერგო კუხიანიძის შემდეგ შანსს ბათუმის "დინამოელ" გიორგი ფანცულაიასაც აძლევს.

"ჯვაროსნების" ყველაზე გამოცდილი შემტევი გიორგი ქვილითაიაა. სადებიუტო შეხვედრებში სანიოლის გუნდი იერიშების განვითარებას მას შემდეგ ცდილობდა, რაც მაღალ ბურთს გიორგი ქვილითაია მოიპოვებდა (შვედეთთან მატჩი გავიხსენოთ). ამჟამად "აპოელის" ფორვარდმა ბევრი იბრძოლა, რაღაც გამოუვიდა, რაღაც არა. ფაქტია, ჩვენი წინა ხაზის მოთამაშეებს უჭირთ ისეთი გოლის გატანა, როგორიც თუნდაც მიქაუტაძემ რუმინეთში - კარგი პასი მიიღო, ბევრი არ უფიქრია, კარისკენ გაიხედა და გაიტანა.

ეს ის პოზიციაა, სადაც კონკურენციის ჩამოყალიბება ჭირს და უფრო პრობლემურ ადგილად რჩება...

წარსული გამოცდილება და დღევანდელობა

მხოლოდ წარსულში ნაჩვენები შედეგებითა და ფორმით ფეხბურთელებს ნაკრებში რომ არ იწვევენ, ესეც გარკვეული პრინციპია, თუმცა ყოველთვის მისი გათვალისწინება მაინც რთულია. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის შემდეგ სათანადოდ არ დაბრუნებულა და მას სიაში ვერ ვხედავთ. გარკვეული სირთულეების შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი ისევ გუნდთან ერთადაა. ნაკრებში თავის შანსს ისევ იღებს ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გაიტანა. სანიოლი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებით ნახევარდაცვაში კონკურენციის გაზრდას ცდილობს. ამ გუნდის ევროტურნირზე გამოსვლამ მას ამის საფუძველიც მისცა.

ხვიჩა, ჩაკვე და კარგი განწყობა

ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ, გიორგი ჩაკვეტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას ერთდროულად თამაში იხილონ. გარკვეული პრობლემების გამო ეს აქამდე ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, გუნდურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ასეთი ლიდერების გარეშე წარმატება მაინც რთული იქნება.

ტრავმის შემდეგ ახლახან დაწყებული სეზონი, სატრანსფერო ამბები - "ჯვაროსნების" იდეალური დრო ნამდვილად არ არის, თუმცა ეს მოთამაშეები მაღალ დონეს აჩვენებენ (მხოლოდ პრემიერლიგაში ხვიჩას მიერ გატანილი გოლი რად ღირს). კოსოვოსთან საშინაო შეხვედრაში ბევრი რამის დამტკიცება მოგვიწევს - უნდა შევძლოთ დომინანტური, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჯგუფში სხვა მეტოქეები, მით უმეტეს უახლოესი -  ესპანეთი, ამის საშუალებას რამდენად მოგვცემს, რთული სათქმელია. ასე რომ, ხვიჩასა და გიორგიზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

Sportall.Ge

ამბობენ, სანაკრებო მატჩებზე კარგ ხასიათზე ჩასვლა ბევრს ნიშნავსო და საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატში ისეთ ფორმაშია, მისი შეტევითი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას  ახლა "ჯვაროსნებშიც" ველით. ის განვლილ შეხვედრებში ძალიან კარგად ასრულებდა მწვრთნელის დავალებებს, ეხმარებოდა მცველებს, გააკეთა საგოლე გადაცემაც, მაგრამ ნიდერლანდებთან მატჩის დასაწყისში რომ გაეტანა, მატჩს სხვა სცენარი ექნებოდა...

ოთარ კიტეიშვილი - ისევე, როგორც უკანასკნელ პერიოდში, სანაკრებო პაუზას ისევ მშვენიერ ფორმაში ხვდება და მისი გააზრებული, მშვიდი და შემოქმედებითი ფეხბურთის იმედიც გვაქვს.

როცა კონკურენციასა და პოზიტიურ განწყობაზე ვსაუბრობთ, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენოთ...

ვილი სანიოლის ბალანსის დაცვა შედეგს, კარგ თამაშს, სითამამესა და როტაციას შორის მოუწევს და ეს იოლი არ იქნება. მით უმეტეს, როცა კოსოვოსთან ბათუმურ მატჩში გულშემატკივრები უპირატესობის მოპოვებასა და აუცილებელ გამარჯვებას ელიან...

altვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა









მკითხველის კომენტარები / 15 /
ვაკო გვილია სადაა, რატომ არ გამოიძახეს? ესე შორს ვერ წავალთ. თავდასხმაში როცა პრობლემაა, კაჭარავა, მჭედლიძეს რატომ არ ვეძახით? ეს ზილზილვაძე რომ არ მოგვწონს, გასაგებია
თედო
09:53 25-08-2021
20
მამუჩაშვილის მკსინჯვა შეიძლებოდა ძირითადში-აბუზე ნაკლებად არ ითამაშებს,თან მრავალმხრივი მოთამაშეა,შეუძლია იყოს ჩამშლელი,შემქმნელი,ფლანგის შემტევი და მარჯვენა მცველიც
Levani
20:34 24-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული