მთავარი პოზიტივი, საკადრო საკითხები და თავდაჯერებული სანიოლი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა საფეხბურთო წელი კარგი განწყობით დაასრულა - ჩვენთვის ზედიზედ 3 გამარჯვება მარტივად მისაღწევი არასდროს ყოფილა. სამწუხარო ისაა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შედეგები მხოლოდ მომავლის რწმენას გვაძლევს. ცოტა ადრე გამოფხიზლების შემთხვევაში იმას მაინც მოვახერხებდით, სატურნირო ცხრილში ბევრი არაფრით გამორჩეული საბერძნეთის ნაკრებისთვისაც გვეჯობნა.

სტაბილურობის მნიშვნელობა

იმ ფონზე, რაც სექტემბრის შეხვედრებში ვნახეთ, რთულად დასაჯერებელია, რომ ამხანაგურ მატჩში ვილი სანიოლმა მოგებული შემადგენლობის დიდი ნაწილი არ დაასვენა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეკრების წინ ფეხბურთელების ფორმას მნიშვნელობა ექნება, თუმცა მაინც გამოიკვეთა ბირთვი, რომელზე დაყრდნობასაც ფრანგი
სპეციალისტი აპირებს. ბუნებრივია, ახალი ფეხბურთელების გამოცდაც მუდმივად ვერ მოხდება.

Sportall.Ge

მთავარი პოზიტივი

ზოგჯერ მართლაც ვერიდებით, ჩვენი მოთამაშეები "ცაში ავიყვანოთ", რადგან ამის უარყოფითი მაგალითები გვახსოვს. დავით ვოლკოვის მიმართ გულშემატკივრებისა და მთავარი მწვრთნელის მხრიდან დამოკიდებულების შემდეგ მის წარმატებულ თამაშსა და ნდობის გამართლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "ზირას" შემტევი თავიდანვე მონდომებული იყო და როცა ზურიკო დავითაშვილის კარგი პასი მიიღო, გოლად აქცია.

ქართველი ფორვარდების სტაბილური შედეგიანობა ძალიან გვჭირდება. ისე ჩანს, გიორგი ქვილითაიას, ნიკა კაჭარავას, ბუდუ ზივზივაძეს თუ სხვებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება დასჭირდებათ, რათა სანაკრებო შანსი დაიმსახურონ - სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ გუნდში ბალანსს იცავს და ზედმეტად ბევრ შემტევს ვერ მიიწვევს.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს - "სერენის" ფეხბურთელმა სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს და "ჯვაროსნებსაც" უფრო მეტად უნდა შეერწყას. ისე დაემთხვა, რაც სანიოლმა ახალ და წარმატებულ ტაქტიკურ სქემას მიაგნო, მას შემდეგ "ჟორჟს" ეროვნულ გუნდში აღარ უთამაშია.

რა გვაკლია?

როგორი კმაყოფილებიც უნდა ვიყოთ ბოლოდროინდელი შედეგებით, გარკვეულ ასპექტებზე დროული რეაგირება გვჭირდება, რათა მომავალში უფრო დიდ და სტაბილურ მიზნებს შევეჭიდოთ.

Sportall.Ge

უზბეკეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში, "ჯვაროსნებს" მეტოქის პრესინგისთვის თავის დაღწევა ისევ უჭირდა. გარდა ამისა, რგოლებს შორის კავშირი და შეტევების დაცვიდან ორგანიზებაზე უფრო სერიოზული მუშაობაა საჭირო. იყო ეპიზოდები, როცა შვედეთთან დაპირისპირებაში დაღლილი ჩვენი ნახევარდაცვა მეტოქის მოძრაობას ვერ უმკლავდებოდა, შემდეგ კი გურამ კაშიას მაღალი სათამაშო კლასი თავის სიტყვას ამბობდა. ნაკრების კაპიტანმა ამოსუნთქვის საშუალება არც "რომას" შემტევ შომურადოვს მისცა.

საკადრო რესურსი

ვსაუბრობთ სანიოლის გამოკვეთილ საკადრო პოლიტიკაზე, თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებს ძალიან უნდა გამოადგეთ.

გიორგი მაკარიძემ მეკარეებში კონკურენცია უნდა გააძლიეროს (თანაც, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" კარის დაცვის საშუალება აღარ ეძლევა). ოთარ კაკაბაძის თამაშში მაინც იგრძნობა, რომ ის ამპლუით ფლანგელია. მართალია, 3 მცველით ასპარეზობისას შეთამაშებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ნაკრებს კარგ ფორმაში მყოფი საბა კვირკველია ნამდვილად გამოადგება.

სანიოლი გვილია-კვეკვესკირის თამაშით კმაყოფილია, თუმცა აზიელებთან დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომ მათ მოკლე ინტერვალში ორი თამაშის სტაბილურად გამართვა უჭირთ. მით უმეტეს, "ერთა ლიგა" ინტენსიური გრაფიკით იმართება. ამასობაში, გიორგი ჩაკვეტაძეც ჩვეულ ფორმაში უნდა შევიდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ოთარ კიტეიშვილი გვაკლდა.

დისციპლინა

საქართველოს ნაკრები მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ზედმეტი გაფრთხილებები და დისკვალიფიკაციები თავიდან აირიდოს. ჩვენი რესურსი განუსაზღვრელი არაა, რასაც ზოგჯერ ტრავმებიც ემატება და ასეთ დროს ნებისმიერი მოთამაშის ჭარბი ყვითელი ბარათის გამო დანაკლისი შესაძლოა, გუნდზე ცუდად აისახოს. თუკი ჩვენს მატჩებს გადავხედავთ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.

ირაკლი აზაროვის მიმართ (რომელიც ცოტა გადაღლილი ჩანდა და შვედეთთან ბევრად უკეთ გამოიყურებოდა) სკაუტების დიდი ინტერესია და მისი ტრანსფერის მოლოდინში ვართ. გასაგებია ემოციები, ჟინი და მისი ასაკი, თუმცა მეტი თავშეკავება მართებდა. ამ თემაზე მოთამაშესთან ვილი სანიოლსაც უნდა ესაუბრა. ბათუმის "დინამოს" ფლანგელმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს და ეს შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროსაც მოხდეს...

ხვიჩას ფაქტორი

უზბეკეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ საინტერესო ის იყო, კარგ ხასიათსა და ბოლო მატჩებში ადაპტირებული ტაქტიკით ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე როგორ ვითამაშებდით. გასაგებია, მეტოქე უფრო სუსტი იყო და გატანაც მოვახერხეთ, თუმცა ხვიჩას როლი საქართველოს ნაკრებში განუზომლად დიდია.

Sportall.Ge

კარგია, როცა გყავს ლიდერი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, გამარჯვება მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან არ ასოცირდებოდეს. კვარაცხელიას ყოველთვის ყველაფერი არ გამოუვა - უზბეკეთთანაც შემოსვლიდან დაახლოებით 10 წუთი პასიური იყო, ბურთი ორჯერ მიიღო, თუმცა თამაში ვერ გაამწვავა. მის მიმართ დიდი ყურადღებაა და ზოგჯერ ამ ფაქტორის გამოყენება სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ. სხვათა შორის, ამ ფაქტორს "რუბინში" მთლად წარმატებით ვერ იყენებენ.

სანიოლის წელი

უკანასკნელი შედეგები ნამდვილად ვილი სანიოლის სამწვრთნელო უნარებს უკავშირდება - შემადგენლობისა და ტაქტიკის შერჩევა, მოთამაშეების შესაძლებლობებში ბოლომდე გარკვევა. ბევრი დრო დასჭირდა თუ ცოტა, ვილიმ ამას წარმატებით მიაღწია და ახლა მთავარი მისი გაგრძელებაა.

უნდა ვაღიაროთ, მარტის თამაშებში კმაყოფილება მეტწილად კვარაცხელიას კარგი ფორმისა და მწვრთნელის პირველი ეფექტის დამსახურება იყო. ამას სექტემბერში ძიება და ჩავარდნა მოჰყვა, წელი კი იმედისმომცემად დასრულდა. სანიოლიც უფრო გაიხსნა, კარგ ხასიათზეა, თავდაჯერება მოემატა და მოთამაშეებზეც უფრო გულწრფელად საუბრობს.

მთავარია, სულ წარსულსა და მომავლის გეგმებზე არ ვსაუბრობდეთ - მომდევნო წელსა და "ერთა ლიგაზე" თითოეული პოზიტივი შედეგებში აისახოს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კანკავა ჩამოვწერეთ?!
კირკიტა
08:44 17-11-2021
0
კარგი სტატიაა!გმადლობ ღვთისავარ და ერთს გთხოვ:აქვე გუჯა კახაძის გამოხმაურებაა.ეს კაცი ისეთი სპეციალისტია,რომლის სიტყვასაც ნორმალურ ქვეყანაში კარგად მოისმენდნენ და გაითვალისწინებდნენ.ჩემი მეთოდით კახი კალაძეს და დავით მუჯირს ვავარჯიშებდი და შედეგით ძალიან კმაყოფილნი იყვნენო...რუსთავის ყოჩებსაც დაეხმარა.არ ჩანს ეს კაცი აფერისტი,მისი ვიდეოებიც მაქვს ნანახი.იქნებ შეხვდე,აიღო ინტერვიუ.ვიღაცამ თუ არ უბიძგა,ჩვენთან არავინ დაიძვრება,ეს ხომ კარგად იცი.ლაპარაკშიც გამოჩნდება რა სურს,რა შეუძლია.უჭკუო ბიჭი არ ხარ და იქნებ ქართულ სპორტს სასარგებლო საქმე გაუკეთო,ჩვენ ხომ მუდამ სწორად სირბილის და ამით გამოწვეული ტრავმების პრობლემა გვაქვს.დაელაპარაკე,რას ჰკარგავ.შედეგი კი,შესაძლოა შესანიშნავი გვქონდეს.
სოსო
17:23 16-11-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული